ოქმი N126

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის    სხდომის

ოქმი N126

                                                                      10  მაისი 2012წ.

14:00 საათი. ოთახი N221  

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე,  მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ სუხიშვილი,  დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე.

მოწვეულები: რუსუდან კემულარია–საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის   9  წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

1. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა III მოსმენა/;

      /მომხსენებელი: რუსუდან კემულარია/

2.  "საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»  პირველი მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  საკანონმდებლო ინიციატივა);

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

3.  "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის  განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა) 

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე დამსწრე ფრაქციების, აგრეთვე მასმედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ "ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტის" (NDI) ორგანიზებით საპარლამენტო ფრაქციებისათვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველა ფრაქციას ექნება შესაძლებლობა, რომ სამუშაო რეჟიმში წარმოადგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები. 

დიმიტრი ლორთქიფანიძემ სხდომის დღის წესრიგის გაცნობისა და სხდომის თავმჯდომარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ მის ფრაქციას მომზადებული აქვს მოსაზრებები ახალი რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტის"(NDI) ორგანიზებით საპარლამენტო ფრაქციებისათვის ეწყობა სამუშაო შეხვედრა, თავის მოსაზრებებს შეჯერებული სახით წარმოადგენს ამ სამუშაო განხილვის შემდგომ.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ  საკითხთან  დაკავშირებით:

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა III მოსმენა/;

მოისმინეს: ირინა კემულარიას  მოხსენება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მესამე მოსმენისათვის განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა.

       მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ცვლილების თანახმად  ხდება "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის განსაზღვრული შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთა ჩამონათვალიდან შემოსავლების სამსახურის პირველი მოადგილის ამოღება.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის;

2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

      /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/   

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე  საკითხთან  დაკავშირებით:

"საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»  პირველი მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  საკანონმდებლო ინიციატივა);

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება. მომხსენებელმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა "ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტს" (NDI), რომელიც აქტიურად ეხმარებოდათ ახალი რეგლამენტის პროექტის შემუშავების პროცესის ორგანიზებაში.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და იურიდულ დეპარტამენტთან ერთად 9 თვიანი სამუშაო პროცესის შემდგომ  დაასრულა საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც მიმდინარეობდა შემდეგი მეთოდოლოგიის მიხედვით:

–         რა ნორმებმა იმუშავა ანუ რა დარჩება უცვლელი;

–         რა ნორმებმა არ იმუშავა საერთოდ და იქნება ამოსაღები;

–         რა ნორმებს დასჭირდება ცვლილება;

ამ პრინციპით შემუშავდა ახალი რეგლამენტის პროექტი, რომლის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტია ამომრჩევლებთან მუშაობის მექანიზმების დახვეწა–სრულყოფა. კონკრეტულად გაიწერა პროცედურები, როგორც მაჟორიტარი, ისე პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის.

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტით იხელმძღვანელებს ახალი მოწვევის პარლამენტი, შესაბამისად გარდამავალი დებულებების ნაწილი წარმოდგენილ პროექტში საკმაოდ დიდი მოცულობისაა, კონკრეტულად: ახალი რეგლამენტი შედგება 14 კარის,  79 თავისა და 321 მუხლისაგან, მათ შორის გარდამავალი დებულებების ნაწილი იწყება 290–ე მუხლიდან.

რეგლამენტის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტი, საკანონმდებლო პროცედურების დაწყების შემდგომ განიხილა საქართველოს პარლამენტის ყველა კომიტეტმა და მხარს უჭერენ წარმოდგენილ ინიციატივას.

 კომიტეტებმა წარმოადგინეს მთელი რიგი  საყურადღებო მოსაზრებები, რომელთა განხილვაც მოხდება ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), მიერ საპარლამენტო ფრაქციებისათვის ორგანიზებული სამუშაო განხილვის შემდგომ.

ხათუნა გოგორიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან გამოყო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც შესაბამისად შეეხებოდა: საერთაშორისო ურთიერთობებს, საბიუჯეტო პროცესებს, პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებსა და პლენარული სხდომების ჩატარების პროცედურებს, კერძოდ: პლენარული სხდომების დაწყების დროს, რომელიც პროექტის თანახმად განისაზღრა  – 12 საათიდან.

