| ოქმი N 18 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის
ოქმი N 18 3 ნოემბერი, 2011 წ. 15.00. სთ. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი სხდომას უძღვებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური (სხდომის თავმჯდომარე), იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - ხათუნა ოჩიაური (დევი ოვაშვილის ადგილმონაცვლე), ლაშა დამენია, რატი სამყურაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, თენგიზ სხირტლაძე, გურამ კაკალაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ირაკლი კენჭოშვილი, გიორგი ახვლედიანი, ელგუჯა მაკარაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ირაკლი ნადირაძე – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომიტეტებისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა. მომხსენებელი:
პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, უდაოდ საყურადღებო საკითხია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ორგანიზაციებთან სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოქმედ კანონმდებლობაში დღემდე არ იყო განსაზღვრული უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორულ ორგანიზაციათა სამართლებრივი სტატუსი და არასისტემური ხასიათი ჰქონდა მათთან ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთობასაც. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს პაპუნა დავითაიას ინფორმაცია. მან ისაუბრა "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტის ძირითად პოსტულატებზე. მისი განცხადებით, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი განვითარების მიმდინარე ეტაპზე კიდევ უფრო აქტუალური შეიქმნა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის აღება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე. აქედან გამომდინარე, ყველა, ვისი ეთნიკური იდენტობაც ქართულია, ვინც ქართულ ენას და საქართველოს ტერიტორიას მშობლიურად მიიჩნევს, უფლებამოსილი იქნება, მიიღოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ გარკვეული ტიპის შეღავათებით. მომხსენებლის ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები დგანან პრობლემის წინაშე, გამონახონ საკუთარი ეკონომიკური, ეთნიკური, კონფესიური თუ ენობრივი ნიშა სრულიად უცხო გარემოში. საჭიროა ქმედითი ღონისძიებები, რათა არ დაიკარგოს მათი ეთნიკური თვითმყოფადობა და, ზოგადად ქართული კულტურის შენახვა და გავრცელება სამშობლოს ფარგლებს გარეთ უფრო შესაძლებელი გახდეს. "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტში დეტალურადაა გაწერილი ის სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებზე გავრცელდება. კანონპროექტში განსაზღვრულია დიასპორული ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსიც. პაპუნა დავითაიამ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის მნიშვნელობაზე. დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ინიციატივა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტს
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






