ოქმი N 29

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების  გაერთიანებული სხდომის

ო    ქ    მ    ი    N 29

6  აპრილი, 2012 წ.  16 . 00 . სთ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

სხდომას უძღვებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თაცმჯდომარე – ლაშა თორდია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ თოიძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – პავლე კუბლაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნუგზარ წიკლაური.

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, გურამ კაკალაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ირაკლი კენჭოშვილი, თენგიზ სხირტლაძე,

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ -  რატი სამყურაშვილი,  ელგუჯა მაკარაძე, ლაშა დამენია, გიორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

გიორგი ტუღუში – საქართველოს სახალხო დამცველი

           

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ"     

          

 

 

         მომხსენებელი:

გიორგი ტუღუში – საქართველოს სახალხო დამცველი

                                  სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

            სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით,

            ომბუდსმენმა მოკლედ წარმოადგინა სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ის ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.

            სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა უფლებების ჯეროვანი დაცვა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობას, ასევე პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დარღვევის ფაქტებს. გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ საანგარიშო წელს კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი და ამის  ერთ–ერთ ძირითად მიზეზად  კვლავ ტუბერკულოზი რჩება.

            სახალხო დამცველის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო  სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მისი განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას კვლავ არაერთი პრობლემა გვხვდება. ყველაზე პრობლემურ სფეროდ კი, კვლავ სისხლის სამართალწარმოება რჩება. მისი თქმით,   კვლავ პრობლემად რჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვის საკითხი, რისი ერთ–ერთი მთავარი მიზეზიც სისტემურად მოძველებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსია.

            საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარი იყო  სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის ფაქტებზე. მანვე განმარტა, რომ უფლებადარღვევათა ფაქტების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტებასთან.

            გიორგი ტუღუშმა ასევე ისაუბრა შეკრებებისა და მანიფესტაციების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.  სახალხო დამცველის განცხადებით, წლის განმავლობაში გაიმართა ათეულობით აქცია და მათი ნაწილი საკმაოდ მასშტაბური და ხანგრძლივი იყო. მისი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ აქციების დიდმა ნაწილმა ყოველგვარი უფლებადარღვევების გარეშე ჩაიარა, რამდენიმე შეკრება-მანიფესტაციის დროს დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტი. მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში იყო პოზიტიური წინსვლაც, რაც ბოლო დროს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება.

            გიორგი ტუღუშმა ასევე ისაუბრა რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარებასთან, სოციალურ–ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრთან და ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ ასპექტებზე.

            სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა ომბუდსმენის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში იძულებით გადაადგილებულ პირთა მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში მაღალი იყო და ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი იქნა  უფლებადარღვევის ფაქტები.

              მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველს კითხვებით დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს, რაზეც სახალხო დამცველმა ამომწურავად გასცა პასუხები.

            ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ  სახალხო დამცველის "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" ანგარიშის პლენარულ სხდომაზე მოსმენა მომავალ კვირაში გაიმართება.

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

        კომიტეტმა გადაწყვიტა          

            დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ".                                     

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                         ბექა ბიძინაშვილი

 
modules