ოქმი N122

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის    სხდომის

ოქმი N122

                                                                      11 აპრილი 2012წ.

12:00 საათი. ოთახი N221  

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე,  დილარ ხაბულიანი, კახაბერ სუხიშვილი,  გიორგი ხახნელიძე,  ელენე ჯავახაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  9   წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ"  I I მოსმენით განხილვა     

 

მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი

 

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით:

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის  მოხსენება.

         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით განხილვისათვის წარმოადგინა მუხლობრივად.

        1.   რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:

–         იცვლება რეგლამენტის XXX თავის სათაური და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: "პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის წარმომადგენლობით ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან";

შენიშვნა: მომხსენებელმა კომიტეტის აპარატს დაავალა, რომ აღნიშნული პუნქტი შესაბამისობაში მოეყვანათ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანულ კანონთან და რეგლამენტის XXX თავის სათაურიდან ამოეღოთ სიტყვა "მმართველობა"  შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე დარიგებული რეგლამენტის პროექტისაგან განსხვავებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენილ პროექტში XXX თავის სათაური ჩამოყალიბდებოდა შემდეგი რედაქციით: "პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის წარმომადგენლობით ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან";

2. რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის მეორე  პუნქტის თანახმად რეგლამენტს დაემატება შემდეგი შინაარსის 2011მუხლი:

–         საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების  კოორდინაციის მიზნით  საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო;

–        ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში  შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ–სამი წევრი;

–        ერთობლივ საკოორდინაცო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით ერთ–ერთი მოადგილე;

–        ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გაიმართება სამ თვეში ერთხელ მაინც;

3. რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის მესამე  პუნქტის თანახმად რეგლამენტს დაემატება შემდეგი შინაარსის 2714მუხლი:

– "2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს", როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში"

         4.  რეგლამენტის პროექტის მეორე მუხლის თანახმად:

–          საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ საქართველოს პარლამენტში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრთა დანიშვნა.

5.  რეგლამენტის პროექტის მესამე მუხლის თანახმად:

  –  ეს რეგლამენტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

   მომხსენებელმა რეგლამენტის პროექტის მუხლობრივი წარმოდგენის შემდგ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოების თანამშრომლობის დღეისათვის არსებული ფორმატი მოიცავდა წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, როგორც საკანონმდებლო, ისე სხვა ტიპის საკოორდინაციო ურთიერთობებს; თუმცა არსად კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტში ჩამოყალიბებული არ იყო ამ ურთიერთობის სამართლებრივი ჩარჩოები და ძირითადად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხილვები მიმდინარეობდა ინდივიდუალურ რეჟიმში.

ზემოაღნიშნული გარემოების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონდებლო ინიციატივის მიზანი იყო  სწორედ საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების  კოორდინაცია და ურთიერთობების სამართლებრივი რეგულაცია.   

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ პარალელურ რეჟიმში სათანადო ცვლილებები ხორციელდებოდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების რეგლამენტებში.

ხათუნა გოგორიშვილმა   აღნიშნა, რომ მიუხედავად მის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გაკეთებული  განმარტებისა,  პარლამენტის რიგი ოპოზიციური წარმომადგენლებისა და შესაბამისად საინფორმაციო საშუალებების მიერ გრძელდებოდა პროექტით განსაზღვრული ცვლილების ( "2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს", როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში" ) არასწორი  ინტერპრეტირება და არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

         ამ გარემოების გათვალისწინებით, ხათუნა გოგორიშვილმა სხდომაზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლებისათვის კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება, რომლის თანახმადაც: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად განისაზღვრა ქალაქი ქუთაისი. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ამოქმედდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. ამჟამად საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის და რეგულირდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–4 მუხლით, შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და არა საქართველოს კონსტიტუციაში. ამგვარად, ცვლილება, რომლის თანახმადაც:  "2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს", როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში" იურიდიული თვალსაზრისით გამართულია და საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. სხვა საკითხია ნებისმიერი ადამიანის პირადი პოზიცია (რომელიც შესაძლოა იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური) პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშიებით.

 

აზრი გამოთქვეს:

 

მაგდალინა ანიკაშვილმა დააზუსტა საკითხი საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელის ქუთაისში გადატანის თარიღთან დაკავშირებით 

 

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ მომხსენებლის მიერ მუხლობრივად წარმოდგენილ  ცვლილებებს რეგლამენტში და სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კენჭი უყარეს დასკვნის პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

1.            საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში "ცვლილებების შეტანის შესახებ"  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე                I I მოსმენით განხილვისათვის;

 2.    პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

                  /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/

 

 

 

         კომიტეტის თავმჯდომარე

                

              

                

                                                                                ხათუნა გოგორიშვილი 

 

 

 

              კომიტეტის  აპარატის                           

                         უფროსი                                           თამარ დიხამინჯია

                    

 
modules