| ოქმი N 11 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომის
ოქმი N 11 9 ივნისი, 2011 წ. 13.00. სთ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - რატი სამყურაშვილი, ლაშა დამენია, გურამ კაკალაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ავთანდილ ლეკაშვილი (დევი ოვაშვილის ადგილმონაცვლე), ზაალ გამცემლიძე (ეკატერინე ხერხეულიძის ადგილმონაცლე). სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - გიორგი ახვლედიანი, ელგუჯა მაკარაძე, თენგიზ სხირტლაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : ზურაბ კიკალეიშვილი – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ნუკრი შანშიაშვილი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლევან ბაღაშვილი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები და აზერბაიჯანის ქართული დიასპორა მომხსენებელი:
ნუგზარ წიკლაური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული, ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას რეგიონის სამომავლო განვითარების მიზნით. მან ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის ქართული დიასპორის პრობლემებზე. მათ შორის გამოყო ქართული ბაღების და სკოლების პრობლემები. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ქართული სკოლების ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა და დღეისათვის დახურული სკოლების აღდგენა. მისი თქმით, აუცილებელია სკოლების ქართული სახელმძღვანელოებით მომარაგება და მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ერთ–ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული გვარ–სახელების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო კომიტეტში შემოსული 2 მოქალაქის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მათ უარი ეთქვათ შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევაზე და შესაბამისად ბავშვებს არ გააჩნიათ დაბადების მოწმობები. ავთანდილ ლეკაშვილმა ისაუბრა რელიგიურ საკითხებზე და აზერბაიჯანში მოქმედ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე. ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნია სოფელ სამთაწყაროზე გამავალი ხიდის აღდგენა, რომელიც გაუქმდა კონტრაბანდის თავიდან არიდების მიზნით, თუმცა ვინაიდან დღეს აღარ არსებოს საშიშროება გაძლიერებული კონტროლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს აღდგეს ხიდი და საბაჟო–გამტარი პუნქტი. კომიტეტმა გადაწყვიტა
უახლოეს მომავალში შედგეს აზერბაიჯანის ქართული დიასპორის საკითხებთან დაკავშირებით გაფართოებული საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება განხილული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები. სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






