ზაზა გაბუნიამ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

07 ოქტომბერი 2020
ზაზა გაბუნიამ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა. 
 
კომიტეტის რიგით 55-ე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა და მის თემას  
COVID-19 ბრძოლაში ხელისუფლების როლი და სოციალური ასპექტები წარმოადგენდა. 
 
ზაზა გაბუნიამ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს COVID - 19 ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითზე. 
 
'„პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს ხელისუფლების როლი იყო და არის საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ამავდროულად, ამავე დროს უმთავრეს ამოცანად ქვეყნის ეკონომიკისათვის ზრუნვა, მისი დაცვა იმ რისკებისგან, რასაც პანდემია ქმნის. საქართველოს ხელისუფლებამ ამას კარგად გაართვა თავი და როგორც ვნახეთ მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ხელისუფლების მიერ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა წარმატებულ მაგალითად შეფასდა''. 
 
ზაზა გაბუნიამ ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც პანდემიის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაიდგა მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის, მეწარმეების დახმარებისა და ეკონომიკის ხელშეწყობისათვის.
 
შეხვედრის დასასრულს კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს და დაამტკიცეს შესაბამისი რეკომენდაციები და ანგარიში.