ოქმი #19

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #19

 

2011 წლის 30 სექტემბერი

 

 სხდომის თავმჯდომარე:          არჩილ გეგენავა      (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, გ. კაკალაშვილი, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: რ. თედორაძე, რ. კემულარია, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, რ. ფიფია.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ნ. ნოზაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ბ. კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კ. კობახიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გ. ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გ. ასანიძე, ა. ბობოხიძე, ზ. გამცემლიძე, ო. თოიძე, ლ. თორდია, პ. კუბლაშვილი, გ. მელაძე, ზ. მელიქიშვილი, ხ. ოჩიაური, პ. ცისკარიშვილი, ნ. წიკლაური, გ. ახვლედიანი, ჯ. ბაღათურია, გ. ცაგარეიშვილი, გ. ჩახვაძე – საქართველოს პარლამენტის წევრები, ო. თედორაძე, გ. კაჭარავა და სხვ. – სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები და ფერმერები.

დღის წესრიგი:

 

  • ინფორმაცია _ «სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების შესახებ».

 

(მომხსენებელი: ბაკურ კვეზერელი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი). 

 

  • ინფორმაცია _  «მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის მიზნით  განხორციელებული პროგრამის ეფექტურობის შესახებ»:
  • სიმინდის პროგრამა.

 

(მომხსენებელი: ბაკურ კვეზერელი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის      მინისტრი).

 

  • საქართველოს  პარლამენტის  წევრების:  ბუცხრიკიძის და ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» (¹07-3/483; 23.09.2011).

 

(მომხსენებელი: ბეჟან ბუცხრიკიძე _ საქართველოს პარლამენტის წევრი).

დღის წესრიგის I საკითხი - ინფორმაცია «სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების შესახებ» - გადაიდო.

 

I. მოისმინეს:

კვეზერელის ინფორმაცია - «მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის მიზნით  განხორციელებული პროგრამის ეფექტურობის შესახებ»: კერძოდ, სიმინდის პროგრამის თაობაზე. მან აღნიშნა: «პროგრამა ძალიან წარმატებულია რეგიონებში. მისი განხორციელება დაიწყო 2010 წლის 1 ნოემბერს. თესლის გაცემის პარალელურად დავიწყეთ ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისთვის. ყველა გაცემულ ერთეულს, თან ახლდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები. გარდა ამისა, მათ უტარდებოდათ კონსულტაცია, ეს იყო პრეზენტაცია და ჯიშის არჩევა რეგიონის მიხედვით. ჩვენ გვქონდა 4 დასახელების ჯიში შემოტანილი, რომელიც გადანაწილებული იყო სხვადასხვა რეგიონში მისი აგროკლიმატური პირობების გათვალისწინებით. პარალელურ რეჟიმში ვატარებდით შეხვედრებს. ეს იყო 100-მდე შეხვედრა რეგიონებში სპეციალისტების, მეცნიერების, რაიონის აგრონომების მონაწილეობით, რაც გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ყველა ფერმერთან ყოფილიყო მჭიდრო კავშირი. ეს მონიტორინგი მიმდინარეობდა მთელი პერიოდის განმავლობაში. ასევე, გვქონდა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებული ამ თესლის გამოცდის შედეგები. თუ ვინმეს დააინტერესებს, ეს მასალები ხელმწისაწვდომია. თესლი იცდებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში 2010 წლამდე საქართველოს ყველა რეგიონში. გვქონდა საუკეთესო შედეგები და სწორედ ამ ნიშნით შეირჩა კონკრეტული დასახელების ჯიშები და ეს კომპანია. მომავალშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სწორედ მაღალხარისხიანი თესლით და ჰიბრიდული თესლით გავაგრძელებთ ამ პროგრამას და გვექნება საშუალება მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ. იყო 2 კატეგორია ფერმერებისა: 1 ჰა-მდე ფართობების მქონე ფერმერები, რომელთაც ქონდათ სხვა სახის მასალები დარიგებული, და დიდი ფართობის, 1 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონე ფერმერები, რომლებთანაც ასევე მიდიოდა აქტიური მუშაობა. მათთვის იყო სპეციალური ლიტერატურა, გამოიცა ჩვენი მეცნიერების მიერ დაწერილი წიგნი, სახელმძღვანელო, რომელიც იყო სწორედ ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული. ვახორციელებდით პროგრამის ტექნოლოგიურ აღჭურვას. შესაბამისად, პირველ ეტაპზე შემოვიყვანეთ სათესები და კულტივატორები, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, მაღალტექნოლოგიურად ჩაგვეტარებინა ყველა აგროტექნიკური ღონისძიება. ამის შემდეგ დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ მონიტორინგი ყოფილიყო ყოვლისმომცველი. ჩვენ გვყავდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც გადიოდნენ რეგიონებში და მთელი ზაფხული ფერმერებთან ერთად გაატარეს ყანაში, რომ აღმოეფხვრათ რაიმე პრობლემა, რათა მიეღოთ საუკეთესო შედეგი. მივიღეთ დიდი მოსავალი და დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ პროგრამა იყო ძალიან წარმატებული. აუცილებლად გავიტანთ სიმინდს ექსპორტზე წელს.  მოსალოდნელი მოსავალი გამოისახება 464 ათას ტონაში, რაც არის საქართველოსთვის დიდი ციფრი. მინიმუმ 100 ათასი ტონა გავა ექსპორტზე წელს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ექსპორტი და მომავალი დღეების განმავლობაში ეს პროცესები უფრო გააქტიურდება, რაც პირდაპირ მოუტანს შემოსავალს იმ ოჯახებს, ვინც მიიღო მონაწილეობა პროგრამაში. ის ხალხი, ვინც უკვე მიიღო მოსავალი, დააბინავა ან მოახდინა მისი რეალიზება, უკვე დარეგისტრირებულია პროგრამაზე, გაზრდილია მათ მიერ გაკეთებული განაცხადები ფართობზე. იყო გამოთქმული აზრი ოპონენტების მხრიდან, რომ სადღაც გაამართლა, სადღაც არა. ჩვენ ვაკეთებდით მონიტორინგს ყველგან,  სადაც იყო დათესილი ეს სიმინდი. ჩვენ გვაქვს ყველაზე ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ ვიცით, რომ სადაც იყო პრობლემა, იქაც კი ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა. იქ იყო მოსავალი 3 ტონა, რომელიც საოცნებო იყო საქართველოსთვის წინა წლების განმავლობაში. წელს საშუალო მოსავლიანობა იქნება, 6,5 ტონა. შესაბამისად გვექნება საშუალება, რომ იმ ფერმერებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წლევანდელ პროგრამაში, მივცეთ უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა მომავალი წლის პროგრამაშიც. დღეს გვესწრებიან ფერმერები, მინდა მათ მივულოცო წარმატება და მე დავიცავ ამ ხალხის უფლებას, რომ მათ წარმატებას არ მიაყენოს ვინმემ ჩრდილი. ყველა მსურველმა ვერ მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი მასალა გასულ წელს. ჩვენ მოვახერხეთ მხოლოდ 30 ათასი ჰექტრის საკმარისი მასალის შესყიდვა. ამიტომ ზოგიერთს მოუწია საბჭოთა პერიოდის ჰიბრიდული მასალის დათესვა, რაც ნამდვილად ძალიან დაბალმოსავლიანია და დიდია განსხვავება ამ ჰიბრიდებს შორის. ჩვენი მიზანია, რომ ყველასთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი ამერიკული ჰიბრიდული სათესლე მასალა. ასევე, ჩვენი მიზანია 2014 წლამდე მოვახდინოთ 1 მლნ. ტონის ექსპორტი. ჩვენ გავაორმაგებთ პროგრამას, ასევე ვთხოვთ პარლამენტს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივაში ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, რათა მოვახდინოთ მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომობის ზრდა. პროგრამაზე დარეგისტრირებულთა სრულ მონაცემთა ბაზაში არიან აგრეთვე ადამიანები, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდა, ასევე, არიან 25%-მდე ადამიანებისა, ვინც ამ პროგრამაში ვერ მიიღო მონაწილეობა და წელს აქვთ სურვილი მონაწილეობის მიღებისა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ახორციელებენ დაახლოებით 200 მლნ. ტონა სიმინდის იმპორტს სხვადასხვა შორეული ქვეყნებიდან და ჩვენ მათთვისაც გავხდებით ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები ამ კონკრეტულ პროდუქციაში და საერთოდ სოფლის მეურნეობაში. ჩვენმა ოპონენტებმა ვერ დაასახელეს ვერც ერთი ადამიანის სახელი და გვარი. მე შემიძლია ჩამოვყვე ძალიან დიდ სიას ადამიანებისა, რომელთაც სხვადასხვა დროს გამოთქვეს თავისი აზრი და ეს არის დადასტურებული დოკუმენტალურად, მათი მონაცემები გვაქვს. მათი შეფასებით სიმინდი არის მაღალმოსავლიანი, სიმინდმა გადაარჩინა მათი ოჯახები და გახდა შემოსავლის წყარო. აქ არიან ფერმერები, რომელთა მოსავალი 10 ტონასაც აჭარბებს, მათთან უკვე აქტიურად მუშაობს საბანკო სექტორი, სადაზღვევო სისტემა, მათი მოსავალი იყო დაზღვეული და ნამდვილად სამაგალითო და მაღალშემოსავლიანი ფერმერული მეურნეობები შექმნეს. 2011 წელს იყო სრულად დათესილი 166 ათას ჰა-ზე სიმინდი, აქედან ნაწილი იყო ჰიბრიდული, ჩვენი მიზანია რომ მინიმუმ გავაორმაგოთ ფართობი და გავზადოთ 50-60 ათას ჰა-მდე ჰიბრიდით ნათესი ფართობი, რაც მოგვცემს გარდამტეხი შემოსავლის საშუალებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

