|
|
|
პირველი რესპუბლიკის დარბაზი |
| ეს დარბაზი ეთმობა საკომიტეტო მოსმენებს. მოვლენებს, რომლის საპატივსაცემოდაც მას ეს სახელი მიენიჭა, უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. ამავე სხდომაზე შეიქმნა რესპუბლიკის მთავრობა.
1918 წლის ოქტომბერში ახალი წევრებით შევსებული ეროვნული საბჭო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ გამოცხადდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ეწოდა. პარლამენტის თავმჯდომარედ კარლო ჩხეიძე აირჩიეს. აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად გადაეცა მინისტრთა საბჭოს, რომელსაც სათავეში სოციალ-დემოკრატი ნოე ჟორდანია ჩაუდგა. დამოუკიდებელმა საქართველომ დაიწყო საყოველთაო მზადება დემოკრატიული არჩევნებისთვის. დამფუძნებელი კრების არჩევნები გაიმართა 1919 წლის 10-17 თებერვალს, საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრის მკაცრი დაცვით.
დამფუძნებელი კრება მუშაობას 1919 წლის 12 მარტს შეუდგა. მან აირჩია რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით. პირველმა პარლამენტმა 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. ამ პერიოდში დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დროშა, გერბი და ჰიმნი დაამტკიცა.
დამოუკიდებელი საქართველოს გერბი შექმნილია იოსებ შარლემანის მიერ. მასზე გამოსახულია წმინდა გიორგი და შვიდი მნათობი, რაც პირობითად საქართველოს კუთხეებს გამოხატავს. ჰიმნის სახელწოდება იყო ”დიდება”, მისი ავტორი კოტე ფოცხვერიშვილი იყო.
|
| |
| ყველა გალერეა | დაბრუნება |
|
|
|
|