გიგი წერეთელი ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ხელმძღვანელობდა

24 თებერვალი 2020
გიგი წერეთელი ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ხელმძღვანელობდა

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ჩატარდა, რომლის სხდომებსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა ეუთოს წევრი 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

განსახილველ თემებს შორის იყო ეუთოს რეგიონში არსებული კონფლიქტები, აგრეთვე ტერორიზმის, რადიკალური ექსტრემიზმისა და ანტისემიტიზმის საკითხები, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება, განვლილი პერიოდის საკომიტეტო მუშაობისა და საარჩევნო მონიტორინგის მისიების ანალიზი. 

თავის ძირითად გამოსვლაში გიგი წერეთელი შეეხო იმ გამოწვევებს რომლებიც არსებობს ეუთო-ს არეალში და რაც საფრთხეს უქმნის და აზარალებს მილიონობით ადამიანს. „შეიარაღებული დაპირისპირებები, საპროტესტო აქციები და პოლიტიკური არასტაბილურობა ამ დროის მახასიათებლები გახდა. ამ ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების გამოწვევებზე ჩვენი მოქალაქეების მოლოდინი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ დაპირებები და საარჩევნო კამპანიის ლოზუნგები. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მათ კონკრეტული შედეგებით მათ შორის, პირველ რიგში, ეუთო-ს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებით".

გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი სასაზღვრო მავთულხლართები, ადამიანების გატაცება და უკანონო დაკავებები წარმოადგენს ეუთო-ს პრინციპებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ თუნდაც არსებული შეთანხმებებისა და მკაფიო სამოქმედო გეგმების პირობებშიც, პროცესი გეოპოლიტიკური ამბიციების მძევალია და არც მოგვარების პოლიტიკური ნება არსებობს. ამიტომაც გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მტკიცე და ურყევი პოზიცია, რომ ყველას ესმოდეს, პირველ რიგში რუსეთს- ჩვენს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ პრინციპებზე კომპრომისი ვერ მოხდება".