|
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
სხდომის
ოქმი N109
24 ოქტომბერი 2011წ.
13.00 საათი. ოთახი N221
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე, დილარ ხაბულიანი და ელენე ჯავახაძის ადგილმონაცვლე მამუკა გაჩეჩილაძე
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი - თამარ დიხამინჯია, კომიტეტის
აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა III მოსმენა/
/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვა
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნა მეორე მოსმენით განხილვის დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნა ნებისმიერ შემთხვევაში სამივე მოსმენით მიღებული კანონპროექტების ძალადაკარგულად გამოცხადების დაუშვებლობის თაობაზე, შესაბამისად მოხდა რედაქციული ხასიათის კორექტირება და დაზუსტდა, რომ "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტიით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი და განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტები ჩაითვლება უარყოფილად, რის შესახებაც წამყვანი კომიტეტი აცნობებს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომლის გადაწყეტილებაც გაფორმდება საოქმო ჩანაწერით";
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს არ იქნა გათვალისწინებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოთქმული მეორე მოსაზრება – მთლიანობაში რეგლამენტში ამ ტიპის ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე.
ხათუნა გოგორიშვილმა რეგლამენტის 272–ე მუხლის მე–3 პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით (რეგლამენტის 149–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის ამოქმედება 2013 წლის 1 იანვრამდე გადავადდება) კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის გადავადება 2013 წლისათვის გულისხმობს არა ვალდებულების გაუქმებას, არამედ სუბიექტის ცვლილებას – კონკრეტულად: 2013 წლამდე, ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება კანონპროექტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, ნაცვლად იურიდიული დეპარტამენტისა აქვს საკანონმდებლო ინიციტივის მქონე სუბიექტს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას განმარტებით ბარათში მიუთითებს.
გადაწყვიტეს(ერთხმად):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის;
2. კანონპროექტზე მომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარე – ხათუნა გოგორიშვილი.
/კანონპროექტი და დასკვნა თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის
უფროსი თამარ დიხამინჯია
|