აზრი გამოთქვეს:

 

1.       ვეფხვაძემე გაოცებული ვარ იმ თვითკმაყოფილებით, რაც ეხლა მოვისმინე. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ ვახსენებთ, იმას, ან იმ ადამიანებს, ვისაც რაღაცა პრობლემა შეექმნათ. თქვენ მოგყავთ პირობითად 100 ადამიანი, ვისაც პრობლემა მოუგვარდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოგიყვანოთ ყოველ 100 ადამიანზე 150-200 ადამიანი, ვინც მადლობას არ გეტყვით. მე მარტივი კითხვა მაქვს, იცით თუ არა, იმ პრობლემების შესახებ კონკრეტული ოჯახების მიხედვით, (ათასობით ოჯახს ეხება), რომ სოფლის გამგებლები აძალებდნენ მათ, რომ თუ თქვენ ამ სიმინდს არ აიღებთ, ჩვენ მოგვხსნიანო და მათ 2-3 ათასზე ჰა-ზე დათესეს სიმინდი და არ იცოდნენ, როგორ მოევლოთ? ჩვენ სურათები გვაქვს რაიონების მიხედვით, ხარაგაული, ხელვაჩაური, თერჯოლა და გადმოგცემთ. თუ იყო თითოეულ ამ ადამიანზე ინფორმაცია მიწოდებული, როგორ და რანაირად მოეყვანათ სიმინდი? მთავარი პრობლემა ინფორმაციის არქონაა. ვინც იცოდა, მოუარა და მოსავალიც მიიღო. ამ ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ, მათ ჭირდებათ ინფორმაცია. წარმატებულ ადამიანებსაც უნდა დაველაპარაკოთ. ვინც ვერ მოიყვანა იმას რა ვუყოთ, ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვფიქრობ, კომიტეტის ეს სხდომა ამ პრობლემასაც უნდა შეეხოს და არა მხოლოდ იმას, თუ რა წარმატებები გაქვთ.

2.      კაკალაშვილიერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს. გასულ წლებში რამდენი იყო იმპორტი საქართველოში და რამდენი იქნება ექსპორტი წელს?

