|
ავსტრიის პარლამენტის შენობა მდებარეობს რინგშტრასეზე ვენის უძველეს ნაწილში და აგებულია 1874-1883 წლებში. დანიელი არქტიტექტორის თ.ჰანსენის პროექტის მიხედვით. შენობის ყველაზე ცნობილი დეტალებია ათენას ქანდაკება და შადრევანი. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ნაწილობრივ დაინგრა. მისი რესტავრაცია 1956 წელს დასრულდა. ავსტრიის პარლამენტი წლების მანძილზე საპარლამენტო საქმიანობის მიზნით ქირაობს ან ყიდულობს ახლომდებარე შენობებს.
1849 25 აპრილს გამოქვეყნდა ე.წ. პილერსდორფის კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ორპალატიან საპარლამენტო სისტემას. კონსტიტუციის თანახმად, სენატსა და დეპუტატთა პალატას უნდა ჰქონოდა თანაბარი უფლებები. იმავე წლის 15 მაისს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე სენატი გაუქმდა. 22 ივლისს ავსტრიაში მოიწვიეს ავსტრიის პირველი პარლამენტი - რეიხსტაგი.
1861 ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც ავსტრიაში დაარსდა პარლამენტი - იმპერიის პარლამენტი. ეს კანონი ავსტრიის პარლამენტის "დაბადების მოწმობად” ითვლება. იგი იყო ორპალატიანი და შედგებოდა ლორდთა და დეპუტატთა პალატებისგან.
1920 ჰაბსბურგის იმპერიის დაცემის შემდეგ, მიიღეს ავსტრიის კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ავსტრია გამოცხადდა საპარლამენტო რესპუბლიკად ფედერალური სტრუქტურით. პროვინციებში არსებობდა ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოები, ფედერაციის დონეზე კი არსებობდა ეროვნული საბჭო - ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო.
1945 ვენის განთავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამი ანტიფაშისტური პარტიის წარმომადგენლებმა "თავისუფლების დეკლარაციით” ავსტრიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა გამოაცხადეს. ამავე წელს მუშაობას შეუდგა ეროვნული საბჭო. ჩატარდა არჩევნები.
ავსტრიის პარლამენტი ორი პალატისაგან შედგება - ეროვნული და ფედერალური საბჭოები. ეს ორი საბჭო გაერთიანებისას ქმნის მესამე საპარლამენტო ორგანოს - ფედერალურ ასამბლეას.
ინფორმაციის წყარო: ავსტრიის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი
http://www.parlament.gv.at

ბელგიის პარლამენტი The Belgian Federal Parliament
პარლამენტის შენობის ე.წ. ხალხის სასახლის (Palace of The Nation) მშენებლობა დაიწყო ბრიუსელში, 1779 წელს, ავსტრიის იმპერატორ მარია ტერეზას მმართველობის პერიოდში და დასრულდა 1783 წელს. შენობა წარმოადგენს მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ტიპურ ნეოკლასიკურ ნაგებობას. 1830 წელს ამ შენობაში გადავიდა ბელგიის დროებითი (რევოლუციური) მთავრობა და ეროვნული კონგრესი. 1831 წლიდან მასში განთავსებულია ბელგიის პარლამენტი (სენატი და წარმომადგენლობითი პალატა). 1820 და 1883 წლებში სასახლეში ხანძარი იყო. რესტავრაციის შედეგად შეიცვალა ნაგებობის შიდა ნაწილი, ხოლო გარეთა ნაწილი ძირითადად უცვლელი დარჩა.
1831
გამოქვეყნდა ბელგიის პირველი უნიტარული კონსტიტუცია. 1831 წლიდან დღემდე ბელგიაში არის ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა, რომელიც შედგება წარმომადგენლობითი პალატისა და სენატისაგან. ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია და ორივე წარმოადგენს ხალხს. თავდაპირველად, ლიბერალური და პროგრესული წარმომადგენლობითი პალატისგან განსხვავებით სენატი კონსერვატული იყო. ზედა პალატაში მხოლოდ არისტოკრატები და მსხვილი მიწისმფლობელები იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა თანდათან, სენატში იმავე ნიშნით დაიწყეს პარლამენტის წევრების არჩევა, როგორც წარმომადგენლობით პალატაში. ამრიგად ბელგიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა განვითარდა, როგორც ურთიერთდამოუკიდებელი და თანასწორი ბილატერალური სისტემა.
1993
ბელგიის კონსტიტუციაში განხორციელდა ბოლო რადიკალური ცვლილებები. კონსტიტუციის თანახმად ”ბელგია არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედგება თემებისა და რეგიონებისაგან”. ფედერალური პარლამენტის ორი პალატის ფუნქციები ნაწილობრივ გაიმიჯნა ერთმანეთისგან. პარლამენტი ირჩევა ოთხი წლის ვადით. წარმომადგენლობითი პალატა შედგება 150 წევრისგან, ხოლო სენატი - 71 წევრისგან.
ინფორმაციის წყარო: ბელგიის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.fed-parl.be
ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki/Parliament_of_Belgium
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი The Houses of Parliament

ადგილი, სადაც ახლა პარლამენტი დგას, ათასი წლის განმავლობაში ხელისუფლების ცენტრი იყო. იგი ოდესღაც სამეფო ოჯახის სამყოფელი იყო და ოფიციალურად დღესაც სამეფო სასახლეა. დღევანდელი სახე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ომების, კატასტროფებისა და მუდმივი განახლების შედეგად მიიღო.
პარლამენტის შენობის უძველეს ნაწილს წარმოადგენს ვესტმინსტერის დარბაზი, რომლის კედლებიც 1097 წელს აიგო და იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი, აზიდულჭერიანი დარბაზია. 1834 სასახლე თითქმის მთლიანად დაიწვა, სრულ ნგრევას მხოლოდ ვესტმინსტერის დარბაზი, წმ. სტივენის სამლოცველო აკლდამა და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ქონგურა გადაურჩა. 1950 ექსპლუატაციაში შევიდა მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვის შედეგად დანგრეული თემთა პალატის განახლებული შენობა.
ინგლისის პარლამენტი რამდენიმე ასეულ წელს ითვლის.
XII საუკუნე
მეფის მრჩეველთა საბჭო აერთიანებდა ბარონებსა და არქიეპიკოპოსებს, სადაც განიხილავდნენ პოლიტიკას და მსჯელობდნენ საბეგრო გადასახადებზე.
დროთა განმვალობაში საბჭოს მნიშვნელობა გაიზარდა, და რაინდები თავიანთი საგრაფოების წარმომადგენლები გახდნენ. ეს იყო დასაწყისი მომავალი თემთა პალატისა, ხოლო სიტყვა "პარლამენტი” იხმარებოდა ამ შეხვედრების აღსანიშნავად.
XIV საუკუნე
ჩამოყალიბდა ორი: თემთა და ლორდთა პალატა. თემთა პალატა აერთიანებდა ოლქების, რაიონებისა და ქალაქების წარმომადგენლებს, ხოლო ლორდთა პალატა შედგებოდა დიდგვაროვნებისა და სასულიერო პირებისაგან.
XV საუკუნე
ჰენრი V-ის მეფობის დროს თემთა პალატის უფლებები გაუთანაბრდა ლორდთა პალატის უფლებებს.
XVII საუკუნე
გაჩაღდა სამოქალაქო ომი პარლამენტისა და მონარქიის მომხრეებს შორის. 1649 წელს ჩარლზ I სიკვდილით დასაჯეს. ქვეყნის სათავეში მოვიდა გაერთიანება ოლივერ კრომველის მეთაურობით. 1649-1660 წწ.-ში არჩეულ იქნა რამდენიმე პარლამენტი.
1660 წელს ჩარლზ II-ის გამეფებით მონარქია კვლავ აღსდგა.
1689 წელს მიღებულ იქნა ბილი უფლებათა შესახებ, რომლის მიხედვითაც მონარქია დაექვემდებარა პარლამეტს. პარლამენტი პასუხისმგებელი იყო ყველა კანონის მიღებასა და ანულირებაზე.
XVIII საუკუნე
1707 წელს ინგლისსა და შოტლანდიას შორის დადებული გაერთიანების აქტის საფუძველზე ეროვნებათა ცალკეულ პარლამენტებს ჩაენაცვლა ახალი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი.
საუკუნის ბოლოს, 1800 წელს ირლანდიასთან გაფორმებული გაერთიანების აქტის საფუძველზე გაუქმდა დუბლინის პარლამენტი და ირლანდიელი პარლამენტის წევრები და მათი ლორდები ვესტმინსტერის პარლამენტის წარმომადგენლები გახდნენ.
XX საუკუნე
1911 - 1941 წწ.-ში მიღებული აქტების მიხედვით, ახალი კანონების მიღების საკითხებში ლორდთა პალატასთან შედარებით გაიზარდა თემთა პალატის უფლებები.
ინფორმაციის წყარო:
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური ვებგვერდი
http://www.parliament.uk
ბულგარეთის სახალხო კრება National Assembly of the Republic of Bulgaria

ბულგარეთის სახალხო კრების შენობა ისტორიული ნაგებობაა და კულტურის ძეგლად არის აღიარებული. იგი მდებარეობს ბულგარეთის დედაქალაქის, სოფიის ცენტრში და ნეორენესანსის სტილის ნაგებობას წარმოადგენს. შენობა აგებულია 1884-1886 წწ. არქიტექტორ კონსტანტინე იოვანოვიჩის პროექტის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ამავე არქიტექტორის პროექტის მიხედვითაა აგებული სერბეთის ეროვნული ასამბლეის შენობაც. ბულგარეთის სახალხო კრების შენობის შიდა ნაწილი მრავალჯერ გაახლდა, მაგრამ გარეთა ნაწილს ძირითადად თავდაპირველი იერი აქვს შენარჩუნებული.
1871
კონსტანტინოპოლში გაიმართა საეკლესიო-სახალხო კრება. კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ოქმებში ბულგარეთის პარლამენტის, როგორც არჩვევითი საკანონმდებლო ორგანოსა და კონსტიტუციის შექმნის იდეა აისახა.
ბულგარეთის რევოლუციური ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკურ პროგრამაში სახელმწიფოს მართვა სწორედ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კონსტიტუციას ეფუძნებოდა.
1878
რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო სან-სტეფანოს ზავი, რომლის თანახმადაც, ბულგარეთი თურქებისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1879
ბერლინის ხელშეკურულების მე-4 მუხლის თანახმად, ველიკო ტირნოვოში შეიკრიბა პირველი დიდი სახალხო კრება, რომელიც შედგებოდა 229 წევრისგან. სახალხო კრებამ მიიღო ბულგარეთის პირველი კონსტიტუცია, რომელიც ცნობილია ტირნოვოს კონსტიტუციის სახელით. კონსტიტუციის თანახმად ერთმანეთისგან გაიმიჯნა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. აღნიშნული კონსტიტუცია ქვეყანაში მოქმედებდა 1947 წლამდე.
1991
მეშვიდე დიდმა სახალხო კრებამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი სახალხო კრება. იგი შედგება 240 წევრისგან და ირჩევა 4 წლის ვადით.
2007
1 იანვარს ბულგარეთი გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა
ინფორმაციის წყარო: ბულგარეთის სახალხო კრების ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.parlament.bg/ და ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/
გერმანიის პარლამენტი Deutscher Bundestag

