|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის სხდომის
ო ქმი N 13
30 ივლისი, 2011 წ. 13.00. სთ.
კომიტეტის სათათბირო ოთახი (№317)
სხდომას უძღვებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, გურამ კაკალაშვილი, თენგიზ სხირტლაძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ელგუჯა მაკარაძე, გიორგი ახვლედიანი, ლაშა დამენია.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :
თამარ მიქაბერიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ანდრო გაბისონია – ჩერქეზული კონგრესის წარმომადგენელი საქართველოში
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. საქრთველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" – განხილვა
მომხსენებელი:
ნუგზარ წიკლაური - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების" 1998 წლის 24 ნოემბრის ცვლილებები" – განხილვა
მომხსენებელი:
თამარ მიქაბერიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით,
ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა აღიარა რუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდი, ჩერქეზული ორგანიზაციებისა და მათი ხალხის მხრიდან, ამ ფაქტს მოყვა არაერთი დადებითი გამოხმაურება. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ კავკასიელების მხრიდან საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულების ასე საჯაროდ გამოხატვა შეუძლებელი იყო, განსხვავებით დღევანდელი დღისგან. თავმჯდომარის განცხადებით ამაზე გაჩერება არ შეიძლება და საქართველომ ამ მიმართულებით კიდევ მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას. სწრედ ამ ნაბიჯების ერთ ერთი გამოხატულებაა საქრთველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ", რომლის მიხედვითაც "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20 მაისის რეზოლუციისა და 2010 წლის 24 სექტემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინიციატივის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ ეთხოვა საქართველოს მთავრობას ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ა) ჩერქეზული კულტურის ცენტრი საქართველოში და ბ) ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.
ანდრო გაბისონიამ აღნიშნა, რომ ჩრდილო კავკასიაში არიან პრორუსული ძალები თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიზარდა ასევე პროქართული დამოკიდებულებაც, რის გამოც რუსეთის ხელისუფლება დევნის ისეთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს საჯაროდ აკეთებს.
სხდომის თავმჯდომარის განცხადებით ჩერქეზებმა რაც შეიძლება მეტი უნდა გაიგონ იმის შესახებ რომ, საქართველო უკვე დიდი ხანია ზრუნავს მათთვის ჩერქეზული კულტურისა და ენის შენარჩუნებაზე, რისი ერთ–ერთი დასტურიც საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მუშაობაა ამ მიმართულებით. მისი განცხადებით სამწუხარო და სავალალოა ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩრდილო კავკასიაში პირდაპირ დევნის და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას.
სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.
კომიტეტმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ წიკლაურის მიერ წარმოდგენილ საქრთველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" (№07-3/465; 22.06.2011) და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით თამარ მიქაბერიძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების" 1998 წლის 24 ნოემბრის ცვლილებები". მისი განცხადებით აღნიშნულ წესდებაში ცვლილებების ძირითადი ნაწილი ტექნიკურია და ითვალისწინებს წესდების ტექნიკურ დახვეწას. ამასთანავე ყურადღება გაამახვილა ცვლილებაზე რომლის მიხედვითაც წესდების მე– 4 მუხლის ახალი რედაქციით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ორგანიზაციის მიმართ ექნება ფინანსური დავალიანება, არ ექნება ხმის უფლება, თუ მისი დავალიანების ოდენობა ტოლია ან აჭარბებს იმ შენატანის ოდენობას, რომელიც მას უნდა გადაეხადა წინა ორი წლის განმავლობაში. ამასთან საბჭოს აქვს უფლება შეუნარჩუნოს ან აღუდგინოს ხმის უფლება წევრ სახელმწიფოს, თუ იგი დარწმუნდება, რომ გადაუხდელობა წარმოადგენს წევრი სახელმწიფოს კონტროლის ფარგლებს მიღმა არსებული პირობების შედეგს. ასევე ცვლილებები შეეხება გენერალური დირექქტორის კიდევ ერთი ვადით არჩევას და წესდების ფუნდამეტური ცვლილების საჭირო ხმათა რაოდენობასთან დაკავშირებით რომელიც შეადგენს წევრი ქვეყნების და საბჭოს წევრთა 2/3 (ორ მესამედს).
სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.
კომიტეტმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ხელშეკრულებას: "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების" 1998 წლის 24 ნოემბრის ცვლილებები". –ის შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების რატიფიცირებას.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური
სხდომის მდივანი ბექა ბიძინაშვილი
|