3.      ცისკარიშვილი: მინდა გითხრათ, 150-200%-იანი წარუმატებლობა რომ დაგვიხატა აქ ბატონმა ლევანმა, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. თქვენ გვითხარით, რამდენმა პროცენტმა ვერ მიიღო მოსავალი, რა იყო ძირითადი მიზეზები? რაღაც პრობლემები არსებობდა არა მხოლოდ თესლთან მიმართებაში. შეიძლება სირთულეები იყო ლოჯისტიკასთან, საშრობებთან, შემნახველ სიმძლავრეებთან დაკავშირებით. პირველი წელია, ახალი პროგრამაა, სირთულეები არსებობს, ამას ყველაფერს ყურადღება, გამოსწორება უნდა და ჩვენ ამ საკითხებზეც ვისაუბროთ. ასევე მაინტერესებს დაზღვევასთან დაკავშირებული სიახლეები. მე როგორც ვიცი, სოფლის მეურნეობაში დაზღვევის სისტემა მასიურად არ შესულა. წელს მოხდა ამ პროგრამის ფარგლებში პირველად საქართველოში, როდესაც დაზღვევა ჩაერთო აგრარულ სექტორში. რამ გამოიწვია ეს, რა პერსპექტივებს ვხედავთ სწორედ ამ კუთხით სოფლის მეურნეობაში და სხვა კულტურებსაც თუ შეეხება დაზღვევა მომავალში?

4.      ახვლედიანი:  მე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც წარმატებული მოსავალი მოუვიდა. ნამდვილად გვიხარია, რომ ასეთი, როგორც სამინისტრო აცხადებს, არის დაახლოებით 10 000 ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, თქვენი მარტში სამთავრობო დებატებისას გაკეთებული განცხადება. თქვენ თქვით, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულია 35 000 მეწარმე, შეიძლება გარკვეულმა პროცენტმა, მაგ: 20% ვერ მიიღო სათესლე მასალა, იმიტომ რომ რაოდენობა არ ეყო. მაგრამ 20 000 დაზარალდა და 10 000 მეწარმეს მოუვიდა მოსავალი. ჩვენ ვკამათობთ იმაზე, 2-ჯერ უფრო მეტია წარმატებული, თუ 3-ჯერ მეტი წარუმატებელი. ამიტომ ვამბობთ, შევქმნათ კომისია, იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა აუცილებლად დაისაჯოს, იმისათვის, რომ 2012 წელს იგივე საშინელი პრობლემები არ შეგვექმნას. მაგალითად, იმერეთში, სამეგრელოში, უზარმაზარი ინფორმაციული ვაკუუმი ქონდათ ფერმერებს. პროგრამა კახეთის რეგიონში განსაკუთრებით წარმატებული იყო, ხოლო დასავლეთ საქართველოში ამ ადამიანების მდგომარეობა არის კატასტროფული, მათ ვერ ამოიღეს თავისი მოსავლიდან იმის ფულიც კი, რომ გადაიხადონ სათესლე მასალის თანხა, რომელიც ჰა-ზე დაახლოებით 350-400 ლარის ფარგლებშია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გამოვასწოროთ და მათ გადავუხადოთ ეს თანხა. იყო თუ არა 34 ათასი დარეგისტრირებული? აღიარებთ, თუ არა ამას? საუბრობთ, რომ 10 000 წარმატებული იყო, გამოდის რომ 20-25 ათასი არის დაზარალებული. გარდა ამისა, თქვენ თავიდან ამბობდით, რომ ამ ამერიკულ ჰიბრიდულ თესლს მოსავლის აღების შემდეგ მოყვება სათესლე მასალა და მას 5 წლის განმავლობაში გამოიყენებდნენ. შემდეგ ყველა გლეხს უთხარით, რომ არ ეფიქრათ იმაზე, რომ სათესლე მასალას მიიღებდნენ.

5.      ბაღათურიამე შემოვიარე სამეგრელო და სადაც მივედი, სიმინდი ვერ ვნახე. რეალური სურათი ეს არის, რომ 30 000-იდან მხოლოდ 10 000-მა მიიღო მოსავალი, დანარჩენს საერთოდ ჩალაც კი არ უვარგოდა. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, იმ გლეხებს, ვინც მოსავალი ვერ მიიღო (ფული ნისიად აქვთ აღებული), ის ფული აღარ უნდა მოვთხოვოთ. თუ თესლი ვარგისიანი იყო და მიზეზი იყო, რომ მეგრელმა გლეხმა სიმინდის მოყვანა არ იცოდა, გავატყავოთ ეს გლეხი. პასუხი უნდა აგოს უხარისხო პროდუქციის შემომტანმა და თქვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით. შრომისთვის კომპენსაცია უნდა მისცეს გლეხებს შემომტანმა. თუ ხარისხიანი სიმინდი იყო, რატომ არ ასწავლეთ ამ ხალხს მოსავლის მოყვანა. მე არ ვაპირებ, რომ მთავარი ჯოხი თქვენზე გადმოვტეხო. მთავარი იყო პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად კლიპების დონეზე ლობირებდა სიმინდის გლეხებზე დარიგებას. მე არ ვამბობ, რომ შეგნებულად ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ეს არის. ვინ შემოიტანა სიმინდი, მათი სახელები და გვარები, და პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? რატომ ვერ მიიღო მოსავალი იმ 20 000-მა გლეხმა?

6.       ბობოხიძემე ვხედავ წარმატებულსაც და წარუმატებელ მოსავალსაც თქვენგან განსახვავებით, მაგრამ მე პრეზიდენტს კი არ ვაბრალებ, ვეძებ მიზეზებს. 34 000 კაცი ახსენა ბაკურმა, აქედან 33 999-ს რომ მოსვლოდა თეორიულად გადასარევი მოსავალი და იმ ერთ კაცსაც რომ არ მიეღო, ბუნებრივია, იმის ბედიც საფიქრელია. თქვენ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ, რასაც ხელისუფლება აკეთებს. თურმე, ქართული ენდემური ჯიშების გადაჯიშება გვინდა და ამერიკული უნდა შემოვიტანოთ. ელემენტარულის ცოდნაა, რომ ზოგადად, ისტორიულად  სიმინდი ამერიკულია. იცით, მაგრამ ოღონდ რამე თქვათ და უვიცებივით იქცევით. თქვენ ხართ ტექნოლოგიების წინააღმდეგი და თვლით, რომ «პიონერი» არის დაბალი ჯიშის თესლი? თქვენს ადგილზე მე პრეტენზიებს არ შევქმნიდი და ვილაპარაკებდი იმ ხარვეზებზე, რომელიც შესაძლოა ქონოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროგრამის მენეჯმენტის კუთხით. სამწუხაროდ, გარდა თესლის ხარისხისა, სოფლის მეურნეობის მოსავალი დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, სხვა ფაქტორებზე, თქვენ ავრცელებდით ტყუილს, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ფასად ვყიდდით სიმინდს და ამბობდით, რომ ზოგან 1 კგ ღირს 14 ლარი, ზოგან 15. ელემენტარულია, საქართველოში ამ პროგრამით შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდი არ იყიდებოდა კილოგრამობით, იყიდებოდა ცალობით დაფასოებული 1 ჰექტრის ნორმა. ჰექტარზე ეს სიმინდი ითესება განსაზღვრული რაოდენობით 65 ათასი ცალი, და ბუნებრივია, რომ შეიძლება 1  65 ათასი ცალი ყოფილიყო 14 კგ, მეორე- 13 კგ. კითხვა მაქვს, მიესალმებოდით თუ არა ოპოზიციის შენიშვნებს, თუ ისინი განპირობებული იქნებოდა ნამდვილად კარგი ჯიშის «პიონერის» საქართველოში უფრო სწორად, უფრო კარგად დანერგვის მიზნით? თუ გაინტერესებთ რეალური სურვილი ოპოზიციისა, რომ თუ სადმე ხარვეზი მოხდა ჩვენი მიზეზით ჩვენ გამოვასწოროთ და თუ სადმე გლეხის მიზეზითაც მოხდა, იქ აუცილებლად დავეხმაროთ გლეხს, რომ გამოასწოროს ეს შეცდომა.

7.      კუბლაშვილი: რამოდენიმე კითხვა მაქვს: პირველი: თქვენ რას ხედავთ ძირითად პრობლემად იქ, სადაც შეიძლება არ იყო მოსავალი ისეთი, როგორსაც ველოდით? რამ განაპირობა ეს? რა შეიძლება იყოს ამ პრობლემებთან გამკლავების სამომავლო გზები? მეორე რაც მაინტერესებს, სადაც დაითესა ძველი საბჭოური სიმინდი, იქ როგორი მოსავალი იყო? და ახალი ჰიბრიდული სიმინდის ნაცვლად, რომ დათესილიყო ძველი საბჭოური და იგივე კლიმატურ პირობებში, როგორი იქნებოდა მოსავალი? ეს მოგვცემს საშუალებას შევაფასოთ, ვარგოდა თუ არა ეს პროექტი ზოგადად და ახალი თესლი, რომელიც იყო შემოტანილი, გამოდგა თუ არა. სხვა მიმართულებით აპირებთ თუ არა იგივე ნაბიჯების გადადგმას, რომ ახალი თესლი, ახალი ჯიშები იყოს შემოტანილი საქართველოში და რა მიმართულებებია ეს კონკრეტულად?

8.      სტურუა: მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წელი იყო ცუდი ამინდების კუთხით, იქ, სადაც აგროვადები იყო დაცული, მიდგომები იყო ნორმალური და რეკომენდაციები გათვალისწინებული, მოსავალი ყველგან იყო კარგი. მაინტერესებს, მომავალი წლისთვის მთავრობა დამატებით რა რესურსების მოზიდვას აპირებს? საუბარია ფინანსურ რესურსებზე, რომელიც საჭიროა ამ თესლის ჩამოტანასა და ტექნიკის ახალი საშუალებების მოზიდვაზე. დაახლოებით რამდენი პროცენტით იქნება გაზრდილი? რას ვგეგმავთ მომავალი წლისთვის და შედეგი რა შეიძლება მივიღოთ?

9.      ცაგარეიშვილი:  ოპოზიციამ თავის უმთავრეს მიზანს მიაღწია, რომ არა ოპოზიციის აქტიურობა, დღეს მინისტრი ნამდვილად არ იქნებოდა აქ. ჩვენ დაგასწარით რეგიონებში გასვლა. თავისუფალ დემოკრატებს არასდროს გვითქვამს, რომ ჰიბრიდული სიმინდი არის ცუდი, წამლავს საზოგადოებას, არის მიუღებელი. ძალიან კარგად ვიცით, სიმინდი ზოგადად ამერიკიდან არის. რა ეშველებათ იმ ფერმერებს, თუ ფერმერულ მეურნეობებს, სადაც მოსავალი ან არ მოვიდა, ან მოვიდა ნაკლები? როგორ დაეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება მათ? თუ გადაუვადდებათ მათ თანხის გადახდა? აქ არის საუბარი მხოლოდ გადავადებაზე. თუ ფიქრობს სამინისტრო ამაზე? და მეორე, გარდა იმისა, რომ შეიძლება თესლი შეიტანოთ რეგიონებში, ამას თან ახლავს უამრავი პრობლემა. ვიცი, როგორი ტიტანური შრომაა მოსავლის მოყვანა, მას ჭირდება სარწყავი წყალი, სასუქი, დიზელი, მექანიზაცია, აგრონომის რჩევა. მაგალითად: წყალტუბოში ერთი სარწყავი არხი აღარ არის. კიდევ ერთი, დასავლეთ საქართველოში შესეულია ამერიკული პეპელა. რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ წელს? თქვენ იცით, რომ საწვავი გაძვირებულია, რამე პროგრამა, ან წელს ან მომავალ წელს, თუ იქნება ამ მიმართულებით განხორციელებული? თუ იქნება ჩადებული სახსრები იმისთვის, რომ საწვავის გადასახადი გაუნახევრდეთ გლეხებს? მექანიზაციის საშუალებები როგორ იქნება ხელმისაწვდომი მათთვის? ეს საკითხი კომპლექსში უნდა განვიხილოთ.

10.   გეგენავა: მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ თქვენ გულწრფელად გაწუხებთ სიმინდის პროგრამა. ეს აქტიურობაც მიანიშნებს ამას, მაგრამ ცოტა ხნის წინ რთველთან დაკავშირებით გვქონდა კომიტეტის სხდომა გურჯაანში. თქვენგან არ ყოფილა ინტერესი, გვქონდა ხორბლის პროგრამის თაობაზე მოსმენა, ასევე, ინტერესი არ ყოფილა. მესმის, რომ თქვნი გულისტკივილი ნამდვილად ამ პროგრამაზე და მის მომავალზეა ორიენტირებული და სხვა რამეს არ ემსახურება, მაგრამ იმ შენიშვნას, რომ იშვიათი სტუმარია ბატონი ბაკური და იმას, რომ თქვენ რომ არ გეაქტიურათ, ამ პროგრამის განხილვა ჩვენს კომიტეტში არ იქნებოდა, ნამდვილად ვერ მივიღებ.

11.   მელიქიშვილირამოდენიმე შეკითხვა მაქვს. მაინტერესებს, თუ ცხვება მჭადი ამ სიმინდისგან? ამბობენ, რომ თურმე ჰიბრიდისგან მჭადი არ გამოდის, არადა ყველა სიმინდი ჰიბრიდია. ბოლო წლებში ექსპორტზე თუ გადიოდა სიმინდი, და პირიქით, იმპორტი რამდენი მილიონი დოლარის იყო? და ბოლოს, ვინმემ ვინმეს აუკრძალა, რომ ძველი სიმინდი დათესოს? პარლამენტში უმრავლესობა ვართ შეჯერებული იმაზე, რომ აღნიშნული პროგრამა უნდა გაგრძელდეს, დაფინასდეს. სადღაც შეიძლება არ გაამართლა, ეს გასაგებია, მაგრამ ის, რომ პროგრამა არის წარმატებული, ამას ცხადყოფს 10 000-მდე ოჯახი. ჩვენი რამოდენიმე კოლეგის გამოსვლას საფუძვლად უდევს არაინფორმირებულობა, ხშირად პოლიტიკური სულსწრაფობა, არაკომპეტენტურობა, ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე. ხალხი ჩვენ მოგვთხოვს რა არის შედეგი, და შედეგი არის ის, რომ  წელს 100 000 ტონა გავა ექსპორტზე, 10 000 ოჯახს გაუჩნდება შემოსავალი.

12.  ხაბაზი: მაინტერესებს, იმ ფართობებზე, სადაც დათესილი იყო ჰიბრიდული სიმინდი, რა მოსავალი მოვიდა შარშან, და რა მოსავალი მოვიდა წელს?

13.   დიასამიძე: სასურველი იყო, წარმატებაზე რომ საუბრობდით, წარუმატებელ მხარეზეც გესაუბრათ. საკითხი ეხება ადამიანების ოჯახების ინტერესებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლებმაც წარუმატებლობა განიცადეს, თორემ წარმატება არავის არ წყინს. ეს თესლი 5 წლის განმავლობაში განიცდიდა აპრობაციას, მაინტერესებს, დარაიონებული თუ იყო რეგიონების მიხედვით? კონკრეტულად იქნებ დაასახელოთ, წარუმატებელი ფერმერი რამდენია? რის გამო მოუვიდათ მათ ეს ზარალი? თქვენ რა გეგმები და წინადადებები გაქვთ, რომ მომავალში ეს ხალხი დაზარალებული არ დარჩნენ.

14.  ლეჟავაერთი კითხვა მაქვს. ითქვა, რომ თურმე გამგებლები აძალებდნენ მოსახლეობას, რომ ჰიბრიდული თესლი შეეძინათ. მაინტერესებს, ქონდა თუ არა ადგილი ასეთ ფაქტს? მოუმართავს, თუ არა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს თქვენთვის ამ ფაქტის შესახებ? თუ არა, მაშინ 5 თვის განმავლობაში რას აკეთებდნენ? თუ ისევ პოპულიზმთან და ტყუილთან გვაქვს საქმე?

15.   კვეზერელიპირველ შეკითხვაზე: ვიცი თუ არა სოფლები, სადაც არ მოვიდა სიმინდი, ასეთი სოფლები არ არსებობს. არის ადგილები, სადაც მოვიდა ნაკლები, ან მეტი, განსახვავება ყოველთვის არის, აგროტექიკიდან, კლიმატური პირობებიდან, ნიადაგის მონაცემებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე,  მაგრამ ტერიტორიული ნიშნით, ვერ ვიტყვით, რომ სადმე, რომელიმე კონკრეტულ ადგილზე მოსავალი არ მოვიდა. ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებით გეტყვით, გასული წლების განმავლობაში იმპორტზე შემოდიოდა სიმინდი სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა დანიშნულებით 10 მლნ. დოლარის ღირებულების ყოველწლიურად, ხოლო წელს ექსპორტზე გავა მხოლოდ ერთ წელში 40 მლნ. დოლარის ღირებულების სიმინდი. ამ ორი ციფრის შედარება საკმარისია ამ პროგრამის წარმატების შესაფასებლად. დაზღვევასთან დაკავშირებით, ნამდვილად ეს იყო პირველი პროექტი, სადაც სადაზღვევო კომპანიების აქტიურობა იყო შთამბეჭდავი, როგორც ჩვენთვის, ისევე ფერმერებისთვის. დარწმუნებული ვართ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რადგან მათი დიდი დაინტერესებაა, რომ მომავალშიც გააგრძელონ ჩვენთან ერთად მუშაობა. იმაზე, თუ ვინ რამდენი მოიყვანა, მოგახსენებთ, რომ არის ძალიან ბევრი ფართობი გვედრი-გვერდ, რომელშიც არის დიდი განსხვავება მოსავალს შორის ერთიდაიგივე თესლით, ერთიდაიგივე ნიადაგზე, მაგრამ შეიძლება, რაღაც ოპერაციას დააგვიანდა, ან სასუქი დააკლო ფერმერმა, ან სხვა მიზეზის გამო, აქვს ნაკლები მოსავალი, მაგრამ ეს ნაკლები მოსავალიც ბევრად უფრო მეტია იმ მოსავალზე, ვიდრე ეს იყო საბჭოური პერიოდის ჰიბრიდული მოსავლის დროს. ეს არის 4 ტონა, 5 ტონა და ა.შ. და არა 1 ტონა, რომელიც მოყავდათ დღემდე. რაოდენობებთან დაკავშირებით, იყო გაჟღერებული 34 000 ფერმერი ან ფერმერული მეურნეობა დარეგისტრირდა, მათმა ნაწილმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ნაწილმა სხვადასხვა მიზეზების გამო, იმის გამო რომ საკრედიტო გარანტია ვერ წარმოადგინა, ან ბანკიდან ვერ აიღო შესაბამისი დოკუმენტაცია და სხვ. აღარ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ასეთია 10%, დანარჩენი ნაწილი გამსხვილდა. ჩვენ ვქონდა გარკვეული მითითება, რომ პატარა ნაკვეთები გაერთიანებულიყო, რომ შეემცირებინათ დანახარჯები და მიეღოთ მაღალი შემოსავალი. ზუსტი რაოდენობა გვეცოდინება, როდესაც მოსავლის აღებას დავასრულებთ. ჯერ დაწყებულია და აღებულია მოსავლის 25%, ამიტომ, შემდეგ გეტყვით ზუსტ ციფრს, რამდენი ათასი ან მეტი ქართული ოჯახი მიიღებს სოლიდურ შემოსავალს სიმინდის კულტურიდან. არანაირი საფრთხე იმისა, რომ სათესლე მასალა იყოს ცუდი, არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს სიმინდი არის ყველაზე დიდი კომპანიის სიმინდი. «პიონერი» არის გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიოს 149 ქვეყანაში ყიდის სათესლე მასალას, ამაში ეჭვის შეტანა ლოგიკურ აზრს მოკლებულია. ეს სიმინდი იყო სერთიფიცირებული საერთაშორისო სერტიფიკატის «ისტას» მიერ. ბატონმა კაკომ იკითხა, როგორი იქნებოდა ჩემი პოზიცია, კონსტრუქციული რომ ყოფილიყო ოპოზიციის შეკითხვები. ჩვენ ნამდვილად დასახვეწი გვაქვს სხვადასხვა კომპონენტი, მათ შორის, მონიტორინგი, კონსულტაციები, ტექნიკა დასამატებელია, ეს გასაკეთებელია და ჩვენ ამას გავაკეთებთ. პირველი წელია, და შეცდომებიც გამოსასწორებელია, თუმცა ჩვენ დაგეგმილზე ბევრად უფრო მაღალია შედეგი მივიღეთ. არიან ისეთებიც, ვინც ნაკლები მოსავალი მიიღო, ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ჩვენ ამას ვსწავლობთ, გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია პრობლემატიკის შესახებ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული ჩვენს მეცნიერებთან ერთად, რომლებიც 24 საათი იყვნენ ჩართული პროცესში. ბატონ პალიკოს შეკითხვაზე შედარებითვის, არის ბევრი ყანა საბჭოური სიმინდით დათესილი და მომიჯნავე აქვს ჰიბრიდული სიმინდი, განსხვავება წარმოუდგენელია. ის, რაც თქვენ ანახეთ ტელევიზორში, არ იყო ჰიბრიდული სიმინდის ყანები. მე გადავამოწმე მონაცემთა ბაზაში, რომელიც ძალიან სრულყოფილია. ეს ყანები არ არის ჩვენთან დარეგისტრირებული. ახალი პროგრამების შესახებ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მარცვლეულის ხელშეწყობის პროგრამებს. გვაქვს ხორბლის და სიმინიდის პროგრამა. აუცილებლად გვექნება სოიოს პროგრამა. ჯერ ვაგრძელებთ მსურველების რეგისტრაციას და ნოემბრის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, რა რაოდენობის რესურსი დაჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. ბატონ ცაგარეიშვილის მინდა ვუთხრა, რომ რესურსი, რომელიც გავეცით, იყო განვადებით გაცემული. ეს თანხები მიემართება სოფლის პროგრამების განსახორციელებლად, ამიტომ ვიმსჯელებთ და თქვენ გაიგებთ, თუ რა გეგმები გვაქვს ამ სახსრებთან მიმართებაში. სარწყავ წყალზე გეტყვით, დასავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ არის სისტემა მოსაწესრიგებელი. ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ მასშტაბურ სამუშაოებს, ეტაპობრივად არის პრობლემები, მაგრამ გვაქვს გეგმა გაწერილი წლებზე, თავისი დაფინანსებით და მივყვებით ამ პროგრამას. 2009 წელს აღმოსავლეთში დასრულდა სრულად რეაბილიტაცია, 2014 წლამდე გვექნება არა მხოლოდ გაწმენდილი, არამედ ახალ სისტემებსაც ავაშენებთ დასავლეთ საქართველოში. თეთრი პეპელა ნამდვილად იყო პრობლემური. ეს გამოწვეული იყო ჭარბი ნალექებით, შესაბამისად, დავამუშავეთ ათასობით ჰექტრობით ტერიტორია. წელს არ იყო შედეგიანი ნალექის გამო. პრობლემებს არ უარვყოფთ. შემოდგომიდან იწყება მავნებლების წინააღმდეგ სამუშაოების ჩატარება და ვაპირებთ. ცხვება თუ არა მჭადი, ნამდვილად მჭადიც ცხვება, ელარჯიც კეთდება. ბატონი მელიქიშვილის კითხვაზე ვიტყვი, აკრძალვა საბჭოურ ჯიშებზე არ ყოფილა, არც ვალდებულება და დავალება ყოფილა ვინმეზე. დამისახელეთ კონკრეტული მაგალითი და ამას აუცილებლად შევისწავლი. დარაიონებსათან დაკავშირებით, ამ თესლს გააჩნია სერთიფიკატი, რომელშიც მოცემულია ყველა პარამეტრი. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი აწარმოებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში ცდებს და ქონდა ყველა ის მონაცემი, რაც საჭირო იყო. ეს მონაცემები არის აქ, არსებობს მრავალი ათასი ოქმი, რომელიც შეივსო თითოეულ ნაკვეთთან. ბატონი პაატას შეკითხვაზე, ხარვეზები იყო, ყველა ინფორმაცია გვაქვს, მათ ჩვენ აუცილებლად აღმოვფხვრით. პროგრამა დაახლოებით დაჯდა 4 მლნ. ლარი და შესაბამისად, დაახლოებით იგივეა ამონაგები, რადგან ჩვენ მოგება არ გაგვითვალისწინებია, ეს არ იყო მოგებაზე ორინენტირებული, ეს იყო სოციალური პროექტი. შემოსავლისთვის ექსპორტიიდან მოიტანს მინიმუმ 40 მლნ. დოლარს 4 მლნ. ლარიანი პროექტი მარტო ქვეყნისთვის. ოჯახებისთვის მოიტანს ბევრად მეტ მილიონს. შეიძლება გადააჭარბოს 100 მლნ-საც კი. თესლის ერთეულის ფასს ვერ დაგიზუსტებთ, ვიყიდეთ მთელი რაოდენობა 30 000 ჰა-სთვის. ერთ ჰა-ზე საჭიროა 65 000 მარცვალი, გაამრავლეთ 30 000 65000 მარცვალზე და მიიღებთ რაოდენობას. კილოგრამობით არ იყიდება. იყიდება ცალობით მარცვლების რაოდენობა.

16.  ბაღათურია:  მინდა გითხრათ, რომ შემომტანი კომპანია თქვენ ხართ, სახელმწიფო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თქვენ უნდა აგოთ პასუხი იმ ხალხზე, ვისაც მოსავალი არ მიუღია. თუ გლეხმა სიმინდის მოსავალი იმიტომ ვერ მიიღო, რომ თესლი, რომელიც თქვენ მიჰყიდეთ იყო უხარისხო, ასეთ შემთხვევაში ფული თქვენ უნდა აუნაზაღაუროთ, კომპენსაცია სამინისტრომ უნდა გადაიხადოს, მაგრამ თუ თესლი იყო ხარისიხანი, განსაკუთრებული პროცედურები ჭირდებოდა და არ ასწავლეთ, ამაზეც თქვენ უნდა აგოთ პასუხი. და ბოლოს, უნდა გაკეთდეს ის, რომ გლეხები, რომელთაც მოსავალი ვერ მიიღეს და ნისიად ქონდათ სიმინდი ნაყიდი, ის ფული აღარ გადაახდევინოთ. ხარჯი, რაც დაუჯდათ, ის კომპენსაცია მისცეთ, ხოლო ვინც მოგება ნახა, ძალიან კარგია და ვუსურვებ, რომ შემდეგ უფრო მაღალი მოსავალი მიიღონ.

17.  დიასამიძე: მე თქვენ დაჟინებით გთხოვთ დაასახელეთ არაწარმატებული ფერმერები, რომელთაც განიცადეს ზარალი. ხალხს აინტერესებს, გვითხარით, იმ ხალხს რითი დაეხმარებით? გვაინტერესებს, ვინ რამდენი შემოსავალი მიიღო და რატომ არ იღებთ მათ დახმარებას თქვენს თავზე, გაუგებარია.

18.   ვეფხვაძე: ბატონმა ბაკურმა ვერ გვიპასუხა, რა ვუყოთ ამ ხალხს, რითი დავეხმაროთ, თქვენ ვერ ამჩნევთ მათ, ვისაც პრობლემა შეექმნა. აქ აღიარეს დეპუტატებმა, რომ იყო პრობლემები ნიადაგებთან, აგროვადებთან, ტექნიკასთან მიმართებაში. თქვენ რატომ არ აღიარებთ ამას, გაუგებარია. ზოგ გლეხს 70-80 ლარი აქვთ გადასახადი და ვერ იხდის, იმიტომ რომ მოსავალი ვერ მიიღო. ასე უაზროდ დაგეგმილი პროექტი თქვენ, პირადად სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. თქვენ არ ხართ ღირსი, რომ იყოთ სოფლის მეურნეობის მინისტრი.

19.  ცისკარიშვილი: პროგრამის დაწყებისას ჩვენს ოპონენტებს უნდოდათ, რომ მოეხდინათ ჰიბრიდული სიმინდის თესლის თემით პოლიტიზირება. როდესაც შეიტყვეს, რომ საბჭოთა სიმინდიც ჰიბრიდულია, ამ თემაზე მორჩა საუბარი. როდესაც პროგრამა წარმატებით განხორციელდა, მოინდომეს პოლიტიკური ქულების მოპოვება. გაიგეს, რომ ინფორმირებულობა არის და ეხლა აგროვადების არდაცვის შედეგად მიღებულ წარუმატებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი, შემდეგ გადასახადებზე. დახმარება ის იქნება, რომ თუ ამ ადამიანებს ექნებათ სურვილი, მათ მიიღონ პროგრამაში მონაწილეობა. პირველად საქართველოში იმპორტის ნაცვლად სიმინდი ექსპორტზე გავა, შემოვა უცხოური ვალუტა, პირველად საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში შემოვიდა სადაზღვევო სისტემა, 10 000-მდე ოჯახს გაუჩნდა შემოსავალი. სამინისტრომ კომპლექსურად იზრუნა პროგრამის განხორციელბაზე. 10-მდე კომბაინი შემოვიდა, ლაგოდეხში და აბაშაში 2 საშრობი შეიქმნა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ გავზარდოთ კომბაინების რაოდენობა, საშრობები მეტი გვჭირდება, გაასღების ბაზარსაც მუდმივად ძიება უნდა. თქვენ ყველა სიახლეზე, ყველანაირ რეფორმაზე გვიპირისპირდებით. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, ეს პროგრამა გაგრძელდება, სხვა პროგრამებიც დაემატება, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ საქმეზე გვეკამათებოდეთ და არა ერთ პატარა მომენტზე მორგებულ პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე.