გერმანიის პარლამენტის შენობა ცნობილია "რეიხსტაგ”-ის სახელით. 1882 წელს იგი 200 ესკიზიდან იქნა შერჩეული, მისი ავტორი არქიტექტორი პაულ ვალოტი იყო. შენობის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო გუმბათი. რეიხსტაგი 1894 წელს გაიხსნა. 1933 წელს ხანძრისა და ნაციონალ-სოციალისტების მიერ მრავალგზის დარბევის შედეგად შენობამ ფუნქციონირება შეწყვიტა; მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ძლიერ დაზიანდა. 1955 დაიწყო შენობის რესტავრაცია. 1971 წლიდან იგი კვლავ ამოქმედდა, მხოლოდ უკვე არა როგორც პარლამენტი. 1990 წლის გერმანიის გაერთიანებისა და ბერლინის გერმანიის დედაქალაქად აღიარების შემდეგ "რეიხსტაგში” კვლავ საპარლამენტო მუშაობა დაიწყო. არქიტექტორმა ნორმან ფორსტერმა შენობის რეკონსტრუქცია მოახდინა, მან შენობას ახალი გუმბათი შესძინა. საერთაშორისო სახე შენობას 1995 წელს ხელოვან ქრისტოს მიერ შექმნილმა ჩარჩომ დაუმკვიდრა.
1848
რევოლუციისა და ნაციონალური სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ ფრანკფურტის პაულსის სახელობის ეკლესიაში გაიმართა გერმანიის პარლამენტის პირველი შეკრება.
1919
შეიქმნა ვაიმარის კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ქვეყანაში პარლამენტალური მმართველობის ფორმა დამტკიცდა.
1933
ჰიტლერის რეჟიმმა რეიხსტაგს ძალაუფლება ჩამოართვა.
1948
შედგა საპარლამენტო საბჭოს კრება, რომელმაც კონსტიტუცია მიიღო და ამით ბუნდესტაგის არჩევნებს ჩაუყარა საფუძველი.
1949-1990
მუშაობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი.
1949
შედგა გერმანიის ბუნდესტაგის დამფუძნებელი სხდომა.
1990
გაერთიანების პროცესის საპარლამენტო ხელშეწყობის სახით იქმნება კომისია "გერმანული ერთობა".
1991
ბუნდესტაგი აღიარებს ბერლინს როგორც გერმანიის სამომავლო საპარლამენტო და სამთავრობო რეზიდენციას.
1992
კონსტიტუციაში ცვლილების შედეგად ბუნდესტაგსა და ბუნდესრატს - ფედერაციულ საბჭოს ენიჭებათ ხმის უფლება გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის საქმეებთან დაკავშირებით.
1994
მიიღეს ბერლინ-ბონის კანონი დედაქალაქის გადატანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
2005
პირველად ისტორიაში საპარლამენტო განხილვები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ინფორმაციის წყარო: გერმანული ბუნდესტაგის ვებგვერდი www.bundestag.de
დანიის პარლამენტი Folketing

პარლამენტის შენობა - კრისტიანსბორგის სასახლე (Cristiansborg Palace) მდებარეობს სლოტსჰოლმენის (Slotsholmen) პატარა კუნძულზე კოპენჰაგენში. იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ შენობას, რომელშიც სახელმწიფოს სამი უზენაესი - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაა თავმოყრილი. სასახლე აგებულია მე-18 საუკუნეში, კრისტიან VI -ის მეფობის პერიოდში. 1794 წელს იგი ხანძრის შედეგად განადგურდა. 1806-1828 წლებში სასახლე ხელმეორედ ააგეს. 1884 წლის ოქტომბერში შენობა კვლავ ხანძარმა დააზიანა. დანიაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის გამო სასახლის აღდგენა 1907 წლამდე ვერ მოხერხდა.
1849 საკონსტიტუციო აქტის თანახმად დანიის გაერთიანებულ სამეფოში დაარსდა რიგსდაგი (Rigsdag) – დანიის პირველი ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგებოდა ფოლკეტინგისა (Folketing) და ლენდსტინგისაგან (Landsting). ორივე პალატას ჰქონდა თანაბარი ძალაუფლება. ფოლკეტინგს ძირითადად წარმოადგენდნენ დამოუკიდებელი ფერმერები, ვაჭრები, ისევე როგორც საზოგადოების ლიბერალური ძალები, ხოლო ლენდსტინგს - ძველი არისტოკრატია და სხვა კონსერვატული ძალები.
1864-1866
1864 წელს პრუსიასთან ომის შემდეგ დანიის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც 1866 წელს ახალი კონსტიტუციის მიღება განაპირობა.
1915
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქალებსა და მსახურებს მიენიჭათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
1953
რეფერენდუმის საფუძველზე დანიის კონსტიტუციაში განხორციელდა რადიკალური ცვლილებები, გაუქმდა ორპალატიანი პარლამენტი და შეიქმნა ერთპალატიანი საპარლამენტო სისტემა.
დანიის ეროვნულ ერთპალატიან პარლამენტს ეწოდა ფოლკეტინგი (Folketing). იგი შედგება 179 წევრისგან და ირჩევა ოთხი წლის ვადით.
ინფორმაციის წყარო: დანიის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.folketinget.dk
ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki/Denmark
ევროპარლამენტი The European Parliament

1951
ევროპის პირველი წარმომადგენლობითი ორგანო პარიზის ხელშეკრულებით შეიქმნა. ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის (ECSC) ხელშეკრულების მიხედვით მისი სახელი გახლდათ საერთო ასამბლეა.
1958
19 მარტს სტამბულში პირველად შეიკრიბა საერთო ასამბლეა, რომელიც შედგებოდა 142 წევრისგან. თავდაპირველად ასამბლეა არ იყო არჩევითი. მის წევრებს ნიშნავდა თითოეული წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო თავისი შემადგენლობიდან.
1962
საერთო ასამბლეას შეეცვალა სახელი და მას დაერქვა ევროპის პარლამენტი. საწყის ეტაპზე პარლამენტის უფლებამოსილებები საკმაოდ შეზღუდული იყო. ე.წ. კონსულტაციის პროცედურა არ აძლევდა ევროპის პარლამენტს საშუალებას მნიშნელოვანი როლი ეთამაშა ევროპის თანამეგობრობის საკანონმდებლო პროცესში.
1979
ივნისში პირველად ჩატარდა ევროპის პარლამენტის პირდაპირი არჩევნები. იმ დროიდან ყოველი ახალი წევრი სახელმწიფოს მიღების შედეგად იზრდებოდა პარლამენტის წევრთა რაოდენობა. ამავე დროს ევროპის პარლამენტმა ახალი უფლებამოსილებები შეიძინა ევროპის თანამეგობრობის ბიუჯეტის მიღ-ბის საკითხებში.
1991
მაასტრიხის ხელშეკრულების მიღების საფუძველზე, რომლითაც დაფუძნდა ევროკავშირი ევროპის პარლამენტს მნიშვნელოვნად გაეზარდა კომპეტენციები. კერძოდ ე.წ. თანაგადაწყვეტის პროცედურის მიხედვით ევროპის პარლამენტი უფლებამოსილია ვეტო დაადოს ევროკავშირის კომისიის კანონპროექტს.
1997
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ამსტერდამის ხელშეკრულება, რომლემაც ევროპის პარლამენტის როლი საკანონმდებლო პროცესში გააძლიერა. ხელშეკრულების საფუძველზე გაიზარდა იმ საკითხების ნუსხა, რომელიც ე.წ. თანაგადაწყვეტის პროცედურას ექვემდებარება. შედეგად ევროპის პარლამენტის ევროპის საბჭოსთან თანასწორ სუბიექტად ჩამოყალიბდა.
2000
ნიცის ხელშეკრულებამ კიდევ უფრო გააფართოვა ევროპის პარლამენტის უფლებამოსილებები. ხელშეკრულებებმა ასევე საბოლოოდ განსაზღვრა ევროპის პარლამენტის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა - 750 წევრი.
საინფორმაციო წყარო:
ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.europarl.europa.eu/
ესპანეთის პარლამენტი Cortes Generales
ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის შენობა წარმოდგენს ნეოკლასიკური სტილის ნაგებობას და აგებულია 1843-1850 წლებში, ქ.მადრიდში, ნარცისკო პასკუალი კოლომერის პროექტის მიხედვით.
VIII-XII საუკუნე ესპანეთში კორტესების სისტემა შუა საუკუნეებში ჩნდება. კორტესი იყო მეფის მრჩეველთა საბჭო, რომელიც ყველაზე ძლიერი ფეოდალებისაგან შედგებოდა. 1188 წელს კასტილიისა და ლეონის სამეფოთა კორტესები შეერთდნენ, რამაც სათავე დაუდო პირველ ესპანურ წარმომადგენლობითის მსგავს ხელისუფლებას.
XII –XV საუკუნე ბურჟუაზიის ზრდასთან და გაძლიერებასთან ერთად მეფემ დაიწყო კორტესებში ქალაქების წარმომადგენლების შეყვანა. ამ დროს კორტესებს შეეძლოთ მეფის გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადება.
XV საუკუნე
ესპანეთის კათოლიკე მეფეებმა დაიწყეს კორტესების ძალაუფლების შემცირება. დაძაბულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო გადასახადების გაზრდისა ან შემცირების გადაწყვეტილებები, რაც კორტესების კონტროლს ექვემდებარებოდა. მაგალითად, როდესაც დედოფალ იზაბელას სურდა დაეფინანსებინა კოლუმბის მოგზაურობა, კორტესმა მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა თანხმობა მაინც მისცა.
XVI-XVII საუკუნე
ესპანეთის იმპერიაში კორტესების როლი მხოლოდ მონარქის გადაწყვეტილების ფორმალური დამტკიცება იყო.
XIX საუკუნე
1873 წელს მონარქია დაემხო და გამოცხადდა რესპუბლიკა. დეპუტატების კონგრესმა დაიწყო კონსტიტუციის შექმნა, რომლის მიხედვით უმაღლესი ძალაუფლება ენიჭებოდა პარლამენტს. რესპუბლიკურმა ესპანეთმა დიდხანს ვერ იარსება, რამდენიმე ღრმა კრიზისის შემდეგ მონარქია აღსდგა 1874 წელს.
XX საუკუნე
პირველი რესპუბლიკის შემდეგ დამყარებულ რეჟიმს რესტავრაციის პერიოდი ეწოდა. ის ფორმალურად კონსტიტუციური მონარქია იყო. 1931 წელს მონარქია დაემხო და ესპანეთი კვლავ რესპუბლიკა გახდა. 1936 წელს გენერალ ფრანკოს აჯანყებით იწყება სამოქალაქო ომი და 1939 წელს მყარდება სამხედრო დიქტატურა. 1975 წელს ესპანეთში აღსდგა კონსტიტუციური მონარქია. ქვეყანაში შემოღებულ იქნა საპარლამენტო სისტემა - გენერალური კორტესები. ის შედგება ზედა პალატის-სენატისა და ქვედა პალატის - დეპუტატთა კონგრესისაგან.
2005 წელს ესპანეთის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირის კონსტიტუციის რატიფიკაცია.
ინფორმაციის წყარო: ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki/Spain
ესტონეთის პარლამენტი Riigikogu

ტომპეას ციხე-სიმაგრე, რომელშიც ამჟამად ესტონეთის პარლამენტია განთავსებული, მდებარეობს ქ. ტალინში. 1000 წლის წინ ძველმა ესტებმა ტომპეის ციცაბო ფერდობზე დააარსეს ქალაქი, რომელშიც მოგვიანებით დანიელებმა ქვის ციხე-სიმაგრე ააგეს. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ტომპეას ფერდობზე ლივონიის ორდენმა ააგო ახალი კოშკი – კონვენტის სახლი, გალავნითურთ და ორი საფორთიფიკაციო კოშკი. ერთ-ერთ კოშკზე, რომლის სიმაღლე 45,6 მეტრია საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1989 წელს ესტონეთის სტრიკოლორი ცისფერ-შავ-თეთრი დროშა აღიმართა. სახელმწიფო დროშა აღიმართება მზის ამოსვლასთან ერთად და ეშვება მზის ჩასვლისას. დროშის აღმართვისას ჟღერს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო დაშვებისას ეროვნული სიმღერა "ჩემო საყვარელო მამულო”.
1919
გაიმართა პირველი საყოველთაო არჩევნები. არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრება, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კონსტიტუციის პროექტის მიღება და მისი დამტკიცება.
1920
პარლამენტმა მიიღო ესტონეთის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ესტონეთი საპარლამენტო დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა.
1921
ესტონეთი ერთა ლიგის წევრი ქვეყანა გახდა.
1933
რეფერენდუმმა მიიღო კონსტიტუციის პროექტი.
1937
მიიღეს მესამე კონსტიტუცია, რომელმაც პრეზიდენტს გაუზარდა ძალაუფლება, ხოლო პარლამენტი ორპალატიანი გახდა.
1939
საბჭოთა რუსეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს საიდუმლო პაქტს, რომლის მიხედვით ესტონეთი საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფეროში შედიოდა.
1940
17 ივნისს საბჭოთა კავშირმა ესტონეთის ანექსია განახორციელა. დაიწყო მასობრივი ტერორი და დეპორტაცია.
1990
გაიმართა უზენაესი საბჭოს დემოკრატიული არჩევნები, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დასაბამი გახდა.
1991
ჩატარდა რეფერენდუმი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე (მოსახლეობის 77.8%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას). უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისა და საკონსტიტუციო ასამბლეის შეკრების შესახებ.
1992
მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ესტონეთის პარლამენტი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა.
2004
ესტონეთი გახდა ევროკავშირის წევრი.
ინფორმაციის წყარო: ესტონეთის პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.riigikogu.ee
ირლანდიის პარლამენტი HOUSE OF THE OIREACHTAS 
ლენსტერის სასახლე, სადაც დღეს ირლანდიის ეროვნული პარლამენტია განთავსებული 1745-1747 წლებში გრაფ ჯეიმს ფიცჯერალდ კილდერის ბრძანებით აიგო. გრაფის მიზანი იყო შეექმნა დუბლინის ყველაზე დიდებული გეორგიანული სტილის სასახლე, რაც ირლანდიურ საზოგადოებაში მისი გამორჩეულობის სიმბოლო იქნებოდა. 1766 წლიდან, მას მერე, რაც კილდერებმა, ლენსტერის ჰერცოგობა მიიღეს შენობას ლენსტერის სასახლე დაერქვა. 1815 წელს ოგასტუს ფედერიკმა ლენსტერის მესამე ჰერცოგმა, სასახლე დუბლინის სამეფო საზოგადოებას მიყიდა. 1922 წელს ირლანდიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლენსტერის სასახლის ნაწილი მთავრობამ პარლამენტს დაუთმო. შენობის პროექტი ეკუთვნის რიჩარდ კასელს (კასტელს).
1264 – 1800 ირლანდიის პარლამენტი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან გაერთიანებამდე, არსებობის 500 წელზე მეტს ითვლის.
1264 წლიდან ვხვდებით ოფიციალურ ცნობას ყველაზე ადრეული ირლანდიური პარლამენტის შესახებ, კასტელდერმოში, კერძოდ კი ილდერების საგრაფოში; თუმცა არსებობს ნიშნები იმისა, რომ სიტყვა "პარლამენტი” გამოიყენებოდა 1234 წლიდან.
საპარლამენტო ასამბლეა დროთა განმავლობაში ფორმირდებოდა, ცნობილია:
1642-1649 კილკენის კონფედერაციის გენერელური ასამბლეა
1689 "პატრიოტული პარლამენტი”
1729-1739 დუბლინში აიგო "კოლეჯ გრინი”, რომელიც იყო პირველი პარლამენტის სასახლე მსოფლიოში, რომელიც მიზნობრივად პარლამენტისათვის აშენდა;
1782-1800 დამოუკიდებელი ირლანდიის პარლამენტი, რომელიც ცნობილი იყო როგორც "გრატანის პარლამენტი”, მან მხოლოდ 18 წელი იარსება; ზემოჩამოთვლილი ყველა ასამბლეა მოკლებული იყო მთავარ პრინციპს, რასაც მოგვიანებით, 1919 წელს დაარსებული ქვედა პალატა ემყარებოდა, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების წყარო ირლანდიელი ხალხი უნდა ყოფიყო.
1800 წლის გაერთიანების აქტით, რომელიც 1801 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და რომლის მიხედვითაც ორი სამეფოს, დიდი ბრიტანეთის გაერთინებული სამეფოსა და ირლანდიის, გაერთიანებული პარლამენტი შეიქმნა. ამ დროიდან 1922 წლამდე ირლანდიის პარლამენტის სამყოფელი ვესტმინსტელის სასახლე იყო.
საინფორმაციო წყარო ირლანდიის ეროვნული პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.oireachtas.ie
იტალიის პარლამენტი Parlamento della Repubblica italiana

1870 წლიდან დეპუტატთა პალატა განთავსებულია მონტეჩიტორიოს სასახლეში. ეს არის ისტორიული შენობა, რომელიც მდიდარია ხელოვნების ნიმუშებით. ამასთან, პარლამენტის გამართული მუშაობისათვის "საპარლამენტო ქალაქი” შედგება რამდენიმე სხვა შენობისგან, რომლებიც მონტეჩიტორიოს სასახლესთან ახლოს არიან განლაგებული.
სასახლეს რომის პაპების შეკვეთით რამდენიმე არქიტექტორი აშენებდა. თავში ის ჩაფიქრებული იყო, როგორც დიდგვაროვანი ოჯახის რეზიდენცია, შემდეგ გადაწყდა, რომ სასახლეში აპოსტოლურიკურია (პაპის სასამართლო) განთავსდებოდა. სასახლეს აქვს ლამაზი სამრეკლო, რომლის მთავარი ზარი დღეს მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნების დროს რეკს.
1870 წელს იტალიის გაერთიანების და რომის იტალიის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ პარლამენტის განსათავსებლად არჩევანი შეაჩერეს მონტეჩიტორიოს სასახლეზე. XX საუკუნის დასაწყისში იტალიური "არტ ნუვოს” წარმომადგენელმა არქიტექტორმა ერნესტო ბელინიმ შენობა მნიშვნელოვნად გადააკეთა პარლამენტართა მუშაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით. მან მხოლოდ ძველი ფასადი დატოვა უცვლელად.
1848
სარდინიამ, ტოსკანამ, ნეაპოლმა და პაპის მხარემ მიიღეს კონსტუტუციები. სარდინეის კონსტიტუციაში პირველად აისახა იმდროინდელი იტალიისათვის მეტად აქტუალური და ძნელად აღსაქმელი ფორმულა "თავისუფალი ეკლესია თავისუფალ სახელმწიფოში”. ეს ფორმულა გახდა იტალიური ლიბერალური სახელ-მწიფოს წარმოქმნის საფუძველი.
1861
გაიხსნა იტალიური პარლამენტი ტურინში და მოხდა გაერთიანებული იტალიის სამეფოს გამოცხადება. ამით დასრულდა მრავალწლიანი ბრძოლა იტალიის თავისუფლებისათვის.
1870
დასრულდა იტალიის გაერთიანება. რომი იტალიის დედაქალაქი გახდა. მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც მონარქიის ფარგლებში სახალხო წარმომადგენლობის ცალკეული ელემენტები შემოიღო. მიუხედავად მრავალი იურიდიული და კლასობრივი შეზღუდვებისა, ამ კონსტიტუციამ დაუდო სათავე იტალიის დემოკრატიულ ევოლუციას.
1870-1922
საკანონმდებლო ძალაუფლება თანდათან და განუხრელად მოსახლეობის მიერ არჩეულ დეპუტატთა პალატის ხელში გადადიოდა, თუმცა მეფეს და სენატს შენარჩუნდა ვეტოს უფლება. მთავრობას, რომელსაც წინანდებურად მეფე ნიშნავდა, უნდა მიეღო ორივე პალატის მხარდაჭერა. ამრიგად, თავისი არსებობის 50 წლის განმავლობაში კონსტიტუცია, რომელიც ფორმალურად არ შეცვლილა, დაეხმარა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
1922
იტალიაში დამყარდა ტოტალიტარული ფაშისტური რეჟიმი ბენიტო მუსოლინის ხელმძღვანელობით. ტერორის პირობებში მთავრობამ თავს მოახვია პარლამენტს რეაქციული საარჩევნო კანონის მიღება. შედეგად უმრავლესობა პარლამენტში ფაშისტებმა მიიღეს, ხოლო შემდგომ ოპოზიციას სადეპუტატო მანდატები წაართვეს.
1925
ლიკვიდირებულ იქნა საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე. პარლამენტს აეკრძალა დღის წესრიგში რაიმე საკითხის შეტანა მთავრობის თანხმობის გარეშე.
1926
მთავრობას მიეცა საკანონმდებლო უფლება საპარლამენტო კანონების გაუქმების ჩათვლით.
1928
ფაქტიურად გაუქმდა დეპუტატთა პალატის არჩევითობა. კანდიდატების წარმოდგენა შეეძლოთ მხოლოდ ფაშისტური პროფკავშირების საერთო ეროვნულ ორგანოებს და რამდენიმე სხვა ანალოგიურ ორგანოს. ათ წელიწადში დეპუტატთა პალატა საერთოდ გააუქმეს.
1946
იტალიაში ჩატარდა რეფერენდუმი. ხალხმა ხმა მისცა მართვის რესპუბლიკურ ფორმას.
1947
22 დეკემბერს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რითაც შეიქმნა იტალიისათვის ახალი ტიპის რეჟიმი, რომელიც ხასიათდება კონსტიტუციის და შესაბამისად, პარლამენტის უმაღლესი უფლებებით. ამ კონსტიტუციის მიხედვით, უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების პრობლემატიკა, რომელიც აღიარებულია კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად. რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ექვემდებარება გადახედვას.
1963
მკაცრად განისაზღვრა დეპუტატებისა და სენატორების რიცხვი. დეპუტატების პალატა შედგება 630 წევრისგან და აირჩევა საერთო ნაციონალური არჩევნების საფუძველზე, ხოლო 315 სენატორი ირჩევა 20 რეგიონის მიერ.
1971
მიიღეს იტალიური პარლამენტის ორივე პალატის ახალი რეგლამენტები. რეგლამენტების ტექსტები შეთანხმებულია იმ მიზნით, რომ არც ერთი პალატა არ იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში მეორის წინაშე.
ინფორმაციის წყარო: იტალიის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.parlamento.it/
კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატა House of Reprezentatives of Cyprus

1960
კვიპროსი გათავისუფლდა ბრიტანეთის იმპერიისგან და გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ოფიციალურ ცერემონიაზე უკანასკნელმა ბრიტანელმა მმართველმა ჰუჯ ფუტმა გადასცა ძალაუფლება ახლად შექმნილი რესპუბლიკის პრეზიდენტს არქიეპისკოპოსს მაკარიოს III-ს, რომელიც არჩეულ იქნა პრეზიდენტად 1959 წელს. ციურიხ-ლონდონის შეთანხმებისა და კვიპროსის რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე დაარსდა ორი – ბერძნული და თურქული თემთა პალატა. პალატებში წყვეტდნენ ამ ორ თემთან დაკავშირებულ ყველა კულტურულ, რელიგიურ თუ საგანმანათლებლო საკითხებს. 31 ივლისს, კოლონიური კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარდა პირველი საპარლამენტო არჩევნები, 7 აგვისტოს კი თემთა პალატის არჩევნები. წარმომადგენელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა ორმოცდაათს, აქედან 70 პროცენტი (35 წევრი) ბერძნული თემის მიერ იყო არჩეული, 30 პროცენტი (15 წევრი) კი თურქული თემის მიერ.
1963
თემთაშორის ბრძოლის შემდეგ 15 კვიპროსელმა თურქმა წარმომადგენელმა დატოვა პალატა. ეს ადგილები მას შემდეგ ვაკანტურია, თუმცა პალატა განაგრძობდა ფუნქციონირებას საკონსტიტუციო ნორმების საფუძველზე.
ყველა თურქმა, რომელიც სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში მუშაობდა, დატოვა თანამდებობა.
1965
მარტში, წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ბერძნული თემთა პალატის საკანონმდებლო ძალაუფლება გადაეცა წარმომადგენლობით პალატას.
1970
კვიპროსის ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის შეტაკებების გამო არჩევნები ჩატარდა არა 1965 წელს, არამედ 1970 წლის 5 ივლისს. დეპუტატობის ვადა კანონმდებლობასთან შესაბამისად იყო 1 წელი. პოლიტიკური ვითარების გამო მომდევნო 6 წლის განმავლობაში არჩევნები აღარ ჩატარებულა.
1976
გაიმართა მორიგი საპარლამენტო არჩევნები.
1985
კვიპროსის საპარლამენტო ისტორიაში მნიშველოვანი ცვლილება მოხდა – წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით წარმომადგენელთა რაოდენობა ოთხმოცამდე გაიზარდა. აქედან 56 წევრი ირჩეოდა ბერძნული თემის მიერ, ხოლო 24 თურქული და ამგვარად შენარჩუნდა პროპორცია 70:30.
ინფორმაციის წყარო: კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალური ვებგვერდი: http://www.parliament.cy
ლატვიის პარლამენტი Saeima

1918
18 ნოემბერს გამოცხადდა ლატვიის რესპუბლიკა. ლატვიის პირველი საკანონმდებლო ორგანო იყო სახალხო საბჭო, რომელიც შედგებოდა 40 წევრისგან. საბჭო დაკომპლექტდა არჩევნების გარეშე 8 დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის შეთანხმების შედეგად.
1920
გაიმართა საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნები. არჩეულ იქნა 150 წევრი, მათ შორის 5 ქალი. ასამბლეამ მიიღო მთელი რიგი მნიშვნელოვანი კანონებისა, მათ შორის კანონი სეიმას შესახებ.
1922-1925-1928-1931
გაიმართა I-II-III და IV სეიმას არჩევნები.
1934
15 მაისის სამხედრო გადატრიალების გამო მეოთხე სეიმამ შეწყვიტა მუშაობა და მისი ფუნქციები მინისტრთა კაბინეტმა შეითავსა.
1990
18 მარტს გაიმართა უზენაესი საბჭოს არჩევნები. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ეს იყო პირველი არჩევნები, რომელშიც ნებადართული იყო სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობის მონაწილეობა. არჩეული 201 წევრიდან 139 ლატვიელი იყო.
1993
გაიმართა მეხუთე სეიმას არჩევნები.
1995
გაიმართა მეექვსე სეიმას არჩევნები. მან მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1997 წლიდან სეიმას არჩევნები უნდა გაიმართოს სამის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ.
1998-2002-2006
გაიმართა VII-VIII და IX სეიმას არჩევნები. სეიმა 100 წევრისაგან შედგება.
1995
ლატვიამ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
2003
20 სექტემბერს ჩატარდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი. მონაწილეთა 66.97%-მა მხარი დაუჭირა ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანებას.
2004
ლატვია გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა
ინფორმაციის წყარო: ლატვიის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.saeima.lv
ლიტვის პარლამენტი Seimas of Lithuania

თანამედროვე სეიმი სამი შენობისაგან შემდგარ კომპლექსშია განთავსებული. აღნიშნული შენობები 70-80-იან წლებში საბჭოთა ლიტვის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებისთვის აშენდა. 1990 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პარლამენტისთვის სამი შენობა შეერთდა ერთ კომპლექსად: პირველი შენობა განკუთვნილია სეიმის წევრებისა და მათი თანაშემწეებისთვის, ამავე შენობაშია პლენარული სხდომის დარბაზი, ნაგებობა კონფერენციებისა და შეხვედრებისთვის, თეთრი, სარკეებიანი და კონსტიტუციის დარბაზები კომპლექსის მეორე შენობაში განთავსებულია სეიმის კანცელარია, დარბაზი პრესკონფერენციებისთვის და ოთახები ჟურნალისტებისთვის. კომპლექსის მესამე შენობა წარმოადგენს სეიმის კომიტეტების, ტექნიკური სამსახურებისა და საკანონმდებლო გამომცემლობების ადგილსამყოფელს.
ლიტვის სახელმწიფოებრიობის განვითარების განმავლობაში სიტყვა "სეიმმა” (Seimas) შეიძინა პარლამენტის მნიშვნელობა. "სეიმი” ერქვა როგორც ლიტვის დიდი სამთავროს, ასევე რეჩიპოსპოლიტას (პოლონეთისა და ლიტვის გაერთიანება) უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და 1918-1940 წლებში დამოუკიდებელი ლიტვის პარლამენტს.
1920-1922
არჩეულმა ასამბლეამ (Seimas) ლიტვის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. ასამბლეას შემადგენლობა ძალზე ახალგაზრდა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქალებმაც მოიპოვეს.
1922-1923, 1923-1926, 1926-1927
გაიმართა I, II და III მოწვევის სეიმის არჩევნები.
1936-1940
რიგით მეოთხე სეიმი, რომელიც განსხვავდებოდა მისი წინამორბედებისგან არა მარტო ძალიან შემცირებული (41 დეპუტატი) შემადგენლობით, არამედ საარჩევნო პროცედურითაც.
მეოთხე მოწვევის სეიმი არსებობდა 1940 წლამდე, ვიდრე პროსაბჭოურმა ხელისუფლებამ ხელი არ მოაწერა სახელმწიფოს დაშლის აქტს და ამით ნიადაგი მოუმზადა საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის ანექსიის პროცესებს, იურიდიულად მას სახალხო პარლამენტი ეწოდა, ხოლო სრული ანექსიის შემდეგ, 1940 წლიდან მას ლიტვის უმაღლესი საბჭო დაერქვა.
1990-1992
1990 წელს გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, 1992 წელს აღსდგა სეიმი და ჩატარდა პირველი არჩევნები.
ლიტვის თანამდროვე პარლამენტი ერთპალატიანია, 4 წლის ვადით არჩეული 141 დეპუტატიდან 70 მაჟორიტარია, ხოლო დანარჩენი პროპორციული წესით არის არჩეული.
2004
ლიტველი ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების თანახმად 2004 წლის მაისში ლიტვა ევროკავშირის წევრი გახდა.
ინფორმაციის წყარო: ლიტვის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.lrs.lt/
ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/
ლუქსემბურგის პარლამენტი Parliament of Luxembourg

