ოქმი N54

საქართველოს პარლამენტის განათლებისმეცნიერებისა და კულტურის

კომიტეტის  სხდომის

ოქმი N54

9 ივნისი, 2010წ.                                                                          ილ. ჭავჭავაძის სახ. დარბაზი

15 საათი

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.

ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკ, თაქთაქიშვილი ჩიორა, კვაჭანტირაძე თამაზ, სტურუა ავთანდილ, ჯალაღონია ედიშერ;  პაპუნა პეტრიაშვილი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე; მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახური; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.

 

დღის წესრიგი

1.      საქართველოს მთავრობის ანგარიშის "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ" მოსმენა.

(პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)

2.      საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტის "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" განხილვა.

(პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)

მოისმინეს საქართველოს მთავრობის ანგარიში  "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ".

ანგარიში წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა. აღინიშნა, რომ, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად, ცალკეული დარგები ზრდის ტემპით ხასიათდებოდა. მათ შორის განათლების დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპი შეადგენდა 3,2%-ს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, რის შედეგადაც ორჯერ განხორციელდა მასწავლებელთა საბაზისო ხელფასის ზრდა.

განათლების სფეროს დასაფინანსებლად 2009 წლის გეგმამ შეადგინა 488 104.3 ათასი ლარი. საკასო შესრულებამ შეადგინა 459 589.9 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 94,2%; კულტურის სფეროში მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 41 545.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 98.8%-ს შეადგენს. ყურადღება გამახვილდა იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც 2009 წლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი რიგი ღონისძიებებისა ვერ განხორციელდა.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტის წევრების მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული წარმოდგენილი ანგარიში და, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტზე "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე".

კანონპროექტები წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება, რაც გამოწვეულია მიმდინარე წლის ხუთ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფაქტიური შესრულების დინამიკითა და საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილებით. კანონპროექტის თანახმად 2010-2013 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებს წარმოადგენს: განათლების სისტემის ინსტიტუციური მოწყობისა და მართვის დეცენტრალიზებული სისტემების სრულყოფა, სასწავლო გარემოს, განათლების ხარისხისა და ხარისხის მართვის სისტემების გაუმჯობესება, თითოეული მოქალაქისათვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და განათლების სფეროში დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტებია: სახელოვნებო და სასპორტო განათლების სისტემის რეფორმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეაბილიტაცია, მსოფლიოში საქართველოს პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.  აღნიშნული პრიორიტეტების განხორციელების შედეგად  განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოსალოდნელი შედეგებია: მასწავლებლის საბაზო ხელფასების ზრდა, მათი ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება, წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიების დანიშვნა და სხვა. კულტურის სფეროში – ტურისტების რაოდენობის ზრდა, მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის და კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების გააქტიურება, საქართველოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფა, ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.     

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე                                                     გიორგი გაბაშვილი