ოქმი #106

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #106

   02.12.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1.        დავით დარჩიაშვილი

2.       ირაკლი კენჭოშვილი

3.       ირაკლი ქავთარაძე

4.       პეტრე მამრაძე

5.       კობა ხაბაზი

6.       ნუგზარ ერგემლიძე

7.       რამინ ბაირამოვი

8.       თეიმურაზ ჩარკვიანი

9.       გიორგი გოდაბრელიძე  

      სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი:

1.      ინფორმაციის მოსმენა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე.

2.     საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის «მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ» კონვენციასთან შეერთების თაობაზე.

3.      საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება «ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებების შესახებ».

მომხსენებლები:

   გიგა ბოკერია – საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე,

   სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,

   რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე,

ირაკლი გორდულაძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე. 

სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა გიგა ბოკერიას დეპუტატებისთვის გაეცნო ინფორმაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასა და ქართული მხარის მიერ მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას განმარტებით, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგად საქართველოს პირდაპირ ან საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით განეხორციელებინა საინფორმაციო კონტროლი და მონიტრინგი მის ლეგიტიმურ საზღვრებში მიმდინარე ვაჭრობასა და ტვირთბრუნვაზე. მისი თქმით, ამიერიდან საქართველოს ექნება შესაძლებლობა საერთაშორისო ინსტრუმენტების მეშვეობით სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოს ვაჭრობასა და ტვირთების ნებისმიერ გადაადგილებაზე რუსეთ-საქართველოს ოფიციალურ საზღვრებზე – როკთან და ფსოუსთან. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთანავე, ხოლო საზღვრებზე მონიტორინგს კერძო შვეიცარიული კომპანია განახორციელებს, რომელის შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. გიგა ბოკერიას თქმით, ბუნებრივია, დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ გასათვალისწინებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაცია არ არის ის ორგანო, რომლისგანაც დეოკუპაციის მოლოდინი უნდა არსებობდეს.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა აგრეთვე განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესი იყო საქართველო მოლაპარაკებების პროცესში მსოფლიო საზოგადოების და უმთავრესად მისი დასავლელი მოკავშირეების წინაშე წარმოჩენილიყო, როგორც საიმედო და სანდო პარტნიორი. მოლაპარაკებისას მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთს ვერ მოეხერხებინა საქართველოს ისეთ მხარედ წარმოდგენა, რომელიც გამოსავალს არ ეძებს და ევროკავშირსა და სხვა პარტნიორებს პრობლემებს უქმნის.

კობა ხაბაზი დაინტერესდა რა პრობლემების წინაშე დადგება რუსეთი, თუ უარს იტყვის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პირობების შესრულებაზე?

ამასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პირობების შესრულებაზე საქართველოს აქვს უფლება მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს.

ირაკლი კენჭოშვილი დაინტერესდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ იქნებოდა კონსტრუქციული როგორ გამოჩნდებოდა იგი მსოფლიო თანამეგობრობის თვალში?

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთს საქართველო წარმოეჩინა როგორც პრობლემური ქვეყანა, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო თანამეგობრობას. თუმცა ქართველი დიპლომატების მიერ მართებულად გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლებელი გახადა აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება და დაინტერესებულ მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევა.

სერგი კაპანაძემ ისაუბრა მონიტორინგის განმახორციელებელი შვეიცარიული კომპანიის შერჩევის პირობებსა და კომპეტენციებზე. მისი თქმით, კონკურსის შედეგად შვეიცარიული მხარე შეარჩევს კერძო კომპანიებს და კანდიდატურებს წარუდგენს რუსულ და ქართულ მხარეებს, რომლებიც დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, თუმცა რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე მონიტორინგის განმახორციელებელ კერძო კომპანიას შვეიცარიული მხარე განსაზღვრავს. აღნიშნული კომპანია უფლებამოსილი იქნება გააკონტროლოს ტვირთბრუნვა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რაც გულისხმობს – ტვირთის შეჩერებას, შემოწმებას, ინფორმაციის მიღებას. შეიქმნება ტვირთბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

რუსუდან კემულარიამ დეპუტატებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ბანკის ოპერაციების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებით.

ევროპსათან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი გორდულაძემ დეპუტატებს წარუდგინა გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის «მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ» კონვენციასთან შეერთების საკითხი. მისი თქმით, აღნიშნული კონვენციის მიზანია მოქალაქეობის არმქონე ადამიანებს მისცეს კონვენციასთან მიერთებულ ქვეყნებში ცხოვრების გარკვეული ასპექტების ლეგიტიმაციის გარანტია და მიანიჭოს მათ მასპინძელ ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება.

ევროპსათან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კონვენციასთან შეერთების საკითხის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules