ოქმი #109

                                                          საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #109

   19.12.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1.        დავით დარჩიაშვილი

2.       ირაკლი კენჭოშვილი

3.       პეტრე მამრაძე

4.       რამინ ბაირამოვი

5.       სერგო ქიტიაშვილი

6.       გიორგი როინიშვილი

7.       კობა ხაბაზი

      სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი 

1.      საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

მომხსენებლები:

  ლაშა დარსალია – საქართველოს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა ლაშა დარსალიას დეპუტატებისთვის გაეცნო «საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია».

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ «საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში» განსაზღვრულია ქვეყნის ეროვნული ღირებულებები და ინტერესები, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და  გამოწვევები, უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის განმარტებით, კონცეფცია მოიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარების, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში ინტეგარციის, სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობისა და საგარეო კავშირების განმტკიცების და  სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა საფუძველზე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგია და გეგმა. კონცეფციაში ასევე ასახულია ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური დინამიკა.

ირაკლი კენჭოშვილი დაინტერესდა იგულისხმება თუ არა ახალ საფრთხეებში და გამოწვევებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა?

ამასთან დაკავშირებით ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ «საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში» გაწერილია ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება მიადგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიზანმიმართული დაზიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ «საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია» უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, ვინაიდან იგი გახლავთ გზამკვლევი საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, დიალოგის საშუალება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, და წარმოადგენს ერთგვარ სავიზიტო ბარათს საერთაშორისო დონეზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და სავარაუდო საფრთხეებს. მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ხაზგასმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპების თანხვედრაზე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და მის სამხედრო სტრუქტურებთან, რომელშიც გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დავით დარჩიაშვილის განმარტებით, დოკუმენტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საქართველოს ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის, ინსტიტუციური თანამშრომლობის ჩარჩოების გაფართოების, ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობის საკითხებს.

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules