საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა

30 იანვარი 2020
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები და ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტები.

„საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წარვუდგინეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემის საკითხებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში. ასევე, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან და ამ კუთხით ჩვენ გამოკვეთილი პრიორიტეტები გვაქვს. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული გარემოს დაცვის საკითხებზე, რომელიც პრეზიდენტის ინტერესთა სფეროში შემავალი ერთ-ერთი საკითხია და ვიმსჯელეთ იმაზე, რომ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ კუთხით. გვინდა დავგეგმოთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, მათ შორის, შეიძლება ასეთი ღონისძიებები თბილისშიც გაიმართოს“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის მაისში თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით შეხვედრაზე ზოგადი საუბარი შედგა.

„პარლამენტი არ არის პასუხისმგებელი მოლაპარაკებების თაობაზე. ეს საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შორის განიხილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ ზოგადად შევეხეთ ამ საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ ეს მინისტერიალი გაიმართება ისე, როგორც უნდა გაიმართოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტზე განხილულ ანგარიშთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინა.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები დღეს, პლენარულ სხდომაზე გაზიარებული იქნება. რაც შეეხება ანგარიშს, ის ეხება ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც არის ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემას და ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. სწორედ, ამას შეეხება ჩვენი მეგობრების წინადადებაც, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შეძლებისდაგვარად მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იქნება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დადებითად არის შეფასებული რეფორმის მეოთხე ტალღა. რაც შეეხება უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების არჩევას, აქ არის მოწოდება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ისინი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დელეგაციის მიერ წარდგენილია როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი ხასიათის შესწორებები.

„ჩვენი წინადადებები ძირითადად წარდგენილია ორ თემაზე, ეს არის: საარჩევნო სისტემის საკითხი და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების საკითხი“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში.