| ოქმი N 7 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N 7 29 აპრილი, 2011 წ. 12.00. სთ. კომიტეტის სათათბირო ოთახი (#317) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ლაშა დამენია, ირაკლი კენჭოშვილი, თენგიზ სხირტლაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი ახვლედიანი, გურამ კაკალაშვილი, ელგუჯა მაკარაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : ლაშა დარსალია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყველაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბერიტაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტი, გივი ღამბაშიძე – "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი,გელა ხმალაძე – "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტის მოადგილე, ბეჟან ხორავა – კავკასიოლოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მერაბ ჩუხუა – კავკასიოლოგი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გოჩა გუნიავა – ექსპერტი, კავკასიოლოგი, გოჩა გვარამია – დამოუკიდებელი ექსპერტი, ზურაბ ჯიბლაძე – კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი წიკლაური – ჟურნალისტი, ირაკლი ცქიტიშვილი – ექსპერტი.
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მექანიზმები მომხსენებელი:
ნუგზარ წიკლაური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა კომიტეტის პრიორიტეტებზე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობისას. აღნიშნა, რომ კომიტეტი მუშაობს კულტურულ–საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ურთიერთობების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხები. აქედან გამომდინარე, კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში პოლიტიკოსების გარდა, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები კავკასიოლოგიის თემაზე მომუშავე მეცნიერები, ექსპერტები და ჟურნალისტები. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველომ, როგორც ჩრდილოკავკასიის უშუალო მოსაზღვრემ, პრინციპული პოზიცია და დამოკიდებულება უნდა შეიმუშაოს რეგიონის მიმართ, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საკმაოდ რთული ვითარებაა. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც ხორციელდება ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, მხოლოდ რეპრესიულ მეთოდებს ეფუძნება. "მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება ჩვენს მოსაზღვრე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების თაობაზე. ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ საქართველოს სტრატეგია ჩრდილო კავკასიის რეგიონის და ზოგადად კავკასიის მიმართ. მისივე განმარტებით, საქართველო მოიაზრება როგორც რეგიონალური ლიდერი, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც მეცნიერებს და ექსპერტებს ამ მიმართულებით აქვთ შემუშავებული გათვალისწინებული იქნება. კომიტეტის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სთხოვა დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით. დავით ბერიტაშვილმა ისაუბრა ტორონტოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით, "ერთიანი კავკასიური სახლი", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ქართველი, ჩეჩენი და ჩერქეზი სტუდენტები. გიორგი ყველაშვილმა აღნიშნა, რომ ილიას უნივერსიტეტში, სადაც იგი კითხულობს ლექციებს, რამდენიმე ათეული ჩრდილოკავკასიელი სტუდენტი სწავლობს. მისი აზრით, აუცილებელია ამ რესურსის გამოყენება, მნიშვნელოვანია მათი მოწვევა საქართველოს პარლამენტში და კავკასიის საკითხებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების მოსმენა. გივი ღამბაშიძემ ისაუბრა ფონდის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღნიშნა, რომ 4 მაისს დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, რომლის თემა გახლავთ საქართველო–დაღესტნის ურთიერთობები. ასევე მან ისაუბრა ზოგადად ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიაზე. მისი აზრი, ჩრდილოკავკასიურ სახელმწიფოებთან აუცილებელია დიფერენციალური მოქმედება. კავკასიის ფონდის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა ინიციატივა, სამომავლოდ საქართველოში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენციები ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდენას და მათი ინფორმირებულობის გაზრდას რეგიონისადმი საქართველოს დამოკიდებულების შესახებ. სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა აღნიშნული ინიციატივა. ლაშა დარსალიას განმარტებით, საქართველოს კავკასიელ ხალხებთან ჰუმანიტარულ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში დიალოგის განვითარების სურვილი ამოძრავებს და ბალანსი ყველა ჩრდილოკავკასიელ ხალხთან ურთიერთობაში უნდა იყოს დაცული. მისი აზრით, საქართველოს მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის საკითხზე ყურადღების გამახვილება არ უნდა აღიქმებოდეს და არ უნდა ქმნიდეს ისეთ განწყობას, თითქოს საქართველოში მხოლოდ ჩერქეზთა საკითხი აინტერესებთ და არა მთლიანად რეგიონის. მერებ ჩუხუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით საგანგაშო ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთი არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არ აძლევს უფლებას მონიტორინგი განახორციელონ და დაიცვან ადამიანის უფლებები რეგიონში. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კავკასიაში სტაბილური გარემოს შექმნით დაინტერესებულია არამარტო საქართველო, არამედ მთელი ევროპა, რადგან დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის ორმხრივი კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. საქართველო დღესდღეობით არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ზრუნავს ჩრდილოკავკასიელ ხალხზე სამეცნიერო კუთხით. შეხვედრაზე ითქვა, რომ კავკასიაში პირველ რიგში ნდობის ატმოსფერო უნდა ჩამოყალიბდეს. საჭიროა მეტი კომუნიკაციის დამყარება, ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა. სხვადასხა სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა, ელექტრონიზაცია და ინტერნეტ სივრცეში განთავსება. რამდენადაც ჩრდილოკავკასიის ხალხთა ენები, კულტურული და ისტორიული მონაპოვარი მსოფლიო საგანძურის ნაწილია, საქართველომ უნდა იზრუნოს მათ შენარჩუნება–განვითარებაზე. დასასრულს, ნუგზარ წიკლაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ექსპერტების მიერ ამ მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაცია იქნება მნიშვნელოვანი გადწყვეტილებების მიღების დროს. აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა პირველი ეტაპია შეხვედრების ციკლისა, სადაც კიდევ ბევრი ქართველი და უცხოელი ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას, რათა საქართველომ რეგიონთან მიმართებაში სწორი და პრინციპული კონცეფცია ჩამოაყალიბოს. კომიტეტმა გადაწყვიტა
1. კომიტეტის წევრებმა განსაზღვრეს კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მექანიზმები და დაგეგმეს ერთობლივი სამომავლო ღონისძიებები. 2. შემუშავებულ იქნას ზოგადი კონცეფცია რეგიონთან მიმართებაში. 3. ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მოწვევა საქართველოს პარლამენტში. 4. ჩრდილოკავკასიის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციების საქართველოში ჩატარება.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






