ოქმი # 94

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის   სხდომის

ოქმი #94

10.06.11

სხდომას ესწრებოდნენ:

1. კენჭოშვილი ირაკლი

2 როინიშვილი გიორგი

3. ხაბაზი კობა

4. ჩარკვიანი თეიმურაზი

5. ქავთარაძე ირაკლი

6. ბაირამოვი რამინი

7. მახნიაშვილი დავითი

8. მამარაძე პეტრე

სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი

სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი

 

 

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი

 

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში".

მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი

სხდომის მსვლელობა:

ირაკლი კენჭოშვილმა სთხოვა გია ხუროშვილს გაეცნო კომიტეტის წევრებისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში".

გია ხუროშვილმა წარმოადგინა შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში" და აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმება  საქართველოს ევროკავშირის 11 წევ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული, რაც ხელს უწყობს მათთან როგორც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, ასევე თავისუფალი კონკურენციის განვითარებას,  მომსახურების  პირობების ამაღლებას, ტურიზმის განვითარებასა და საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომიტეტში აღინიშნა, რომ შეთანხმება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს, აგრეთვე, საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ  და მრავალმხრივ  საერთაშორისო ხელშეკრულებებს. შეთანხმების რატიფიცირებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები და მხარი დაუჭირეს შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გია ხუროშვილმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელმაც ასახვა ჰპოვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმაში, სადაც ჩადებულ იქნა ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმის (LM) ამოქმედება, რომლის მიზანია კომუნიკაციის გამარტივება საქართველოს მთავრობას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაკონტროლებელ ძალაუფლებასა და ამ რეგიონებში ნებაყოფლობით გაერთიანებებს შორის.  მექანიზმის აღსრულების ერთ-ერთ ინსტრუმენტად გაიწერა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა.  აღნიშნული მიდგომის განხორციელებას სჭირდება ძლიერი და სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა.  ამ საფუძვლით წარმოდგენილი ინიციატივა მიზნად ისახავს სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ დონეზე გამყარებას და შემდგომ შესრულებას.  აგრეთვე, აღნიშნულ ინიციატივას აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა იმ თვალსაზრისითაც, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა საქართველოს საზღვრის კვეთისას (საზღვარგარეთ გამგზავრებისას) გამოიყენონ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ირაკლი კენჭოშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 
modules