| ოქმი N 16 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების სხდომის
ოქმი N 16 6 ოქტომბერი, 2011 წ. 13 . 30 . სთ. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი სხდომას უძღვებოდნენ: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, (სხდომის თავმჯდომარე), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები − დევი ოვაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, გურამ კაკალაშვილი, ლაშა დამენია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ − რატი სამყურაშვილი, თენგიზ სხირტლაძე, ელგუჯა მაკარაძე, გიორგი ახვლედიანი. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : გარი კასპაროვი – მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, "კასპაროვის ჭადრაკის ევროპული ფონდის" თავმჯდომარე.
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, "კასპაროვის ჭადრაკის ევროპული ფონდის" თავმჯდომარის გარი კასპაროვის პროგრამის "ჭადრაკი სკოლებში" – ახალი მოძრაობა თანამედროვე განათლებისათვის" მოსმენა. მომხსენებელი: გარი კასპაროვი – მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, "კასპაროვის ჭადრაკის ევროპული ფონდის" თავმჯდომარე.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი ასანიძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმარს. მან მადლობა გადაუხადა გარი კასპაროვს მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის, "კასპაროვის ჭადრაკის ევროპული ფონდის" თავმჯდომარის სტუმრობა საქართველოში. ნუგზარ წიკლაური მიესალმა მოწვეულ სტუმარს და აღნიშნა, რომ კასპაროვის სტუმრობა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და რომ დიდი ღირსებაა მისი მასპინძლობა ჩვენთვის. წიკლაურის განცხადებით, დღევანდელ რუსეთში გარი კასპაროვის ბრძოლა დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის არის სამოქალაქო სიმამაცე. გარი კასპაროვმა გამოხატა მადლიერება იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მიეცა საქართველოში საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისათვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კვლავ მოწესრიგდება, რადგან ჯერ კიდევ არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება. მსოფლიო ჩემპიონმა დეტალურად წარმოადგინა საკუთარი პროგრამა "ჭადრაკი სკოლებში" – ახალი მოძრაობა თანამედროვე განათლებისათვის". მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლის წინ მომზადდა და იგი ამჟამად აქტიურად ხორცილედება აშშ-ის 600-მდე სკოლაში. მისივე ინფორმაციით, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის, ასევე აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან პროგრამის განხორციელებისთვის: "ჭადრაკის სწავლებისას ბავშვებში იზრდება აზროვნების არეალი და ეს უნარი მათ შეუძლიათ გამოიყენონ, ასევე, სხვა დისციპლინების სწავლების დროსაც. ჭადრაკი ბავშვებისგან მოითხოვს პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას და იგი დადებითად მოქმედებს ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაზე". კასპაროვის განცხადებით, ამ პროგრამის ეფექტურობაზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ სკოლებში, სადაც ისწავლებოდა ჭადრაკის აღნიშნული კურსები, ბავშვებმა აჩვენეს უკეთესი შედეგი, ვიდრე სკოლებში, სადაც ეს პროგრამა არ მოქმდებდა. რადგან საქართველოში დაწყებულია სკოლების კომპიუტერიზაცია, აღნიშნული პროგრამის განხორციელება უფრო ადვილადაა შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, რომელიც ბავშვებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროგრამის ეფექტურად ათვისებაში. გარი კასპაროვის განცხადებით, ამ პროგრამის მთავარი მიზანი ის არის, რომ მისი განხორციელების შემდეგ აუცილებლად დგება უკეთესი შედეგები ქვეყანაში, სადაც გაცილებით მეტი ტალანტის, ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მსოფლიო ჩემპიონმა, ჭადრაკის პოპულარიზაციასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებაზე და სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მზადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის რუსეთის აღსასრულს სათავეს სწორედ სოჭის ოლიმპიური თამაშები დაუდებს, რადგან მისი კრახი და ჩავარდნა გარდაუვალია. გარი კასპაროვმა დეპუტატთა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის, "კასპაროვის ჭადრაკის ევროპული ფონდის" თავმჯდომარის გარი კასპაროვის პროგრამას "ჭადრაკი სკოლებში" – ახალი მოძრაობა თანამედროვე განათლებისათვის".
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ბექა ბიძინაშვილი |






