პარლამენტის სასწავლო ცენტრმა და დონორმა ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატისთვის საპილოტე სასწავლო პროგრამა დაიწყეს

28 თებერვალი 2018
 პარლამენტის სასწავლო ცენტრმა და დონორმა ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატისთვის საპილოტე სასწავლო პროგრამა დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრმა და დონორმა ორგანიზაციებმა - ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტები „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) - დაიწყეს საპილოტე სასწავლო პროგრამა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატისთვის. პროგრამის ფარგლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი რამდენიმე სავალდებულო და დამატებით მოდულს გაივლის. ტრენინგის თემები შეირჩა აპარატის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

პროგრამა 28 თებერვალს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების საქმიანობისა და სერვისების გაცნობით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს პრეზენტაციებს პარლამენტის 10 დეპარტამენტის ხელმძღვანელები გააცნობენ.

საპილოტე პროგრამა მაისამდე გაგრძელდება და მისი სავალდებულო მოდულები იქნება: პარლამენტის აპარატის სამსახურები და სერვისები, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საპარლამენტო ზედამხედველობა, საბიუჯეტო საქმიანობა, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო ენა მოხელეთათვის და დროის ეფექტიანი მართვა. მონაწილეებს ტრენინგს როგორც პარლამენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები, ასევე, მოწვეული სპეციალისტები ჩაუტარებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი არის პარლამენტის პირველი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საპილოტე პროგრამას გაივლის. მომავალში აღნიშნულ პროგრამას საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აპარატის ყველა სტრუქტურის თანამშრომლებს შესთავაზებს.

 

გალერეა

  • IMG_7788.jpg
  • IMG_7790.jpg
  • IMG_7785.jpg
  • IMG_7794.jpg

მიმაგრებული დოკუმენტები