20. კაკალაშვილილაგოდეხში 4 წლის წინ დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება. ხალხმა დიდი გამოცდილება მიიღო და უკვე სიმინდი ძალიან მომგებიანი ბიზნესია მათთვის. ის ციფრი, რომ თუ ადრე 10 მლნ. ტონა იმპორტი იყო, წელს უკვე სიმინდის ექსპორტი განხორციელდება და უცხოური ვალუტა შემოვა ქვეყანაში, ნიშნავს, რომ პროგრამა არის წარმატებული. ერთი სათხოვარი მექნება, რომ რაიონებში აგრონომიული ლაბორატორიები შევქმნათ.

21.  ახვლედიანი: როდესაც ხელისუფლება არ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში, ყოველთვის გაურბის ძირითად თემაზე საუბარს. როდესაც საპარლამენტო დებატები იყო, არც ერთ ოპოზიციის წევრს არ უთქვამს, რომ ქვეყანაში ახალი კულტურები არ შემოვიდეს. ჩვენ ერთი და იგივე თესლი არ უნდა დავურიგოთ სხვადასხვა რაიონის გლეხს, აგროკლიმატური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, ასობით და ათიათასობით გლეხს არ გაუმართლა, იმიტომ, რომ არასწორად იყო დათესილი სიმინდი. გლეხი ნამდვილად არ იყო ინფორმირებული. გულწრფელად ვულოცავ წარმატებულ ფერმერებს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ რეალობას, უამრავი ადამიანია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არასწორად ჩატარებული პროგრამის გამო კატასტროფის წინაშე დადგა. როგორ ვუშველოთ ამ ხალხს, ამაზე ვისაუბროთ.

22. კუბლაშვილი: ეს პროგრამა წარუმატებელი რომ ყოფილიყო, არც ერთ გლეხს არ მოუვიდოდა მოსავალი. არის ძალიან კარგი შედეგები. არის არც ისე კარგიც, მაგრამ ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა, საბჭოური თესლით მიღებული პროდუქტი. მე მექნება თხოვნა, ანალოგიური პროექტები განვახორციელოთ ყველა სხვა მიმართულებით. შემოვიტანოთ ახალი ჯიშის ხეხილი, გავაუმჯობესოთ მეანიზაცია და რაც პრობლემები იყო, იმაზე ვიმუშაოთ.

23.  ცაგარეიშვილიმე ვიწვევ მინისტრს ფრაქციის სხდომაზე. გაიმართება დებატები, ვიწვევ ყველა დაინტერესებულ პირს, ქვეყანაში რეალურად არის სასურსათო პრობლემა. ხშირად სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ არის ადეკვატური ამ პრობლემების წინაშე. აუხსენით მაინც ამ ხალხს, როგორ დათესონ თესლი, როგორ მოუარო მას. თუ ჰიბრიდულ სიმინდზე დამოკიდებული გახადეთ მოსახლეობა, აუხსენით როგორ მოიქცეს, არ არის საწვავი, მექანიზაცია, ტექნიკა.

24. ნასყიდაშვილი: მეცნიერების სახელით მოგახსენებთ, რომ მეცნიერებათა აკადემიამ მხარი დაუჭირა ამ კულტურების პროგრამებს. მაგ: ხორბალი «ჯაგერი» განსაკუთერებული ჯიშია, მას აქვს მაღალმოსავლიანობის შესაძლებლობა და გვალვისადმი ამტანობა. საწარმოო ჯიშთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 240 გლეხის მოსავლის მაგალითზე რეკორდული მოსავალი მოგვცა. თესლის შეძენის დროს ე.წ. «ცნობის ფურცლები» ეძლეოდათ ფერმერებს, სახელმძღვანელოები ყველას გადაეცა. სიმინდის შესახებ ყველა სახის მონაცემი გვაქვს, «ცნობის ფურცლები» ყველას გადაეცა, ინფორმაცია არსებობს, არის ახალი ლიტერატურა. ყველა საკითხი, ვისაც აინტერესებს სიმინდის კულტურაზე, შეუძლია გაეცნოს. კიდევ ერთი, არსებობს 2 სახის სიმინდი, კულტურათა ჯიში და არის ჰიბრიდული სიმინდი. ჰიბრიდული ჯიში არ არსებობს. მას კავშირი არ აქვს ჯიშთან. ჯიში 4 წელი შეიძლება ვთესოთ, ჰიბრიდული სიმინდი კი ყოველწლიურად ითესება I თაობის თესლით. მას ახასიათებს ე.წ. ჰიბრიდული ძალა, რასაც ამჟღავნებს მხოლოდ I თაობაში. იძლევა ძალიან მაღალ მოსავალს და განმეორებით თესლის შესყიდვას ანაზღაურებს. სიმინდის პროგრამა სასურსათო პრობლემების გადაწყვეტის ძირითადი საშუალებაა, რადგან ეს არის უნივერსალური კულტურა.

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - «მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის მიზნით  განხორციელებული პროგრამის ეფექტურობის შესახებ», სიმინდისპროგრამის თაობაზე.

 

II. მოისმინეს:

 

ცქიტიშვილის ინფორმაცია - «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ». მან აღნიშნა, რომ პროექტის მიღების მიზეზია მცენარეთა დამცავი საშუალებების იმპორტისა და მიწოდების მიმართ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. კერძოდ, დღგ-სგან გათავისუფლებული იქნეს სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატების იმპორტი და მიწოდება მსგავსად სხვა დამცავი საშუალებებისა. ისინი მოექცევიან შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში.

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს  პარლამენტის  წევრების:  ბუცხრიკიძის და ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტს - «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტისსხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი