| ოქმი N125 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N125 4 მაისი 2012წ. 15:00 საათი. ოთახი N221 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, კახაბერ ანჯაფარიძე, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე და თამაზ პეტრიაშვილის ადგილმონაცვლე მამუკა გაჩეჩილაძე. მოწვეულები: რუსუდან კემულარია–საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი(პროექტი): 1. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა/; /მომხსენებელი: რუსუდან კემულარია/ 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" I მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა/; მოისმინეს: ირინა კემულარიას მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენისათვის განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად კანონპროექტი მომხსენებელმა წარმოადგინა მუხლობრივად: პროექტის პირველი მუხლის თანახმად "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის "ნ" ქვეპუნქტის ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: – "შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი". როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის განსაზღვრულ შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთა ჩამონათვალიდან ხდება შემოსვლების სამსახურის პირველი მოადგილის ამოღება. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას. გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის; 2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" I მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება არა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს, რომელიც დარიგებულია კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვებისა და დასკვნების წარმოდგენისათვის, არამედ მოქმედ რეგლამენტს. როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტოს საქმიანობის პროცესში გამოიკვეთება ხოლმე პრაქტიკული საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციას საჭიროებენ, ამიტომ პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფა ამ მიმართულებით მთელი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში მიმდინარეობს. აგრეთვე რეგლამენტში არსებობს რიგი ნორმებისა, რომელთა პრაქტიკული გამოყენებაც ბოლო 7 წლის განმავლობაში არ მომხდარა. საპარლამენტო საქმიანობის სპეციფიკიდან და წესიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო იყოს საზეიმო, სადღესასწაულო, საიუბილეო სხდომის ჩატარება, ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტებთან, მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით. შესაძლოა საჭირო იყოს მაღალი რანგის სტუმრის მიერ მიმართვა პარლამენტისადმი/მომხსენებელმა მოიყვანა მაგალითი – ჟოზეფ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში/. დღეს მოქმედი რეგლამენტი არ იცნობს ამგვარ ნორმას ამიტომ მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია შემოღებული იქნეს შესაბამისი რეგულაციები საზეიმო/საიუბილეო სხდომების გასამართად, მითუმეტეს, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აპირებენ სხდომის ჩატარებას ქუთაისში. ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილება უნდა აისახოს აგრეთვე ახალი რეგლამენტის პროექტში.
აზრი გამოთქვეს: კახაბერ სუხიშვილმა დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება თუ არა საზეიმო სხდომების გამართვა გარდა ქუთაისისა სხვა ადგილას, სხვა ქალაქში? ხათუნა გოგორიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის სხდომების ჩატარება, თუნდაც ეს იყოს საზეიმო სხდომა დასაშვებია მხოლოდ იმ ადგილას, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას. გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის; 2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია |






