საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმყოფება

29 იანვარი 2020
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმყოფება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

დღეს, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ცნობის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

„დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სესიის დაწყების წინ გააკეთა.

კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა. სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც“, - განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შედიან.