2007 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის მოკლე ანგარიში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2007 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის მოკლე ანგარიში Print Version


აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2007 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში ჩატარებული აქვს 15 კომიტეტის სხდომა, თვეში საშუალოდ 3 სხდომა, მარტო დეკემბრის თვეში ჩატარებულია 4 სხდომა.  კომიტეტის 2007 წლის საშემოდგომო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით, განხილულ იქნა 43 კანონპროექტი, აქედან  კომიტეტი 12 კანონპროექტზე იყო წამყვანი, ხოლო 31 კანონპროექტზე გაკეთებული აქვს სავალდებულო დასკვნა. კომიტეტის ინიციატივით შემუშავებულ იქნა 5 კანონპროექტი აქედან პარლამეტის მიერ  მიღებულია 2, ხოლო სამი განხილვის სტადიაშია.

საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით: აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, რომლებზეც კომიტეტი იყო ინიციატორი ან წარმოადგენდა წამყვან კომიტეტს:

1.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 
საქართველოს კანონში ცვლილებები განაპირობა პრივატიზების პროცესის შემდგომი სრულყოფისა და გამარტივების, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობამ. გაფართოვდა იმ მიწების კატეგორიის წრე, რომელზეც დაიშვება პრივატიზება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში. სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც სახელმწიფო ქონების ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილის, პრივატიზების პროცესის ერთიან ჩარჩოში მოქცევის მიზნით სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებს დაემატა "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა  და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმა. გამარტივდა იჯარით გაცემული მიწის მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი, კერძოდ, შემცირდა პრივატიზების საფუძვლად წარსადგენ დიკუმენტთა რაოდენობა. ასევე გაუქმდა პრივატიზების პროცესის ხელშემშლელ გარემოებად დანერგილი ისეთი პირობა, როგორიცაა იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე სასამართლო დავის არსებობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად იქნა გამოყენებული.

2. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
კანონი მიზნად ისახავს საკუთრების უფლების აღიარების პროცესის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, კანონმდებლობის სრულყოფის გზით დაინტერესებულ პირთათვის მოქნილი მექანიზმების შეთავაზებას და პრაქტიკაში გამოყენების შედეგად გამოვლენილი დამატებითი რეგულირების მოთხოვნების რეგლამენტაციას. ასევე საკუთრების უფლების აღიარების ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მიზნით საფასურის განაკვეთის შემცირება.
კერძოდ სარგებლობაში არსებულ მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე დაწესებული საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობა შეიცვალა ხუთმაგ ოდენობად.
თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე დაწესებული საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ ჰექტარზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგი ოდენობა შეიცვალა ათმაგ ოდენობად.
თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე დაწესებული საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ორასმაგი ოდენობა შეიცვალა ოცმაგ ოდენობად.
ხოლო, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ.
კანონს ემატება 71 მუხლი, რომლის შესაბამისადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადაცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად მითვისებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მოხდეს უსასყიდლოდ. 

3. "ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 
კანონი ადგენს შესაბამის ვალდებულებებს, რაც უკავშირდება  ეტიკეტზე "ბიოპროდუქციის” და სიტყვათა "ეკო”, "ბიო”, "ორგანული” ნებისმიერი კომბინაციის გამოყენებას. ცვლილების შესაბამისად კანონმა ფალსიფიკაციად განსაზღვრა ბიოსერტიფიკატის არმქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ეტიკეტზე ისეთი წარწერის გაკეთება (მათ შორის სიტყვათა "ეკო”, "ბიო”, "ორგანული” ნებისმიერი კომბინაცია), რომელიც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ პროდუქცია წარმოებულია ბიოწარმოების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის რომლებიც 2007 წლის 1 ოქტომბრამდე აწარმოებდენენ პრუდუქციას აღნიშნული ეტიკეტირების განხორცილებით, 2012 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებულია ამ დებულების მოქმედება.

4. 
"ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონში შესული ცვლილებით საქართველოს მთავრობას 2008  წლის 1 იანვრამდე გადაუვადდა კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული დავალებების შესრულება.

საზედამხედველო საქმიანობის კუთხით: კომიტეტის 2007 წლის   საშემოდგომო სესიის საზედამხედველო საქმიანობის კუთხით, განხილულ იქნა  8 საკითხი, მათ შორის:
 1. "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ”
 2. "რთველი _ 2007 მიმდინარეობის შესახებ”
 3. "ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტური მდგომარების შესახებ”
 4. "მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ”
 5. "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ”
 6. "სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიის კვლევის ეფექტურობის შესახებ”
 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის "სამტრესტის” მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ”
 8. "მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების შესახებ”   

 
modules