ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის განცხადება და რეკომენდაციები

17 თებერვალი 2017


ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი
მეოთხე სხდომა
სტრასბურგი, 15-16 თებერვალი, 2017

განცხადება და რეკომენდაციები

ასოცირების ხელშეკრულების 411 (3) მუხლის შესაბამისად

2017 წლის 15-16 თებერვალს, სტრასბურგში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის მხრიდან, საჯად კარიმის თანათავმჯდომარეობით. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მხრიდან კომიტეტმა მოისმინა ბატონ ლუკ დევინისა და ბატონ მეთიუ ბუსკეს მოხსენება, ხოლო საქართველოს მთავრობის სახელით კომიტეტის წინაშე წარსდგა ბატონი ვიქტორ დოლიძე. განიხილა რა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შეთანხმდა შემდეგ განცხადებასა და რეკომენდაციებზე:

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი:

  1. კმაყოფილებას გამოთქვამს 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების უდიდესი უმრავლესობით მიღების გამო, რამაც ბუნებრივ დასასრულამდე მიიყვანა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოსვე დამსახურების საფუძველზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა;
  2. აღნიშნავს, რომ ეს პოზიტიური შედეგი არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ოთხი მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული რეფორმებისა და პროგრესის შედეგი და იწონებს ამ მიმართულებით გაწეულ შთამბეჭდავ ძალისხმევას;
  3.  მოელის, რომ საბჭო მალე საბოლოოდ დაამტკიცებს შეჩერების მექანიზმს, რომელიც 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული დეკემბრის ტრიალოგის პირობების შესაბამისად; შესაბამისად იმედოვნებს, რომ უვიზო მიმოსვლა რეალურად ამოქმედდება მარტის თვის განმავლობაში, რაც იქნება დასტური იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს პირობას;
  4. იმედოვნებს, რომ ეს სიახლე ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კავშირების განვითარებას, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, ევროკავშირისა და საქართველოს შორის გააძლიერებს ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ კავშირებს და თვალნათლივ აჩვენებს, რომ ევროკავშირთან ახლო ურთიერთობას ნამდვილად მოაქვს ყველასთვის ხელშესახები შედეგები;
  5. კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტში ამ საკითხის ირგვლივ ყოველთვის არსებობდა საერთო ორპარტიული მხარდაჭერა; კომიტეტი აფასებს ამ საერთო სულისკვეთებას, რასაც მოწმობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციისადმი როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიციის მხარდაჭერა. ამისვე დასტურია საქართველოს პარლამენტის მიერ 29 დეკემბერს ორპარტიული მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ, რომელიც ადასტურებს ქართველი ხალხის ძლიერ ევროპულ მისწრაფებებს;
  6. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშზე დაყრდმობით აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნები გაიმართა კონკურენტუნარიან და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო ძირითადად დაცული;
  7. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩევნო სტანდარტების თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს მიღმა; ამასთან აღნიშნავს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ მიმართულებით შემდგომი ძალისხმევა გააუმჯობესებს ნდობას საარჩევნო პროცესისადმი და იმედოვნებს, რომ ევროკავშირი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს ხელისუფლებას შესაბამის დახმარებას გაუწევს აღნიშნული საკითხების გასაუმჯობესებლად; იმედოვნებს, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლენილი ძალადობის აქტები იქნება სათანადოდ გამოძიებული;
  8. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მედია პლურალიზმი, მედიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, წარმოადგენს უმთავრეს საერთო ღირებულებას, რომელიც არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ფასეულობა; ამ მიმართულებით კმაყოფილებით მიუთითებს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს საქართველოში 2012 წლის შემდგომ ზოგადად მედია პლურალიზმის მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას; მხარს უჭერს მედიის მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის მეტად გაძლიერებას, მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას და აუდი-ვიზუალური კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას; საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების შთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების თაობაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე (2015/3032(RSP)) მითითებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მომავალშიც უზრუნველყოს მედია პლურალისმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა მედია საშუალებების მფლობელებთან დაკავშირებით.
