ოქმი N 22

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომის

 

ოქმი    N 22

2დეკემბერი, 2011 წ.  15 . 00 . სთ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

სხდომას უძღვებოდნენ:

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი (სხდომის თავმჯდომარე), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი  და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი,  რატი სამყურაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ლაშა დამენია, თენგიზ სხირტლაძე.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ -  გურამ კაკალაშვილი,   ელგუჯა მაკარაძე, გიორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:

 

გიორგი ბოკერია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 

სერგი კაპანაძე –  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსიტიციის მინისტრის მოადგილე;           

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

1. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ – მოსმენა;

მომხსენებლები:

            გიორგი ბოკერია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

          სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

            2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ალექსანდრე ლაცაბიძის კანდიდატურის განხილვა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

 

მომხსენებელი:

ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.

            3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი აბესალომ კეკელიას  კანდიდატურის განხილვა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

 

მომხსენებელი:

ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.

 

            4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ვლადიმერ კონსტანტინიდის კანდიდატურის განხილვა ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

 

მომხსენებელი:

ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.

 

            5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი კონვენცია "გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის "მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ" კონვეციასთან შეერთებისათვის"– განხილვა.

 

მომხსენებელი:

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.      

            

        

                                  სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

            სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით,

            საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას მიღწეული შეთანხმება შეაფასა როგორც ყველაზე უფრო მაქსიმალური  შედეგი  შესაძლო რეალისტურ შედეგებს შორის. მისი განცხადებით მოლაპარაკების საუკეთესო შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საქართველოს ლეგიტიმური საზღვრების ფარგლებში, ტვირთბრუნვის შესახებ, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით, სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. საზღვრებზე მონიტორინგს  შევეიცარიული კომპანია განახორციელებს.  გიგა ბოკერიას განცხადებით აღნიშნულ შეთანხმებას გააჩნია ორი მთავარი ასპექტი: 1. ამ ნაბიჯით საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და პარტნიორების ეკონომიკის მხარდაჭერა, რადგან, რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მათ ეკონომიკაზე აისახება დადებითად და 2. რომ რუსეთს არ ჰქონოდა საფუძველი საქართველო მოეხსენიებინა როგორც დამაბრკოლებელი გარემოება, ჩვენივე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის წინსვლისა. შეთანხმება ძალაში შევა რუსეთის მსო–ში გაწევრიანებისთანავე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკების შედეგად საქართველომ ოპტიმალური შედეგი მიიღო. მან დეტალურად ისაუბრა საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების სისტემაზე.

 

 

კომიტეტმა გადაწყვიტა          

            დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა მოხსენება და მოიწონა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისას ქართული მხარის მიერ გაწეული საქმიანობა და მიღწეული შეთანხმება;

სხდომის დღის წესრიგით გათვალიწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მოუსმინეს არგენტინის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატს – ალექსანდრე ლაცაბიძეს, რომელმაც მოკლედ წარმოადგინა თავისი სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები და ხედვა არგენტინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით არგენტინასთან ურთიერთობის დროს მთავარი პრიორიტეტები იქნება მათი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, ტურიზმისა და სავაჭრო რეჟიმის განვითარება და დახვეწა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალიწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე დეპუტატებმა მოუსმინეს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატს აბესალომ კეკელიას. მან აღნიშნა რომ ისრაელთან კიდევ უფრო უნდა გამყარდეს მეგობრული ურთიერთობები, ასევე მან ისაუბრა ეკონომიკური კომისიის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც მეტი ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში, ასევე ორივე ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

სხდომის დღის წესრიგით გათვალიწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით,

მოისმინეს ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატის ვლადიმერ კონსტანტინიდის ხედვა ავსტრალიასა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ავსტრალიის დედაქალაქში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა საქართველოს საელჩო, ამიტომ მნიშვნელოვანია მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა გაღრმავდეს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა :         

ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ალექსანდრე ლაცაბიძის კანდიდატურას არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ აბესალომ კეკელიას  კანდიდატურას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ვლადიმერ კონსტანტინიდის კანდიდატურას ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.  

სხდომის დღის წესრიგით გათვალიწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით,

განიხილეს "გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენცია "მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ", რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირს აღჭურვავს უფლებებითა და  მოვალეობებით, რაც  ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათ სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებისა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა შეკითხვები, რომლებზეც მომხსენებლებმა დეტალურად გასცეს პასუხი.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა :

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ "გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის "მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ" კონვენციის პარლამენტის მიერ რატიფიცირებას.

                             

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                         ბექა ბიძინაშვილი

 
modules