ლუქსემბურგის პარლამენტი განლაგებულია ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის სასახლეში, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება. ისინი ეკუთვნის სხვადასხვა ეპოქას და არქიტექტურულ სტილს - XVI საუკუნის ესპანური რენესანსი, XVIII საუკუნის კლასიციზმი და XIX საუკუნის ფრანგული რენესანსი. ამ შენობებში განლაგებულია დიდი ჰერცოგის რეზიდენცია, ლუქსემბურგის ერთპალატიანი პარლამენტი და მუზეუმი, რომელშიც არის სურათების, ჩინური ფაიფურის და რუსული მალაქიტის კოლექცია. პარლამენტის შენობა 1572 წელს აშენდა. მისი ფასადი დამშვენებულია ესპანური და მავრიტანული არაბესკებით.
1815 ლუქსემბურგი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვენის კონგრესმა აღიარა დამოუკიდებელი დიდი ლუქსემბურგის საჰერცოგო გერმანიის კავშირის შემადგენლობაში და ნიდერლანდების პირადი უნიის ქვეშ.
1868
მიიღეს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ლუქსემბურგი კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს სტატუსი დღემდე არ შეცვლილა.
1867
ლონდონის კონფერენციამ ლუქსემბურგს "მუდმივი ნეიტრალიტეტის ქვეყნის” სატატუსი მიანიჭა.
1890
შეწყდა პირადი უნია ნიდერლანდებთან და ლუქსემბურგი მთლიანად დამოუკიდებელი გახდა.
1914-1918 და 1939-1945
ორივე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ დაარღვია ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი და დაიპყრო ის. 1942 წელს ლუქსემბურგში ჩატარდა დიდი პოლიტიკური გაფიცვა, რომელიც პირველი იყო გერმანიის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში. 1942 წელს ლუქსემბურგმა მოაწერა ხელი ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნას.
1947
ლუქსემბურგი შევიდა ბენილუქსის კავშირში.
1949
შევიდა ნატოში. კონსტიტუციაში შეიცვალა მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ.
1951
ხელი მოეწერა ევროპის ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანების (ECSC) ხელშეკრულებას, რომელიც რატიფიცირებულ იქნა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ბელგიის და ნიდერლანდების მიერ.
1952
ECSC გაერთიანების უმაღლესმა ორგანომ ჟან მონეს ხელმძღვანელობით ბინა დაიდო ლუქსემბურგში.
1957
ლუქსემბურგი შევიდა ევროკავშირში.
2005
ჩატარდა რეფერენდუმი ევროკონსტიტუციის შესახებ, ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის კონსტიტუციას.
ლუქსემბურგის პარლამენტი ირჩევა 5 წლით. მასში 60 წევრია. პარლამენტის სპიკერი ირჩევა ყოველწლიურად საპარლამენტო სესიის დაწყების წინ.
ლუქსემბურგს აქვს საკუთარი ნაციონალური ლოზუნგი: "გვინდა დავრჩეთ ისეთები, როგორიც ვართ”
ინფორმაციის წყარო: ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki
მალტის პარლამენტი House of Representatives of Malta

მალტის პარლამენტი დედაქალაქ ვალეტას გამორჩეული გრანდმასტერის სასახლის შენობაშია განთავსებული.
მამული, სადაც სასახლე დგას, თავიდანვე წმ. იოანეს ორდენის კავალერის, ჟან პარისოტ ლა ვალეტას (მას უკავშირდება დედაქალაქის სახელწოდება) ძმისწულმა ეუსტაჩიო დელ მონტემ დაიკავა, რომლიც შემდეგ მალტის რაინდებმა იყიდეს.
1571 წელს ჟეროლამო კასაროს პროექტის მიხედვით მოკრძალებული სახლის ადგილას ულამაზესი სასახლე აშენდა, რომელშიც მშენებლობის დასრულებიდან ვიდრე 1798 წლამდე მხოლოდ "გრანდ მასტერის” ტიტულოვანი რაინდები ცხოვრობდნენ; ხოლო 1800 წლიდან იგი ინგლისის სამეფოს გუბერნატორების ოფიციალრი რეზიდენცია გახდა.
1964
წელის 21 სექტემბერს მალტამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიდი ბრიტანეთისაგან გამოყოფის აქტს ელიზაბედ II-მ მოაწერა ხელი.
1974
წელს მალტა რესპუბლიკად გამოცხადდა, რომლის საპარლამენტო სისტემა და ადმინისტრაციული მოწყობა ვესტმინსტერული მოდელის მსგავსია. მალტის ერთპალატიანი პარლამენტი (House of Representatives) ხუთი წლის ვადით აირჩევა, თუ იგი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის რჩევით არ დაითხოვა. საკანონმდებლო ორგანო 65 დეპუტატით არის წარმოდგენილი, თუმცა თუ პარტია არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვებს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ ახერხებს, ამისათვის მას დამატებითი ადგილები ეძლევა.
მალტის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად პარლამენტის წევრს ნიშნავს, რათა მან იმავდროულად უმრავლესობასაც უხელმძღვანელოს.
რესპუბლიკის პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ორგანო ხუთი წლის ვადით ირჩევს. პრეზიდენტის როლი როგორც სახელმწიფოს მმართველისა უფრო ცერემონიალურია.
უკანასკნელმა სამმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხის სიმპათია მეტნაკლებად თანაბრად არის გაყოფილი ორ ძირითად პოლიტიკურ პარტიას: ლეიბორისტულ და ნაციონალურ პარტიებს შორის.
2004
მალტელი ხალხის საყოველთაო რეფერენდუმზე გამოხატული ნების შესაბამისად 2004 წლის 1 მაისს მალტა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა.
ინფორმაციის წყარო:
ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტი The Parliament of Netherlands

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტი განთავსებულია ჰააგის ცენტრში, ე.წ. ბინენფოჰის კომპლექსში, რომელიც წარმოადგენს ბინენჰოფის ანუ შიდა ეზოს ირგვლივ სხვადასხვა პერიოდში (XIII ს-დან XX ს-ის ჩათვლით) აგებულ ნაგებობათა ერთობლიობას.
ტერიტორია, რომელზეც დღესდღეობით ნაგებობათა კომპლექსი მდებარეობს, ნიდერლანდების სამეფოს გრაფმა ფლორის IV-მ შეისყიდა და სასახლე ააგო. ბინენჰოფის კომპლექსის უძველეს შენობად ითვლება 1280 წელს აგებული "რაინდთა დარბაზი”, სადაც ამჟამად ორივე პალატის სხდომები იმართება. ნაგებობათა კომპლექსი პარლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ახლდება. პარლამენტის განკარგულებაშია ხუთი მთავარი ნაგებობა, რომლებიც ერთმანეთს 1992 წლის სამშენებლო სამუშაოების შედეგად დაუკავშირდა. ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტს უწოდებენ გენერალურ შტატებს ("Staten -Generaal"). იგი შედგება ორი - წარმომადგენლობითი - ქვედა პალატისა ("Tweede Kamer") და სენატი ("Senat”) - ზედა პალატისაგან. წარმომადგენლობითი პალატა ირჩევა პირდაპირი საარჩევნო წესით, ხოლო სენატი - ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მიერ არაპირდაპირი საარჩევნო წესით. ორივე პალატა ირჩევა ოთხი წლის ვადით.
1588-1795
წარმომადგენლობითი პალატის ისტორია გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება. ამ დროს გენერალური შტატები წარმოადგენდა ორგანოს, რომელშიც სხვადასახვა დამოუკიდებელი პროვინციები იყვნენ წარმოდგენილნი. ადგილობრივი მთავრობა ნიშნავდა წარმომადგენლებს გენერალურ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით, პროვინციებმა გარკვეულწილად დაუთმეს ძალაუფლება გენერალურ შტატებს, მათ მაინც შეინარჩუნეს თვითმმართველობის უფლება.
1795
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ფრანგული მოდელის საფუძველზე ნიდერლანდებში ეროვნული ასამბლეა ჩამოყალიბდა. ეროვნული ასამბლეის წევრები წარმოადგენდნენ არა ცალკეულ პროვინციებს, არამედ მთელ ქვეყანას.
1814-1848
ამ წლებში გენერალური შტატები უკვე არის ორპალატიანი ორგანო. მათ შორის ერთის, სენატის წევრები სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებოდნენ მეფის მიერ. მეფისთვის სენატი წარმოადგენდა საყრდენს, იმ შემთხვევაში თუ წარმომადგენელთა პალატა მიიღებდა კანონს, რომელსაც იგი არ ეთანხმებოდა, მეფეს სენატის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.
1848
წლიდან ნიდერლანდების პოლიტიკური სისტემა არის კონსტიტუციური მონარქია. აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და მთავრობა პასუხისმგებელია არჩეული პარლამენტის წინაშე.
1919
წლიდან ნიდერლანდებში არჩევნები ტარდება საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე.
ინფორმაციის წყარო: ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი: http://www.tweedekamer.nl/
პოლონეთის პარლამენტი Sejm

სეიმის შენობა დაპროექტებულია კაზიმირ სკორევიჩის მიერ. შენობის ხედი გამოდის ვიეისკას ქუჩაზე. გადაწყვეტილება აეგოთ შენობა პოლონეთის პარლამენტისთვის მიღებულ იქნა 1925 წელს, მას შემდეგ, რაც 1918 წელს აღსდგა პოლონეთის დამოუკიდებლობა. 1928 წლის 27 მარტს მოეწყო შენობის საზეიმო გახსნა.
1228
პრინცმა ლადიშლაუსმა სიენიას (Łęczyca) დაავალა კანონებზე თვალყურის დევნება.
1505
მიიღეს ახალი (Nihil novi) კონსტიტუცია (არავითარი სიახლე ჩვენი თანხმობის გარეშე), რაც ნიშნავდა იმას, რომ მეფეს ეკრძალებოდა კანონის მიღება სენატისა და დეპუტატების თანხმობის გარეშე.
1791
მაისის კონსტიტუცია პირველი დაწერილი კონსტიტუცია იყო ევროპაში. კონსტიტუციური აქტი არეგულირებდა სახელმწიფო კანონმდებლობის ჩარჩოებს. სახელისუფლებო სისტემის რეფორმა ემყარებოდა მონტესკიეს თეორიას.
1919
26 იანვარს ჩატარდა საკანონმდებლო ორგანოს, სეიმის თავისუფალი, საყოველთაო (ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ ქალებსაც), ფარული და პროპორციული არჩევნები, სადაც გაიმარჯვა ცენტრისტულმა პარტიამ და პარტია მემარჯვენე ფრთამ.
1921
მარტის კონსტიტუციაში – ჩაიდო პირობა ხელისუფლების რესპუბლიკური ფორმისა და პარლამენტურ-კაბინეტური სისტემისა, სადაც დომინანტური როლი ენიჭებოდა საკანონმდებლო ორგანოს აღმასრულებელთან შედარებით. შეიქმნა ორი პალატა (სეიმი და სენატი) და პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეზღუდული ძალაუფლებით, გაიზარდა სამოქალაქო უფლებათა გარანტიები.
1935
აპრილის კონსტიტუციაში – შემოღებულ იქნა საპრეზიდენტო სისტემის ავტორიტარული ელემენტები და სეიმისა და სენატის როლების მკვეთრი შეზღუდვა. პრეზიდენტი აყალიბებს მთავრობას, გამოსცემს დეკრეტებს, ნიშნავს მთავარსარდალს, ომის დროს შეეძლო დაენიშნა თავისი შემცვლელი.
1947
ჩატარდა სეიმის არჩევნები, რომლის შედეგები გაყალბდა. ამ დროიდან პოლონეთში დაიწყო კომუნისტური პარტიის მმართველობა.
1952
ივნისის ახალი კონსტიტუციური დადგენილებით შეიცვალა სახელწოდება და პოლონეთის რესპუბლიკა გახდა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა. დეკლარატულ-პროპაგანდისტური კონსტიტუცია ფორმალურად არ განსაზღვრავდა კომუნისტური პარტიის პოზიციას, რომელსაც სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ჰქონდა.
1989
აპრილში სეიმმა სენატისა და პრეზიდენტის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო.
1991
ოქტომბერში სეიმისა და სენატის პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა.
1997
ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია.
2002
მიღებულ იქნა სეიმის რეზოლუცია პოლონეთის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. 15 დეკემბერს სეიმმა მიიღო რეზოლუცია პოლონეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ.
2003
7-8 ივნისს ჩატარდა სახალხო რეფერენდუმი პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელშკრულების რატიფიცირებაზე, რომელიც დადებითად გადაწყდა.
2004
1 მაისს პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა.
ინფორმაციის წყარო: პოლონეთის საელჩო საქართველოში
პორტუგალიის პარლამენტი The Parliament of Portugal

ლისაბონში, წმინდა ბენედიქტეს სასახლეში ამჟამად განთავსებულია რესპუბლიკის ასამბლეა - პორტუგალიის პარლამენტი. თავდაპირველად სასახლის ადგილას მდებარეობდა ბენედიქტიანელთა მონასტერი, რომელიც 1615 წელს მონაზვნებმა შავი ჭირით დაავადებულთათვის ჯანმრთელობის სახლად გადააქციეს. ახალი მონასტერი აშენდა მე-17 საუკუნეში იეზუიტი არქიტექტორის ბალთაზარ ალვარესის პროექტის მიხედვით. 1820 წლის ლიბერალური რევოლუციის შემდეგ დაიწყო რელიგიური ორდენების შევიწროება. შედეგად მონაზვნები გააძევეს მონასტრიდან. შენობა დაიკავა პორტუგალიის პარლამენტმა. 1999 წელს ძველ ნაგებობას არქიტექტორ ფერნანდო ტავორას პროექტის მიხედვით მიემატა თანამდეროვე ტიპის შენობა, რომელსაც სასახლის ძველი ისტორიული იერი არ შეუცვლია.
1822 ამ წლის კონსტიტუციით იწყება პორტუგალიის საკონსტიტუციო პარლამენტის ისტორია. "პორტუგალიელი ერი წარმოდგენილია კორტესებში”, - აღნიშნულია კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში 1820 წლის ლიბერალური რევოლუციის შემდეგ შევიდა. კორტესები იყო ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ირჩეოდა ორი წლის ვადით.
1826
პედრო IV-მ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ქარტიას, რომლის თანახმად გენერალური კორტესები შედგებოდა ორი – ლორდთა და დეპუტატთა პალატისაგან. იგი ირჩეოდა 4 წლის ვადით.
1838
1836 წლის სექტემბრის რევოლუციის შემდეგ დროებით აღდგა 1822 წლის კონსტიტუცია, ხოლო 1838 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმად გენერალური კორტესები კვლავ ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო იყო.
1910
5 ოქტომბრის რევოლუციის შედეგად პორტუგალია გამოცხადდა რესპუბლიკად. ჩატარდა ეროვნული დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნები, რომელიც იყო პირველი არჩევნები ჰონდტის სისტემის მიხედვით.
1911
ახალი კონსტიტუცის მიღების შემდეგ ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. თავად ასამბლეა კი იქცა რესპუბლიკის კონგრესად, რომელიც დეპუტატთა პალატისა და სენატისაგან შედგებოდა. დეპუტატთა პალატა ირჩეოდა სამი, ხოლო სენატი ექვსი წლის ვადით.
1926
სამხედრო გადატრიალების შედეგად დამყარებული დიქტატურის გამო პარლამენტმა შეწყვიტა მუშაობა.
1933
მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია და ერთი წლის შემდეგ გაიმართა პირველი ეროვნული ასამბლეის არჩევნები.
1976
მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. შეიქმნა ერთპალატიანი რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა, რომელიც ირჩევა ოთხი წლის ვადით.
ინფორმაციის წყარო: პორტუგალიის ოფიციალური ვებგვერდი http://www.parlamento.pt
და ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki/Portugal
რუმინეთის პარლამენტი Parliament of Romania

რუმინეთის პარლამენტის სასახლის მშენებლობა 1984 წელს ნიკოლაი ჩაუშესკუს ბრძანებით დაიწყო. თავდაპირველად შენობა წარმოადგენდა რუმინეთის მთავრობის ძირითადი სტრუქტურების შტაბ-ბინას.
მშენებლობას შეეწირა ქალაქის ცენტრის ისტორიული ნაწილის ერთი მეხუთედი, მათ შორის დაინგრა მრავალი ეკლესია, რამაც უდიდესი პროტესტი გამოიწვია. ეს უზარმაზარი შენობა მრავალი რუმინელისთვის დიქტატორული რეჟიმის "ოქროს ხანის" სიმბოლოს წარმოადგენს და ამიტომაც, როდესაც 1989 წელს ჩაუშესკუ სიკვდილით დასაჯეს, ზოგიერთი მის დანგრევასაც კი მოითხოვდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ შენობაში განთავსებულიყო პარლამენტი, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის უმნიშვნელოვანესი პირობა.
1831
რუმინეთის პარლამენტის ისტორია ვალახიაში, კონსტიტუციური დოკუმენტის "ორგანული კანონის” მიღებით დაიწყო. იგივე დოკუმენტი ერთი წლის შემდგომ მიღებულ იქნა მოლდავეთშიც. ორგანულმა კანონმა განსაზღვრა რუმინეთის სამთავროს საპარლამენტო ინსტიტუტი.
1864
წელს პრინც ალექსანდრუ იოან კუზას ინიციატივით მიღებულ იქნა "პარიზის კონვენცია”, კერძოდ კი სტატუსის განვითარების სპეციალური ნაწილი, რომლის მიხედვითაც ორპალატიანი პარლამენტი დაეფუძნა სენატს და რომელიც ეროვნული წარმომადგენლობის რეფერენდუმის გზით სრულყოფასა და გაფართოებას გულისხმობდა. პარიზის კონვენციით გათვალისწინებული პოლიტიკური რეჟიმის მიღება თავისთავად გულისხმობდა ახალი პროცესების წამოწყებასა და საკანონმდებლო ხელისუფლების, როგორც ეროვნული წამოადგენლობის დასავლურ ევროპული მოდელის მიღებას.
1877
რუმინეთის პარლამენტის ფორმირების ისტორიულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად გაამყარა ეროვნული სუვერენიტეტი.
1877 წლის 10 მაისს რუმინეთის პარლამენტის თაოსნობით წაკითხულ იქნა რუმინეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
1920 წელს
"ტრიანონის ხელშეკრულების” თანახმად, რუმინეთს შეუერთდა ტრანსილვანია და ბესარაბია. ამან საფუძველი ჩაუყარა "გაფართოვებულ რუმინეთს”.
1938-1940-1944
მეფე კეროლ II-ის დიქტატორული მონარქიის პირობებში პარლამენტი მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებდა. 1940 წელს კეროლ II გადადგა, ხოლო ფაშისტურმა ეროვნულმა რეგიონალურმა მთავრობამ პარლამენტი დაითხოვა. 1944 წლიდან კი საბჭოთა ძალებისა და კომუნისტების ზეგავლენით მოხდა რეორგანიზაცია და ერთადერთი საკანონმდებლო ორგანო დეპუტატთა ანსამბლეა 1948 წლის კოსტიტუციის საფუძველზე დიდ ეროვნულ ანსამბლეად გამოცხადდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდა და მთლიანად კომუნისტების ძალაუფლებას ემორჩილებოდა.
1989
წელს დეკემბრის რევოლუციის შემდეგ შედგა პლურალისტური დემოკრატიული არჩევნები და ძალაუფლების დანაწილებისა და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის საფუძველზე პარლამენტმა დაიბრუნა წამომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია.
1991
რეფერენდუმის შედეგად მიღებული კონსტიტუციით რუმინეთს ორპალატიანი პარლამენტი აქვს, რომელიც სენატისა და დეპუტატთა პალატისაგან შედგება.
2007
წლის იანვარში, რუმინელი ხალხის რეფერენდუმზე გამოხატული ნების საფუძველზე, რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა.
ინფორმაციის წყარო: ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” www.wikipedia.org
საბერძნეთის პარლამენტი Hellenic Parliament (ელინთა პარლამენტი)

საბერძნეთის პარლამენტის შენობა თავიდან საბერძნეთის მონარქის სასახლე იყო. ის აშენდა 1843 წელს არქიტექტორ ფრიდრიხ ფონ გარტნერის პროექტით. 1909 წლის ხანძრის შემდეგ მის განახლებას დიდი დრო დასჭირდა. სამეფო ოჯახი ცხოვრობდა მასში 1924 წლამდე. ამ წელს სახალხო რეფერენდუმმა გააუქმა მონარქია. ამის შემდეგ შენობა მრავალი სხვადასხვა მიზნისათვის გამოიყენებოდა, მათ შორის დროებითი ჰოსპიტალისა თუ მუზეუმისათვის.
1929 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ გადაწყვიტა შენობაში პარლამენტის განთავსება. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა მონარქიის აღდგენის შემდეგაც.
1848
სამოქალქო აჯანყების შედეგად ჩამოყალიბდა საბერძნეთის პარლამენტი, რასაც მოყვა ახალი საბერძნეთის პირველი კონსტიტუციის მიღება.
1911
საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა, მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პარლამენტის მოდერნიზაცია.
1967
დამყარდა სამხედრო დიქტატურა. საბერძნეთში აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის მუშაობა.
1974
შვიდწლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ 1974 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი ხელისუფლების ფორმის შესარჩევად. მოსახლეობის 69,19%-მა აირჩია კონსტიტუციური მონარქია და საპარლამენტო დემოკრატია.
დღეს საბერძნეთის პარლამენტი ერთპალატიანია და 300 წევრისაგან შედგება. პარლამენტს მართავს პრეზიდიუმი, რომელიც შედგება პარლამენტის სპიკერის, სპიკერის ხუთი მოადგილის, სამი დეკანის და ექვსი მდივნისაგან.
პრეზიდიუმი ხასიათდება სამპარტიული შემადგენლობით. რაც ნიშნავს, რომ სპიკერის მეოთხე მოადგილე, დეკანი და მდივანი მიეკუთვნებიან ოპოზიციურ პარტიას, ხოლო მეხუთე მოადგილე და მდივანი მიეკუთვნებიან, ასევე, ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს მეორე შედეგი ოპოზიციურ პარტიებში. სპიკერი და მოადგილეები აირჩევიან ყოველი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დასაწყისში მიმდინარე მოწვევის მთლიანი ვადით. მაშინ როდესაც დეკანები და მდივნები არიან ამ თანამდებობებზე იმ ერთი სესიის განმავლობაში, რომლისთვისაც ისინი არჩეულ იქნენ.
ინფორმაციის წყარო: საბერძნეთის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.parliament.gr ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki/Greece
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა
L'Assemblée nationale

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობა აგებულია მე-18 საუკუნის დასაწყიში ლუიზა ფრანსუა ბურბონის მიერ, რომელიც ლუი XIV-ის კანონიერი ქალიშვილი იყო. შენობა ცნობილი იყო "ბურბონთა სასახლის” სახელით. ის დაპროექტებულია იტალიელი არქიტექტორის ჟარდინის მიერ. მშენებლობა 1728 წელს დასრულდა. 1765 წელს პრინც კონდეს ბრძანებით შენობა გაფართოვდა და შეიცვალა. საფრანგეთის რევოლუციის დროს სასახლე სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო 1827 წელს სასახლე დეპუტატთა პალატამ შეისყიდა. ბიბლიოთეკისა და ერთ-ერთი სალონის გაფორმება მხატვარ დელაკრუას ეკუთვნის.
1789
ამ წლიდან ფრანგები უკვე რეგულარულად ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს. ამ წელსვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მონარქის ძალაუფლების შეზღუდვის შესახებ.
1791
მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყოველ წელიწადს ირჩევდნენ საკანონმდებლო კრებას, რომელიც უფლებამოსილი იყო მიეღო კანონები, განესაზღვრა ხარჯები სახელმწიფო საჭიროებისთვის, მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება და გამოეცხადებინა ომი.
1792
საყოველთაო არჩევნების საფუძველზე არჩეულ იქნა ახალი ასამბლეა.
1799
ნაპოლეონ ბონაპარტეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საფრანგეთის საკანონმდებლო ხელისუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მთელი ძალაუფლება ნაპოლეონს ეპყრა.
1830
მრავალი წლის შემდეგ საფრანგეთში დაიწყო საპარლამენტო ცხოვრების აღდგენა. პირველად შემოდის პარლამენტის წინაშე მინისტრების ანგარიშგების წესი.
1875
ამ წლიდან საფრანგეთში იწყება საპარლამენტო სისტემის თანდათან გაძლიერება.
1940
ვიშიში შეიკრიბა ეროვნული ასამბლეა და მთელი ძალაუფლება გადასცა მარშალ პატენს.
1946
მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელმაც გააძლიერა საკანონმდებლო ხელისუფლება.
1955
გენერალი დე გოლი დაუბრუნდა ხელისუფლებას და პარლამენტის ძალაუფლება ნაწილობრივ შეიზღუდა.
ინფორმაციის წყარო: საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი http://www.assemblee-nationale.fr
სლოვაკეთის რესპუბლიკის სახალხო კრება National Council Of The Slovac Republic
სახალხო კრების შენობის მშენებლობა დასრულდა 1993 წელს, მისი ოფიციალური გახსნა მოხდა 1994 წელს.
1848
სექტემბერში შეიქმნა სლოვაკეთის ეროვნული კრება, რომელიც წარმოადგენდა სლოვაკეთის პირველ ეროვნულ წარმომადგენლობით ორგანოს.
1918
ჩეხეთსლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ ჩამოყალიბდა სლოვაკეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც იმავე წელს მიიღო სლოვაკი ხალხის ისტორიული დეკლარაცია.
1938
დეკემბერში, ჩატარდა სლოვაკეთის წარმომადგენლობითი ორგანოს (Snem) პირველი არჩევნები. არჩეულმა პარლამენტმა 1939 წლის 14 მარტს გამოაცხადა სლოვაკეთის დამოუკიდებლობა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში პარლამენტის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
1989
ნოემბრის "ხავერდოვანი რევოლუციისა” და კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ პოლიტიკური პროცესები სლოვაკეთში ხასიათდებოდა პლურალიზმისა და ემანსიპაციის ტენდენციებით, რომელმაც გამოიწვია ჩეხეთსლოვაკეთის მშვიდობიანი დაშლა.
1992
1 სექტემბერს სლოვაკეთის სახალხო კრებამ მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით წარმომადგენლობითმა ორგანომ მიიღო ახალი სახელწოდება: სლოვაკეთის რესპუბლიკის სახალხო კრება.
1992
25 ნოემბერს სლოვაკეთის რესპუბლიკის სახალხო კრებამ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც ფორმალურად დაადასტურა ჩეხეთსლოვაკეთის დაშლა.
1993
1 იანვარს სლოვაკეთის რესპუბლიკამ დაიწყო დამოუკიდებელი არსებობა .
ინფორმაციის წყარო: სლოვაკეთის რესპუბლიკის სახალხო კრება
სლოვენიის პარლამენტი National Assembly of Slovenia
სლოვენიის პარლამენტის შენობა ლუბლიანას ცენტრში მდებარეობს, სადაც განთავსებულია ეროვნული ასამბლეა და ეროვნული საბჭო. შენობა აგებულია 1954-1959 წლებში.
პარლამენტის სასახლის შენობაში საყურადღებოა: ფასადის ძირითად ნაწილზე, შესასვლელის ირგვლივ გამოსახული კომპოზიციის შემადგენელი სიმბოლოები. აგრეთვე დიდი და პატარა დარბაზები, სადაც ეროვნული საბჭო იკრიბება; არის რამდენიმე სხდომათა დარბაზი, მისაღები ოთახი, პრესცენტრი და ბიბლიოთეკა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მშენებლობისას გამოყენებული მასალები, მარმარილო, ქვა და ხე-ტყე მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივია.
1991 წელს მიღებული გადაწყვეტილებით პარლამენტის შენობას მიუერთდა გვერდითა შენობა, სადაც პარლამენტის ადმინისტრაციულმა აპარატმა დაიდო ბინა.
1991
საყოველთაო რეფერენდუმზე სლოვენიელმა ხალხმა ხმა მისცა იუგოსლავიისგან გამოყოფას, ეს იყო საფუძველი 1991 წლის 25 ივნისს დამოუკიდებლობის აქტის მიღებისა. სლოვენია ერთადერთი ქვეყანაა იუგოსლავიის კავშირში შემავალი ქვეყნებიდან, რომელმაც სისხლისღვრის გარეშე მიაღწია დამოუკიდებლობას.
სლოვენია საპარლამენტო რესპუბლიკაა. ორპალატიანი პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს შემადგენელი პალატებია: ეროვნული ასამბლეა და ეროვნული საბჭო.
ეროვნული ასამბლეა 90 დეპუტატით არის წარმოდგენილი, რომლებიც პროპორციული სისტემით აირჩევიან, ამ რაოდენობაში ორი ხმა იტალიელი და უნგრელი ეროვნების მოსახლეობის წარმომადგენლებს ეკუთვნის.
ეროვნული საბჭო კი უფრო უმაღლესი პალატის ფუნქციას ასრულებს და მის შემადგენლობაში 40 დეპუტატია, ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სტრუქტურულ, პროფესიულ და შიდა ინტერესთა ჯგუფებს წარმოადგენენ.
2004
წლის 1 მაისს სლოვენია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სლოვენიელი ხალხის რეფერენდუმზე გამოხატული ნება.
ინფორმაციის წყარო: სლოვენიის პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.dz-rs.si/ და ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org
უნგრეთის ეროვნული ასამბლეა The National Assembly of Hungary
1882 წელს გამოცხადდა კონკურსი უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს შენობის პროექტზე და გაიმარჯვა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, იმრე შტეინდლმა. მშენებლობა მიმდინარეობდა 1885-1904 წწ. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, რომელიც 1873 წელს ისტორიულად ჩამოყალიბებული სამი ნაწილის: ბუდას, პეშტისა და ობუდას გაერთიანებით ერთ ქალაქად გადაიქცა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული პარლამენტის შენობის, არქიტექტორმა, იმრე შტეინდლმა შენობა დასრულებული სახით ვერ იხილა, ვინაიდან იგი მშენებლობის დამთავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაბრმავდა. ნაგებობა მდებარეობს მდინარე დუნაის მარჯვენა ნაპირზე. ვესტმინსტერის სასახლის მსგავსად შენობა ნეოგოტიკურ ნაგებობას წარმოადგენს.
1848
ეროვნული პარლამენტის შექმნის იდეა უნგრელი რევოლუციონერების მიერ წამოიჭრა.
1860
უნგრეთის პირველი პარლამენტის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება იმპერატორ ფრანც იოსების მიერ საჯაროდ გამოცხადებულ კონსტიტუციაში აისახა.
1861
ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოსებმა უნგრეთს თავისი შიდა საქმეების უნგრეთის სახელმწიფო კრებაზე განხილვისა და რაიხსტაგში - ჰაბსბურგების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საერთოიმპერიული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება მისცა, რაზეც უნგრეთმა უარი განაცხადა.
1867
შეიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერია - ქვეყნის ორივე ნაწილში არსებობდა საკუთარი საკანონმდებლო ორგანო- ავსტრიის რაიხსტაგი და უნგრეთის სეიმი.
1918
უნგრეთი გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად.
1919-1944
ქვეყანას მართავდა დიქტატორი მილოშ ხორტი.
1945
საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვიდა, რომლის წამყვან ძალას წვრილ მეურნეთა დამოუკიდებელი პარტია წარმოადგენდა.
1947
დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე პარტიათა ბლოკი.
1949
კომუნისტები გახდნენ ქვეყანაში გაბატონებული პოლიტიკური ძალა.
1989
წლის 23 ოქტომბერს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად უნგრეთი გახდა საპარლამენტო დემოკრატიული რესპუბლიკა. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა, რომელიც შედგება 386 წევრისგან. იგი ირჩევა 4 წლის ვადით.
2004
1 მაისს უნგრეთი გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ინფორმაციის წყარო: უნგრეთის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.parlament.hu/ და ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/
ფინეთის პარლამენტი Eduskunta