  9. მიესალმება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2016 წლის 2 დეკემბერის მესამე სხდომის შედეგებს და მხედველობაში იღებს, ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველ წლიურ ანგარიშს; გარდა ამისა, აღიარებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტური განხორცილების შედეგად მიღწეულ პროგრესს და მიესალმება საქართველოს მიღწევებს, გახდეს ჭეშმარიტი ლიდერი რეგიონში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და განაგრძოს ამ სფეროში განვითარება;
  10. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების ტემპის და კურსის შენარჩუნება, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად გამოიყენოს ამისთვის ევროკავშირის დახმარება და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამები მომავალშიც სრულ შესაბამისობაში იქნება ასოცირების შეთანხმების ამბიციურ მიზნებთან; საქართველოს მაგალითი მოწმობს, რომ ევროკავშირის პრინციპი „მეტი მეტისთვის“ შედეგიანია; შესაბამისად, მოუწოდებს ევროკომისიას გააძლიეროს საქართველოს დახმარება, მათ შორის ევროკავშირის სააგენტოებსა და ევროპულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერით, ასევე, მოუწოდებს იმსჯელოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის ახალი დახმარების ინსტრუმენტების შესაქმნელად;
  11. ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების ყოველწლიურ დაგეგმვასა და მონიტორინგის პროცესში, ისევე, როგორც რეფორმების განხორციელებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში; მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ 2017/2020 წლების განახლებული ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობას და მიუთითებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების როგორც შინაარსობრივ, ისე ფორმასთან დაავშირებულ მოსაზრებებზე რეაგირების მნიშვნელობას;
  12. ასევე, მიუთითებს, რომ ამ დაკვირვებებიდან უმეტესობა დაეყრდნო ჰამერბერგის ცნობილ ანგარიშს „საქართველო გარდამავალ პერიოდში“. აქედან გამომდინარე, მიესალმება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რათა სულად იქნეს განხორციელებული აღნიშნული ანგარიშის რეკომენდაციები, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სისტემის მიმართულებით; ხაზს უსვამს, რომ ამ მხრივ ღირსეული ნაბიჯები გადაიდგა პროკურატურის დეპოლიტიზაციის, სამართალწარმოების გამჭვირვალობის, პოლიტიკური მოტივისგან გათავისუფლებისა და თანასწორობის გაძლიერების თვალსაზრისით; მიესალმება რეაბილიტაციის დანერგვას და არასაპატიმრო სასჯელების წახალისებისკენ მიმართულ ძალისხმევას;
  13. გულმხურვალედ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, განსაკუთრებით მიმდინარე რეფორმებს მართლმსაჯულების და საკონსტიტუციო სფეროებში და იმედოვნებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა ამ მიმართულებით კვლავაც გაგრძელდება; გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
  14. კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ინოვაციური ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვას, რაც არსებითად უწყობს ხელს გამჭვირვალობას, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას - რომელიც მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, რაც სხვა გამოწვევებს უკავშირდება, ვიდრე ყოფითი კორუფცია, როემლიც უკვე აღმოფხვრილია;
  15. მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას; მოხარულია საქართველოს მიერ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის გარდაუვალი რატიფიკაციით და მოუწოდებს ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოებსმ რომელთან სამწუხაროდ ჯერ არ მოუხდენიათ კონვენციის რატიფიცირება, მიჰყვნენ საქართველოს მაგალითს;
  16. დადებითად აფასებს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ შრომის კოდექსის ყოვლისმომცველ რეფორმას, რომლის შედეგად, ეს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან, განსაკუთრებით მის 81-ე კონვენციასთან. მოუწოდებს საქართველოს განიხილოს აღნიშნულ კონვენციასთან მიერთების საკითხი და გასწიოს ძალისხმევა შრომის ინსპექციის სრულფასოვან ეფექტურ მექანიზმად ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით და სამუშაო ადგილებზე შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობებით. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ეფექტურად გამოიყენოს სოციალური პარტნიორობის - სამმხრივი კომისიის მექანიზმი და ეძებოს გზები სამმხრივი დიალოგის ფარგლებში შრომითი დავების გადასაწყვეტად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სოციალური მშვიდობა და მდგრადი განვითარება;
  17. ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შეთანხმება სრულად ვრცელდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, ქვეყნის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ და იმეორებს მის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
  18. მიესალმება ფაქტს, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, საქართველო დგამს პრაგმატულ და მოქნილ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით; მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიეროს ძალისხმევა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართლობისთვის, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ათვისების მიზნით;
  19. მკაცრად გმობს, რუსეთს ყველა ნაბიჯს მიმართულს აღნიშნულ ტერიტორიებთან ე.წ. „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებების დადებისკენ, როგორც ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს; გარდა ამისა, გმობს რუსეთის მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესების გაგრძელებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, რაც ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და აფერხებს ნდობის აღდგენას; განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვის გასწვრივ რამდენიმე გამშვები პუნქტის დახურვის გამო, რაც ახალ შეზღუდვებს უქმნის გადაადგილების თავისუფლებას;
  20. მკაცრად გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმსა და საპრეზიდენტო არჩევნებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსგავსი ქმედებების განხორციელება უცხო ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ;
  21. ხაზს უსვამს, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერების საჭიროებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შეღწევის უზრუნველსაყოფად; ამავე დროს, იმეორებს მის მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბერს მიღებული ზომების შესაბამისად, გაიყვანოს სამხედრო შეიარღებული ძალები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მისცეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა;
  22. მიესალმება ევროკავშირის ძლიერ ნებას, დარჩეს ჩართული კონფლიქტის მოგვარებისა და სტაბილიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეობით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მდგრადი ფუნქციონირების გზით; ასევე, მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით;
  23. ხაზს უსვამს, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია და პროპაგანდა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და უნდა გამოაშკარავდეს, როგორც ეს აღნიშნულია ევროპარლამენტის 2016 წლის 23 ნოემბერის რეზოლუციაში ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ; ასევე, მიესალმება ევრო-ინტეგრაციის სფეროში საქართველოს 2014-2017 წლების კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის წარმატებით განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს; აღნიშნავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებას სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში;
  24. ხაზს უსვამს საქართველოს პარლამენტის როლს ასოცირების შეთანხმებისა და მასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული კანონმდებლობის მიღებაში და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში; ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ფუნქციის სრულყოფილად შესრულება უნდა განხორციელდეს მრავალპარტიული კონსტრუქციული დიალოგის განვითარებით, საპარლამენტო სტრუქტურების კოორდინაციის კარგი მექანიზმისა და დეპოლიტიზირებული მუდმივი საჯარო სამსახურის დახმარებით, და მიესალმება ამ მხრივ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც განხორციელდება ევროპარლამენტის „დემოკრატიის მხარდაჭერის ყოვლისმომცველი ინიციატივის“ ფარგლებში;
  25. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, იმისათვის, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ზედმიწევნით განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა, ასოცირების კომიტეტი რეგულარულად უნდა იყოს ინფორმირებული ასოცირების კომიტეტისა და მისი სამი ქვეკომიტეტის საქმიანობის შესახებ; ამ მიმართულებით, ეხმიანება საპარლამენტო კონტროლის შესახებ ევროპარლამენტის 2016 წლის 21 იანვრის რეზოლუციას და მოუწოდებს ევროკომისიას დროულად უზრუნველყოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების რეგულარული და დეტალური მონიტორინგი;
  26. კიდევ ერთხელ ადასტურებს კომიტეტის პრინციპულ პოზიციას, რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში; აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის. 

მიღებულია 16 თებერვალს, სტრასბურგში, კომიტეტის რეგლამენტის მიხედვით ორივე დელეგაციის, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის, უმრავლესობის მხადაჭერის შედეგად.
(ევროპარლამენტის დელეგაცია: 14 მომხრე, 0 წინააღმდეგი და 0 თავი შეიკავა საქართველოს პარლამენტი: 8 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 2 თავი შეიკავა)