| ოქმი N127 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N127 18 მაისი 2012წ. 15:00 საათი. ოთახი N221 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი(პროექტი): 1. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მეორე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა); /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/ 2. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/ 3. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/ სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ აღნიშნული საკითხი მოეხსნათ დღის წესრიგიდან და გადაეტანათ კომიტეტის მომდევნო სხდომაზე განსახილველად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის პროექტის ფრაქციებთან განხილვის დროს გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების ნაწილი შესათანხმებელია თვით ფრაქციებს შორის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისა და წარმოდგენის მიზნით. აგრეთვე, პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტისადმი განსაკუთრებული დიდი ინტერესის გამო, დამატებით დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა, გასათვალისწინებელია აგრეთვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების ნაწილი. კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ წინადადებას და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგი: 1 "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/ 2. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში დაწესებულია ორდენები, მედლები და სიგელები, რომლითაც ჯილდოვდებიან, როგორც შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე პარლამენტში დასაქმებული პირები პარლამენტარიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისა და პარლამენტში ეფექტური მუშაობისათვის. დღეისათვის საქართველოს პარლამენტში ანალოგიური ტრადიცია არ არსებობს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტში საუკეთესო საპარლამენტო ტრადიციების დანერგვა და შესაბამისად საქართველოს თავისუფლების ორდენისა და პარლამენტის მედლის შემოღებისა და გაცემის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. პროექტის თანახმად: თავისუფლების ორდენი გადაეცემა პირებს პარლამენტარიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო, პირადი წვლილისათვის; პარლამენტის მედალი გადაეცემათ საქართველოს პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. როგორც ინიციატორმა აღნიშნა, პროექტის თანახმად საქართველოს თავისუფლების ორდენითა და პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოვების წესს, ფულადი ჯილდოს ოდენობასა და თავისუფლების ორდენის აღწერილობას დაადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით. ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას თან ერთვის საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული მასალა "საზღვარგარეთის ქვეყნების პარლამენტების მიერ დაწესებული ჯილდოების" თაობაზე (ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, ესტონეთი, სომხეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და ა.შ), რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანშეწონილობასა და აუცილებლობას საუკეთესო საპარლამენტო ტრადიციების საქართველოს პარლამენტში დანერგვის მიზნით. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ინიციატივას და კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილებას გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის; 2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა)
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები და მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით არ შემოსულა.
მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება 1301 მუხლი, რომელიც ახდენს საქართველოს პარლამენტში საზეიმო/საიუბილეო სხდომების გამართვის საკანონმდებლო რეგულირებას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას. გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის; 2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია
|






