ოქმი N 17

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის

 სხდომის

 

ოქმი  N 17

18 ოქტომბერი, 2011 წ.  13.00. სთ.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

სხდომას უძღვებოდა:  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას ესწრებოდნენ :

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, ლაშა დამენია, ხათუნა ოჩიაური (ეკატერინე ხერხეულიძის ადგილმონაცვლე), გურამ კაკალაშვილი, ელგუჯა მაკარაძე.

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: რატი სამყურაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, გიორგი ახვლედიანი, თენგიზ სხირტლაძე.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :  

         პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო                                     მინისტრი,  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, კომიტეტისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

                         

            "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის გაცნობა კომიტეტის წევრების,  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

                       

მომხსენებელი:

 

პაპუნა დავითაია   – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო

                                      მინისტრი       

                           

                                   სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის მნიშვნელობაზე.  მისი თქმით,  მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, უმნიშვნელოვანესი საკითხია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მხარდაჭერა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოქმედ კანონმდებლობაში დღემდე არ არსებობდა არც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და არც დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი. არ იყო დარეგულირებული ამ ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი ურთიერთობებიც.

          სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან  დაკავშირებით,

           მოისმინეს პაპუნა დავითაიას  ინფორმაცია. მან დეტალურად ისაუბრა "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტზე. მისი განცხადებით,  სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი განვითარების ამ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის აღება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე. აქედან გამომდინარე, ყველა, ვისაც ქართული წარმომავლობა აქვს და საკუთარ ისტორიულ სამშობლოდ საქართველოს აღიარებს, უფლებამოსილი იქნება, მიიღოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი.  კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ მთელი რიგი შეღავათებით.

მომხსენებლის განმარტებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები  ეკონომიკური, ეთნიკური, კონფესიური, ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით სრულიად უცხო გარემოში იმყოფებიან, რაც ისტორიული და ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს თითოეულ მათგანს. მათ აქვთ სამშობლოს, მამულის მონატრების გამძაფრებული გრძნობა და საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერის მოლოდინში არიან. "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტში დეტალურადაა გაწერილი ის სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებზე გავრცელდება. კანონპროექტში განსაზღვრულია დიასპორული ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსიც.           

პაპუნა დავითაიამ   დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. 

სხდომის თავმჯდომარემ  დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ინიციატივა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.            

კომიტეტმა გადაწყვიტა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის წევრებმა მოიწონეს "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი.

 

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა

 
modules