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან საყურადღებოა – პლენარული სხდომის გაგრძელების საკითხი, რომელიც დღეს მოქმედი ნორმის თანახმად შესაძლებელია გაგრძელდეს მხოლოდ საღამოს 9 საათამდე. საპარლამენტო საქმიანობის პროცესში ბევრჯერ დადგა პლენარული სხდომის 9 საათის შემდგომ გაგრძელების საჭიროება, რაც ბუნებრივია მოითხოვს შესაბამის რეგულაციას რეგლამენტით. მისი აზრით, უნდა არსებობდეს პლენარული სხდომის უფრო მეტი ხნით გაგრძელების საშუალება, მაგრამ ძალიან ზუსტად უნდა განისაზღვროს ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევებში შეიძლება  გაგრძელდეს პლენარული სხდომა. საყურადღებო და დამატებით გასაანალიზებელი მოსაზრება განმარტებით ბარათში არსებული იმ ჩანაწერის თაობაზე, რომელიც კანონპროექტით გამოწვეულ საფინანსო ხარჯებს შეეხება, კერძოდ უნდა მოხდეს თუ არა ინიციატორის მიერ გაკეთებული ჩანაწერის /საფინანსო ცვლილებების თაობაზე/ გადამოწმება, ვისი კომპეტენცია შეიძლება იყოს  გადამოწმების პროცედურა – საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თუ საბიუჯეტო ოფისის?

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, საპარლამენტო საქმიანობის რეჟიმი განისაზღვრა დღეს მოქმედი რეჟიმის ანალოგიურად – ორკვირიანი ციკლით, თუმცა შემცირდა სესიების რაოდენობა 4–დან 2–მდე.

პირველ – სასესიო კვირაში საკომიტეტოს სხდომების დღეები იქნება სამშაბათი და ხუთშაბათი, ხოლო პლენარული სხდომები ჩატარდება ოთხშაბათსა და პარასკევს;

მეორე –არასასესიო კვირაში დადგინდება სპეციალური დღე – ამომრჩევლებთან შეხვედრის. ეს იქნება სავალდებულ ნორმა, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის. ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრებისა და საკითხების შესახებ (მიუხედავად ფრაქციული კუთვნილებისა) პარლამენტის წევრმა წერილობით უნდა მიაწოდოს შესაბამის კომიტეტს, ხოლო კომიტეტები ამ საკითხებს პერიოდულობით სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ კომიტეტის სხდომებზე. ამომრჩევლებთან შეხვედრის ვალდებულებითი ნორმის ამოქმედება და რეაგირების ამგვარი მექნიზმის შემუშავება ხელს შეუწყობს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას;

მომხსენებელმა ხაზი გაუსვა აგრეთვე ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად საკითხის განხილვის ინტერფრაქციული ფორმის ამოქმედებას. ამ ინტერფრაქციულ ჯგუფს, როგორც ცალკე სუბიექტს შეეძლება საკითხის წარდგენა და გამოტანა პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

საკანონმდებლო პროცედურების რეგულაციებთან დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეს პროცედურები გაწერილი უნდა იყოს მარტივი, გასაგები ენით და არ უნდა იძლეოდეს ორმაგი წაკითხვის საშუალებას.

ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის საკითხთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღევანდელი სანქციებისაგან განსხვავებით ახალი რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, საჯარიმო სანქციები უნდა იყოს გონივრული ოდენობის, იმისათვის, რომ ამ სანქციებმა იმოქმედონ. (მაგალითისათვის: თუ პარლამენტის წევრმა პულტი სხვას დაუტოვა – მას ექვითება 1 თვის ხელფასი, ამ პარლამენტის წევრის მიმართ ვერ აამოქმედებ სხვა საჯრიმო სანქციას, მის მიერ იმავე თვეში სხვა დარღვევების ჩადენის მიუხედავად). კანონმდებლობით დადგენილი ნორმის თანახმად: "საჯარიმო სანქცია არ შეიძლება იყოს ხელფასის ნახევარზე მეტი". რეგლამენტით დღეისათვის განსაზღვრული საჯარიმო სანქციების ოდენობა წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნასთან, ამიტომ ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად შემცირდა საჯარიმო სანქციების ოდენობა, მაგრამ არა პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის შემცირების, არამედ ამ სანქციების ეფექტური გამოყენების მიზნით. დამატებით მსჯელობას საჭიროებს საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ იხარჯება საჯარიმო სანქციების მეშვეობით დაქვითული თანხები, როგორ უნდა გახდეს ამ თანხების ხარჯვა გამჭვირვალე?          

