ოქმი # 103

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი # 103

   03.11.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1.        დავით დარჩიაშვილი

2.       დავით მახნიაშვილი

3.       პეტრე მამრაძე

4.       ირაკლი კენჭოშვილი

5.       ნუგზარ ერგემლიძე

6.       კობა ხაბაზი

7.       თეიმურაზ ჩარკვიანი

8.       გიორგი გოდაბრელიძე

9.       რამინ ბაირამოვი

      სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი:

1.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: «ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ»; «საქართველოს ზოგიერთ საკანონონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე».

მომხსენებელი:

   გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.  

  სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა გია ხუროშვილს დეპუტატებისთვის გაეცნო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: «ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ» და «საქართველოს ზოგიერთ საკანონონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე».

გია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ «ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ» კანონპროექტით განსაზღვრება საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სამართლებრივ სტატუსი, უფლება-მოვალეობები, სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და გაუქმების საფუძვლები და პროცედურები. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ახალი ცნება «ჰუმანიტარული სტატუსი» და იგი ენიჭება პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს, მაგრამ ჰუმანური მოსაზრებების გამო შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.  ჰუმანიტარული სტატუსი პირს ენიჭება 2 წლის ვადით და შეიძლება გაგრძელდეს, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც მას ეს სტატუსი მიენიჭა. პროცედურული თვალსაზრისით, პირისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა ხორციელდება 6 თვის ვადაში. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწომობა გაიცემა ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადით, ამასთან სტატუსის გაგრძელების შემთხვევაში განმეორებით, ხოლო ლტოლვილზე – 3 წლის ვადით. საქართველოს საპარლამემტო მდივნის თქმით, ოჯახის ერთიანობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპის უზრუნველსაყოფად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შემდეგ პირს ენიჭება ოჯახის გაერთიანების უფლება.

დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტს შემოაქვს ახალი ტერმინი - «თავშესაფრის მაძიებელი», რომელიც ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით”, რაც ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას თითქოსდა თავშესაფრის მაძიებელი არ არის დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ ის ან ლტოლვილი უნდა იყოს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტის სათაურმა ასახოს ის სუბიექტი, რომელიც რეალურად არსებობს მანამ, სანამ პირი მიიღებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: «თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ”.

ამასთან დაკავშირებით გია ხუროშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული შენიშნვა საფუძვლიანია და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

სხდომაზე გამოითქვა სხვა შენიშვნებიც, რომლებიც ასახულ იქნა კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში. ზემოაღნიშნული და სხვა შენიშვნების გათვალისწინებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules