ოქმი N 6

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის

 სხდომის

 

ოქმი  N 6 

27 აპრილი, 2011 წ.  13.00. სთ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

სხდომას უძღვებოდა:  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას ესწრებოდნენ :

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ლაშა დამენია, გურამ კაკალაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, თენგიზ სხირტლაძე.

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - გიორგი ახვლედიანი, ელგუჯა მაკარაძე, ეკატერინე ხერხეულიძე,.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :  

 

         გიორგი ვაშაძე –  იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი გაბრიელაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე (მომხსენებელი).

კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

                         

           1. მიმდინარე მიგრაციული ტენდენციები საქართველოში სამოქალაქო რეესტრის  სააგენტოს მონაცემებით;

2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დისტანციური მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა.

მომხსენებელი:

გიორგი გაბრიელაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს      სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.                                     

                                   სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიღწევებზე და აღნიშნა, რომ ეს სტრუქტურა  მუდმივად გვთავაზობს ინოვაციებს. მან ასევე ისაუბრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე, რომელიც აქტიურად არის დაკავებული მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესებით.

          სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  პირველ საკითხთან  დაკავშირებით,

მოისმინეს გიორგი გაბრიელაშვილის ინფორმაცია. მან კომიტეტის წევრებს 2004-2011 წლებში საქართველოდან მიგრაციის სტატისტიკა და ტენდენციები  გააცნო და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ წლებში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა 25314 ადამიანს მიენიჭა, რომელიც ძირითადად ორმაგი მოქალაქეობის მსურველთათვის განხორციელდა.

 მომხსენებელმა მუდმივი და დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემასა და მოქალაქეობის მიღება-აღდგენის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრების მსურველთა სტატისტიკის ზრდა შეინიშნება. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება-აღდგენის სურვილით სააგენტოს, საქართველოს ყოფილი მოქალაქეები აკითხავენ, რომლებიც აქ  წლების წინ ცხოვრობდნენ, გარკვეული წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და ახლა ბრუნდებიან უკან საქართველოში".  მისივე განცხადებით, 2009-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობიდან 2479 ადამიანი გავიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათმა უმეტესობამ ორმაგი მოქალაქეობის სურვილით სააგენტოს უკვე მიმართა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  მეორე საკითხთან  დაკავშირებით,

გიორგი გაბრიელაშვილმა ისაუბრა სააგენტოში დანერგილი დისტანციური მომსახურების შესახებ.  მისი ინფორმაციით, 2011 წლის იანვრიდან სააგენტოში ამოქმედდა დისტანციური, ონლაინ მომსახურების პირველი ეტაპი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ინტერნეტის საშუალებით ისარგებლოს სააგენტოს სხვადასხვა მომსახურებით. სამი თვის განმავლობაში აღნიშნული სერვისით უკვე ისარგებლა 1737 საქართველოს მოქალაქემ და მაისის შემდეგ, მას მერე რაც ამოქმედდება ელექტრონული მომსახურების მეორე ეტაპი, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ სააგენტოს მუშაობა დადებითად შეაფასა და მის ხელმძღვანელს, გიორგი ვაშაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული მომსახურეობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნათ. წლების წინ მათ უხდებოდათ დიდი მანძილისა და შესაბამისი თანხის გადახდა, რათა მიეღოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან ესარგებლათ სააგენტოს ნებისმიერი მომსახურებით. დისტანციური მომსახურება კი მათ საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით.                        

კომიტეტმა გადაწყვიტა

 

1. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს სამოქალაქო რეესტრის  სააგენტოს მიერ წარმოდგენილი  მონაცემები საქართველოში მიგრაციის ტენდენციებისა და სტატისტსიკის შესახებ.

 

2. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთათვის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დისტანციური მომსახურების დანერგვა.

 

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა

 
modules