აზრი გამოთქვეს:

კახაბერ  სუხიშვილმა დამატებით დაზუსტებისათვის დასვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა ფორმით მიმართავს პარლამენტის წევრი ამომრჩეველთან შეხვედრის თაობაზე კომიტეტს და რა პერიოდულობით მოხდება კომიტეტის მიერ სხდომაზე აღნიშნული საკითხების განხილვა?

მაგდალინა ანიკაშვილი დასვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ გააკონტროლებს პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრის საკითხს, რომელიც ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად სავალდებულო ნორმა ხდება, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის?

თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, პირველ რიგში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "საიას" ახალი რეგლამენტის პროექტის მომზადების სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია; თათული თოდუამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს იმის თაობაზე, რომ ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, მისი აზრით, უარესდება საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალეობის საკითხი, კონკრეტულად მან დაასახელა კომიტეტის სხდომების 2 დღით ადრე ანონსირების ვადის შემცირება 1 დღემდე.   მისი აზრით, უარესდება აგრეთვე პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები, რაზედაც მიუთითებს საჯარიმო სანქციების შემცირება.

ხათუნა გოგორიშვილმა კახაბერ სუხიშვილის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით დააზუსტა, რომ პარლამენტის წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრის თაობაზე კომიტეტს მიმართავს წერილობითი ფორმით. ხოლო კომიტეტი თვეში ერთხელ განიხილავს აღნიშნულ საკითხებს. რაც შეეხება მაგდალინა ანიკაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას, პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრის გაკონტროლების თაობაზე, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დამატებით მსჯელობას საჭიროებს. სავარაუდოდ, მისი აზრით, ყველაზე უფრო მართებული იქნება, რომ ამ საკითხის გაკონტროლების უფლება ჰქონდეს შესაბამის ფრაქციებს.

           რაც შეეხება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელის –, თათული თოდუას მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ "საიას" ახალი რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს ვალდებულება იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად ჩართული უნდა იყვნენ კანონპროექტების მომზადების სამუშაო პროცესში (ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) – ორგანიზებას უწევდა სამუშაო პროცესს)  ამიტომ მის მიერ გამოთქმულ საყვედურს ვერ გაიზიარებს.

          რაც შეეხება, კომიტეტის სხდომის ანონსირების ვადის შემცირებას 1 დღემდე, ეს ეხება მხოლოდ სასესიო კვირას, როდესაც ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება პლენარული სხდომები, ხოლო სამშაბათსა და ხუთშაბათს კომიტეტის სხდომები. სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე მიცემული დავალება ხუთშაბათს კომიტეტის სხდომის ჩატარების თაობაზე 2 დღით ადრე ვერ განთავსდება.  არასასესიო კვირაში რჩება სავალდებულო ანონსირების 2 დღიანი ვადა.   

           პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ხათუნა გოგორიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალი რეგლამენტის პროექტით საჯარიმო სანქციები განისაზღვრა გონივრული ოდენობით მათი რეალური და ეფექტური მოქმედების მიზნით.        

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  საკანონმდებლო ინიციატივა – "საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტი და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»  მომზადებულად ჩაითვალოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის;

2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

       /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/   

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე  საკითხთან  დაკავშირებით:

 "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის  განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა) 

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად კანონპროექტი მომხსენებელმა წარმოადგინა მუხლობრივად.

     საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, საზეიმო/საიუბილეო სხდომების გამართვის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება 1301 მუხლი, რომლის თანახმადაც:

–         საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს საქართველოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა;

– საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს, აქვს სიმბოლური დატვირთვა და სხდომის მიმდინარეობისას არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. საზეიმო/საიუბილეო სხდომა ტარდება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სხდომა იხურება;

 – საზეიმო/საიუბილეო სხდომას როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს;

– საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნან სპეციალური  სტუმრები;

–         საზეიმო/საიუბილეო სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას  პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

 საკანონმდებლო ინიციატივა ამოქმედდება მიღებისთანავე, მითუმეტეს, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იგეგმება საზეიმო სხდომის ჩატარება ქუთაისში.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ"  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის;

2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

       /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/   

 

 

               კომიტეტის თავმჯდომარე

                               

                

                                                                                   ხათუნა გოგორიშვილი 

 

 

               კომიტეტის  აპარატის                           

                          უფროსი                                                თამარ დიხამინჯია                 

 
modules