| ოქმი #93 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის 10.06.11 სხდომას ესწრებოდნენ: 1. დავით დარჩიაშვილი 2 კენჭოშვილი ირაკლი 3. ქავთარაძე ირაკლი 4. .გოდაბრელიძე გიორგი 5. ბაირამოვი რამინი 6. მამრაძე პეტრე 7. მახნიაშვილი დავითი 8. ხაბაზი კობა სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". 2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა "საქართველოს ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე." მომხსენებლები:
საქართველოს პარლამენტის წევრები კ. ანჯაფარიძე და ზ. კუკავა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები: ლანა ონიანი, თამარ ოტიაშვილი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი სხდომის მსვლელეობა: ზვიად კუკავამ წარმოადგინა კანონპროექტი "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და განმარტა, რომ ზემოთაღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციის პროცესის დაქვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისათვის, რომლის თანახმადაც შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციას, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსი, განახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები უზრუნველყოფენ შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციის უფრო მოქნილი და ეფექტური სისტემის შექმნას და რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტების რეგისტრაციისა და საქმიანობის მარეგულირებელი ერთგვაროვანი წესების არსებობას. კომიტეტმა მართებულად მიიჩნია ზემოთაღნიშნულ კანონებში ცვლილებების შეტანა, ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოცემულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან და აქედან გამომდინარე კომიტეტი დადებითად აფასებს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და მხარს უჭერს მათ პლენარულ სხდომაზე განხილვას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს. დავით დარჩიაშვილმა ისაუბრა კანონპროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების დადების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კანონპროექტის შინაარსზე, რომელიც სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის სრულად ამოქმედების თვალსაზრისით აწესებს სანქციებს, რომელიც გამოიყენებული უნდა იქნეს როგორც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის, ასევე შესაბამისი სუბიექტის მიერ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის დარღვევის სხვა შემთხვევებში. პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელმა ლანა ონიანმა აღნიშნა შემდეგი: სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ინსპექტირების ჩატარების პროცესში, აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოებს მისცეს მხოლოდ გარკვეული სახის რეკომენდაციები. გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოებისათვის შესაბამისი სანქციების დაწესება დაიწყება 2011 წლის 1 ივლისიდან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დღეს არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის ოდენობას და სახეებს, ამიტომ შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, საჭირო გახდა აღნიშნულ კოდექსში ცვლილებების შეტანა. ამასთან, მოცემული კოდექსის გარკვეული მუხლები ძველი რედაქციით არის წარმოდგენილი და საჭიროა მათი ახლებურად ჩამოყალიბება, აგრეთვე მათი დღეს არსებულ კანონმდებლობასთან მორგება. ზემოთაღნიშნული კოდექსის ახლებური პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს, ადმინისტრაციული სახდელების დაწესება და მათი ოდენობის განსაზღვრა, ინსპექტირებისას სურსათის მწარმოებელი საწარმოს მხრიდან სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შეუსრულებლობის აღმოფხვრა . სამართალდარღვევათა კოდექსის რამოდენიმე მუხლის ახლებურად ჩამოყალიბება წინგადადგმული ნაბიჯია არსებულ სფეროში საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სურსათის უვნებლობის სფეროში დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას. ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა შემდეგი სახის მოსაზრებები: ირაკლი ქავთარაძე დაინტერესდა იმ საკითხით, თუ რა კრიტერიუმით მოხდება სამომავლოდ საწარმოების შემოწმება. ლანა ონინიანმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კრიტერიუმები ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის, მაგრამ შემოწმდება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი საწარმოები. დავით დარჩიაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს საკითხის ინიცირება, ხოლო ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს, დრო დაეთმოს საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას, განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით დარჩიაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე |






