ოქმი N 9

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა,  საგარეო  ურთიერთობათა და  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომის

 

ოქმი    N 9

18 მაისი, 2011 წ.  14.00. სთ.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

სხდომას უძღვებოდნენ:

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, (სხდომის თავმჯდომარე), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, გურამ კაკალაშვილი, თენგიზ სხირტლაძე, ლაშა დამენია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ -  გიორგი ახვლედიანი, ირაკლი კენჭოშვილი, ელგუჯა მაკარაძე. 
             სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
             სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :
          პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;       

            თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;

 

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

             1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ"    

          მომხსენებელი:

            პაპუნა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი  მოადგილე;

             2. საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველო - ევროკავშირის ერთობლივი დეკლარაციის "მობილურობა პარტნიორობისათვის" ფარგლებში.

            მომხსენებელი:

         თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;

        

          სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

          სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან   დაკავშირებით,

            მოისმინეს პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაცია. მან წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ". ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა კომიტეტების წევრებს დეტალურად გააცნო 2010 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილების დინამიკა და ძირითადი მიმართულებები. ასევე მან მიმოიხილა მასში განხორცილებული ცვლილებები და სხვა მაჩვენებლები.

 

            სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს თამარ ბერუჩაშვილის მოხსენება. მან წარმოადგინა პროექტი საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველო - ევროკავშირის ერთობლივი დეკლარაციის "პარტნიორობა მობილურობისთვის" ფარგლებში. მან მოკლედ მიმოიხილა აღნიშნული პროექტი, მისი განცხადებით ამ პროექტის განხორციელება საქართველოსთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, საქართველომ პირველად მიიღო ვიზის გამარტივებაზე და რეადმისიის ხელშეკრულებაზე ევროკავშირის ხელმოწერა, აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, შრომითი მიგრაცია, დოკუმენტაციის უსაფრთხოება, შრომის ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები. მისი განცხადებით აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, მათ შორის ე.წ "ცირკულარული მიგრაციის" საშუალებით 2010 წლის 16 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო "პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილმა დეტალურად წარმოადგინა პროექტის ძირითადი მიმართულებები რომლებიც მოიცავს 1.  მიზნები;  2. აქტივობები, რომელიც თავის მხრივ შედგება ა) შესაძლებლობების ზრდაზე მიმართული ღონისძიებებით და ბ) პრაქტიკულ საკითხებზე მიმართული ღონისძიებებისგან და 3. ინფორმაციის გაზიარება.

          აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრმა კობა ხაბაზმა გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში უფრო დაკონკრეტდეს პროექტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების მექანიზმები.

            ამასთან თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის მეორე სახელმწიფო მოლდოვასთან ერთად, რომელიც თანამშრომლობს ევროკავშირთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოსთვის პრიორიტეტულია აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულება, რაც მნიშვნელოვანია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობის განვითარებისა და წინსვლისათვის.

             საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა დემერდაშვილმა დეტალურად წარმოადგინა პროექტი "მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის ქართველი დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისა და საქართველო–ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების მხარდასაჭერად", რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის 9 წევრი ქვეყნისაგან შემდგარი კონსორციუმი ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობით. პროექტის სრული ბიუჯეტი შეადგენს 3.020.000 ევროს, ხოლო მისი ხანგრძლივობა 3 წელს. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ერთ–ერთი ზირითადი მიმართულება იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა დაბრუნებული მიგრანტებისათვის რეინტეგრაციის სფეროში გაწეული დახმარების გზით.

            ამასთან აღინიშნა რომ შექმნილია ვებ გვერდი: www.informedmigration.ge რომელიც დაეხმარება მიგრანტებს სასურველი ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად მოპოვებასა და საკუთარი პრობლემების უფრო კომფორტულად გადაჭრაში.

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

 კომიტეტმა გადაწყვიტა          

      1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ" და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

     2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოიწონა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩევლის თამარ ბერუჩაშვილის მოხსენება: "საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველო - ევროკავშირის ერთობლივი დეკლარაციის "მობილურობა პარტნიორობისათვის" ფარგლებში.

                             

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                         ბექა ბიძინაშვილი

 
modules