პარლამენტის შენობა ედუსკუნტატალო (Eduskuntatalo) მდებარეობს ქ. ჰელსინკში და აგებულია 1931 წელს არქიტექტორ ი.ზ.სირენის პროექტის მიხედვით. ნაგებობა წარმოადგენს საუკუნის დასაწყისის კლასიკური სტილის ნიმუშს. შენობის გარეთა ნაწილი მოპირკეთებულია მოწითალო გრანიტით. შენობაში წარმოდგენელია 1000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, მათგან ყველაზე ცნობილი სხდომათა დარბაზში გამოფენილი ვ.ალტონენის 5 ბრინჯაოს ქანდაკებაა. 1980-იან წლებში შენობა მთლიანად განახლდა.
1362
ფინეთს მიეცა უფლება გაეგზავნა წარმომადგენლები შვედეთის მეფის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
1634
შვედეთის კონსტიტუციისა და პირველი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ფინეთის ოთხ წოდებას – დიდგვაროვნებს, სამღვდელოებას, ბურგერებს და გლეხებს მიეცათ უფლება გაეგზავნათ წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში, სტოკჰოლმში.
1809
მეფე ალექსანდრე I-მა აღნიშნული წოდებების წარმომადგენლები მიიწვია ქ. პორვოოში, სადაც ფინეთს მიენიჭა დამოუკიდებელი ”დიდი სამთავროს” სტატუსი და საკუთარი კონსტიტუციის, კანონმდებლობის, სოციალური სისტემის, ლუთერანული რელიგიის ქონის უფლება.
1906
ძალაში შევიდა საკანონმდებლო აქტი, რომლის საფუძველზეც ძველი, მე-17 საუკუნის საკანონმდებლო ორგანო შეიცვალა 200 წევრიანი ერთპალატიანი პარლამენტით.
1907
ფინეთში, მსოფლიოში პირველად საპარლამენტო არჩევნებში ქალებმა მიიღეს სრული პოლიტიკური უფლებები, მათ შორის უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი. 19 ქალი გახდა დეპუტატი.
ამავე წლის 23 მაისს გაიმართა ერთპალატიანი პარლამენტის პირველი სესია.
1919
მიღებულ იქნა რესპუბლიკის კონსტიტუცია.
2000
ფინეთის კონსტიტუციაში განხორციელდა პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიცვალა ძველი საკონსტიტუციო, საპარლამენტო და რამდენიმე სხვა აქტი.
ინფორმაციის წყარო: ფინეთის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი http://web.eduskunta.fi
ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki/Finland
შვედეთის პარლამენტი RIKSDAG

სტოკჰოლმში, ჰელგენდსჰოლმენის (Helgeandsholmen) პატარა კუნძულზე მდებარეობს შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) შენობა. სახელწოდება რიკსდაგი ეკვივალენტურია გერმანული სიტყვისა რაიხსტაგი.
1435
თანამედროვე რიკსდაგის ისტორია ქალაქ არბოგაში შვედი დიდგვაროვნების შეკრებით იწყება. ეს არაოფიციალური ორგანიზაცია განიხილავდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ხშირად არბოგას შეხვედრებს შვედეთის პირველ პარლამენტს უწოდებენ.
1527
ეს არაფორმალური ორგანიზაცია გარდაიქმნა შვედეთის მეფის გუსტავ I-ის ინიციატივით. მასში ოთხი წოდება – დიდგვაროვნები, სამღვდელოება, ბურჟუაზია და გლეხები იყვნენ წარმოდგენილები. დაახლოებით ამ პერიოდიდან ჩნდება ტერმინი "რიკსტაგი”.
1772
ეკონომიკური კრიზისის, კორუფციისა და წოდებებს შორის დაპირისპირების გამო რიკსდაგის გავლენა შესუსტდა და ძალაუფლება კვლავ მეფის ხელში გადავიდა.
1810
დაინიშნა პირველი საპარლამენტო ომბუდსმენი. ამავე წელს მიღებულ იქნა რიკსტაგის მნიშვნელოვანი აქტი - რიკსტაგის სამუშაო პროცედურების შესახებ.
1865
ყველა წოდების წარმომადგენელმა ხმა მისცა ე.წ წოდებების რიკსდაგის გაუქმებას და ახალი რიკსდაგის დაარსებას. ამდენად შეიქმნა ახალი ორპალატიანი პარლამენტი. ეს იყო პოლიტიკური ასამბლეა, რომლის წევრებიც განურჩევლად წოდებისა ინიშნებოდნენ ეროვნული არჩევნების საფუძველზე.
1921
წელს ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, რომელშიც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით სარგებლობდნენ.
1971
გაუქმდა ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა და შეიქმნა ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც ირჩეოდა სამი წლის ვადით.
1994
მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რიკსდაგი ირჩევა 4 წლის ვადით.
1995
შვედეთი გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ინფორმაციის წყარო: შვედეთის პარლა-მენტის ოფიციალური ვებგვერდი http://www.riksdagen.se ელექტრონული ენციკლოპედია "ვიკიპედია” http://en.wikipedia.org/wiki/Sweden
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტი Poslanecká Sněmovna

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის შენობა 1720 წელს აშენდა და წარმოადგენდა მაშინდელი გავლენიანი სათავადო გვარის ტუნების რეზიდენციას. შენობა ბაროკოს სტილშია და დღევანდელამდე იგი ინარჩუნებს თავის არქიტექტურას, ხოლო არქიტექტორის ვინაობა ისტორიული წყაროების სიმცირის გამო უცნობია. 1779 წელს თავადმა ტუნმა სასახლე თეატრად გადააკეთა. თეატრს ხშირად სტუმრობდა იმპერატორი იოსეფ II. 1848 წელს, სათავადო კრების აღდგენის მიზნით, შენობას ახალი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1969 წელს შენობა ჩეხეთის პარლამენტს გადაეცა.
1848-1918
ჩეხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე მოქმედებდა ორი მიწის - ბოჰემიისა და მორავის კრება. მიწის კრება უფლებამოსილი იყო გარკვეულ სფეროებში (მაგ. სოფლის მეურნეობა, მიწის, როგორც ადმინისტრაციული ერთეულის, ბიუჯეტი) მიეღო კანონები.
1918
ჩეხოსლოვაკიის პირველი რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ ჩამოყალიბდა სახალხო კრება, რომელმაც აირჩია რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. კრებამ ფუნქციონირება მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა.
1945-1968
მეორე მსოფიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა დროებითი სახალხო კრება. ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის აღდგენის შემდეგ საკანონმდებლო ფუნქციას ფედერალურ დონეზე ასრულებდა ფედერალური ასამბლეა, ხოლო ჩეხეთის დონეზე - ჩეხეთის სახალხო კრება.
1992
25 ნოემბერს ფედერალურმა ასამბლეამ მიიღო კონსტიტუციური კანონი ჩეხოსლოვაკიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შესახებ.
1993
1 იანვარს სახალხო კრების მიერ 1992 წლის 16 ნოემბერს მიღებული კონსტიტუციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩეხეთის რესპუბლიკა. კონსტიტუციის მიხედვით სახალხო კრებას შეეცვალა სახელი და დაერქვა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატა (Sněmovna).
1996
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩეხეთის პარლამენტი, რომელიც შედგება ორი პალატისგან: სენატისა და წარმომადგენელთა პალატისაგან. სენატი ირჩევა მაჟორიტარული წესით, წარმომადგენელთა პალატა პარტიული პროპორციული წესით.
ინფორმაციის წყარო: ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტი http://www.psp.cz
გვერდი მომზადებულია ევროკავშირის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეფორმების მხარდაჭერა" (EUSPGeorgia) დახმარებით. რეკომენდაციებისა და კომენტარებისთვის დაგვიკავშირდით: mari_ka@parliament.ge ან tchelidze@parliament.ge
|