| ოქმი N107 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N107 30 სექტემბერი 2011წ. 12.00 საათი. ოთახი N221 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, გურამ მისაბიშვილი, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე. მოწვეულები: გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 1. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა/; /მომხსენებელი: გია ხუროშვილი/ 2. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა I მოსმენა/ . /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/ სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
1. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა
მოისმინეს: გია ხუროშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა კანონპროექტი მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ: –"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე–2 მუხლის პირველ პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის "ი1" ქვეპუნქტი: "საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე" მომხსენებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული კანონის მიზნებისათვის ითვლებიან თანამდებობის პირებად. წარმოდგენილი კანონპროექტით თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობა და მათზეც გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული მოქმედების შეზღუდვა. კერძოდ, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ეკონომიკური ინტერესების განცხადება–გამოქვეყნება და პასუხისმგებლობა კორუფციული სამართლიანობისათვის.
აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება, რომ ანალოგიური ცვლილება განხორციელდეს სახალხო დამცველისა და მისი მოადგილის შემთხვევაშიც. კერძოდ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე. გია ხუროშვილი დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დამატებოდა სახალხო დამცველი და მისი მოადგილე, მაგრამ ცალკე საკანონმდებლო ინიციატივის სახით.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
1. კანონპროექტი: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. 2. კანონპროექტზე თანამომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით თოდრაძე. /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/
2. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვა მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც, მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების მიზეზი გახლავთ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქათველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის სამართლებრივი რეგულირების საკითხს /მომხსენებელმა მოიყვანა მაგალითები საპარლამენტო პრაქტიკიდან/, შესაბამისად კანონპროექტის მიზანია ამ ტიპის საკითხების სამართლებრივი რეგულაციის სივრცეში მოქცევა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა, კერძოდ ყოფილი პარლამენტის წევრის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ჩაითვლება უარყოფილად, რის შესახებაც წამყვანი კომიტეტის მიერ ეცნობება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომლის გადაწყეტილებაც გაფორმდება საოქმო ჩანაწერით. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის 149–ე მუხლის მე–2 პუნქტს დაემატება მე–7 პუნქტი. თუ იქნება ძალადაკარგულად გამოცხადებული რომელიმე კანონპროექტის განხილვის მიზანშეწონილება ხელახლა დაიწყება მისი ინიცირება. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის 272–ე მუხლის მე–3 პუნქტის ცვლილებას, კონკრეტულად, რეგლამენტის იმ ნორმის ამოქმედების 2013 წლის 1 იანვრამდე გადავადებას, რომლის მიხედვით, ბიუროს სხდომაზე წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა კანონპროექტის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება კანონპროექტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, დარჩება მხოლოდ საკანონმდებლო ინიციტივის მქონე სუბიექტს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას განმარტებით ბარათში მიუთითებს. აზრი გამოთქვეს: დავით თოდრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ იმ კანონპროექტებისაგან განსხვავებით, რომელთა განხილვაც ჯერ არ არის დაწყებული, კანონპროექტები, რომლებიც მიღებულია პირველი ან მეორე მოსმენით, ძალადაკარგულად კი არ გამოცხადდეს, არამედ წამყვანმა კომიტეტმა განსაზღვროს მათი განხილვის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურები. ხათუნა გოგორიშვილმა დავით თოდრაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიეტების წრე და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომ კომიტეტი თუნდაც რეგლამენტით დადგენილი, საქართველოს კონსტიტუციისაგან განსხვავებული პროცედურით ვერ დაარეგულირებს ახალი ინიციატორისა და შესაბამისად მომხსენებლის განსაზღვრის საკითხს, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. კახაბერ ანჯაფარიძე დაეთანხმა მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი რეგულაციის ფორმას, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ჩაითვლება უარყოფილად, რის შესახებაც წამყვან კომიტეტის მიერ ეცნობება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომლის გადაწყვეტილებაც გაფორმდება საოქმო ჩანაწერით. თუ იარსებებს ძალადაკარგულად გამოცხადებული რომელიმე კანონპროექტის განხილვის მიზნშეწონილება ხელახლა დაიწყება მისი ინიცირება. აზრი გამოთქვეს აგრეთვე: მაგდალინა ანიკაშვილმა, კახაბერ სუხიშვილმა გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის; 2. კანონპროექტზე მომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარე – ხათუნა გოგორიშვილი.
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია |






