ოქმი N121

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის    სხდომის

ოქმი N121

                                                                      10 აპრილი 2012წ.

11:00 საათი. ოთახი N221  

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი,  კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი,  გიორგი ხახნელიძე,  ელენე ჯავახაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  7   წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ"  I მოსმენით განხილვა     

 

მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი

 

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით:

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის  მოხსენება.

         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვისათვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა რეგლამენტის პროექტის ძირითადი პრინციპები.

         როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოების თანამშრომლობის არსებული ფორმატი მოიცავს წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, როგორც საკანონმდებლო, ისე სხვა ტიპის საკოორდინაციო ურთიერთობებს; თუმცა არსად კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტში დაფიქსირებული და ჩამოყალიბებული არაა ამ ურთიერთობის სამართლებრივი ჩარჩოები. ფაქტობრივად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხილვები მიმდინარეობს ინდივიდუალურ რეჟიმში, რაც ცხადია, არ წარმოადგენს სრულფასოვან საკანონმდებლო რეჟიმს.

         ზემოაღნიშნული გარემოების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონდებლო ინიციატივის მიზანია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე კოორდინირებული მუშაობა. ამ მიზნის შესაბამისად, რეგლამენტს დაემატება მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებისაგან შეიქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო, 9 წევრის შემადგენლობით:

–        ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში  შევლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ–სამი წევრი;

–        ერთობლივ საკოორდინაცო საბჭოს უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით ერთ–ერთი მოადგილე;

–        ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გაიმართება სამ თვეში ერთხელ მაინც;

–         საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა რეგლამენტში ამ ცვლილებების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრთა პარლამენტში წარდგენა.

ხათუნა გოგორიშვილმა გარდა ზემო აღნიშნულისა, საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს მეორე ცვლილებას რეგლამენტში, რომლის თანახმადაც "2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს", როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.

          იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარლამენტის რიგი ოპოზიციური წარმომადგენლებისა და შესაბამისად საინფორმაციო საშუალებების მიერ აღნიშნული ცვლილება ინტერპრეტირებული იქნა, როგორც არაკონსტიტუციური, ხათუნა გოგორიშვილმა სხდომაზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლებისათვის გააკეთა დამატებით განმარტება, რომლის თანახმადაც: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად განისაზღვრა ქალაქი ქუთაისი. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ამოქმედდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. ამჟამად საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის და რეგულირდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–4 მუხლით, შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და არა საქართველოს კონსტიტუციაში. ამგვარად, ცვლილება, რომლის თანახმადაც:  "2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს", როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში" იურიდიული თვალსაზრისით გამართულია და საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. სხვა საკითხია ნებისმიერი ადამიანის პირადი პოზიცია (რომელიც შესაძლოა იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური) პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშიებით.

 

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად პრინციპებს და კენჭი უყარეს დასკვნის პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

1.            საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში "ცვლილებების შეტანის შესახებ"  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე                I მოსმენით განხილვისათვის;

 2.    პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

                  /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/

 

 

 

         კომიტეტის თავმჯდომარე

                

              

                 

                                                                                ხათუნა გოგორიშვილი 

 

 

              კომიტეტის  აპარატის                           

                         უფროსი                                           თამარ დიხამინჯია

                    

 
modules