| ოქმი # 92 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის 18. 05. 11 სხდომას ესწრებოდნენ: 1. დავით დარჩიაშვილი 2. ირაკლი კენჭოშვილი 3. 3. გიორგი გოდაბრელიძე 4. კობა ხაბაზი 5. ირაკლი ქავთარაძე 6. პეტრე მამრაძე 7. დავით მახნიაშვილი 8. თეიმურაზ ჩარკვიანი 9. ირაკლი ქავთარაძე 10. რამინ ბაირამოვი სხდომის თამჯდომარე: დავით დარჩიაშვილი სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ”საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ”. 2. საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დეკლარაციის _ ”მობილურობა პარტნიორობისათვის” ფარგლებში. მოწვეული სტუმრები: 1. თამარ ბერუჩაშვილი _ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2. პაპუნა პეტრიაშვილი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. სხდომის მსვლელობა: დავით დარჩიაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილს სთხოვა, სხდომის წევრებისათვის წარმოედგინა ანგარიში ”საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ”. პაპუნა პეტრიაშვილმა დეპუტატებს გააცნო წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც, მისი თქმით, დეტალურად არის გაწერილი სახელმწიფოს მიერ 2010 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები და მიღებული შემოსავლები. მან აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვა 2009 წლის დამლევს არასტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში მოხდა, მისი შესრულება მაინც მოხერხდა. პეტრიაშვილის თქმით, ბიუჯეტი თავდაპირველად 2-%-იანი ზრდის ფარგლებში დაიგეგმა, მაგრამ 2010 წლის პირველ კვარტალშივე ცხადი გახდა, რომ ეკონომიკური ზრდა წლის განმავლობაში გაცილებით მაღალი იქნებოდა. მართლაც, ასეთი პროგნოზი საბოლოო ჯამში ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებლის 325 მლნ-იანი ზრდით გამართლდა. ეს დამატებით აკუმულირებული თანხა ძირითადად სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდა: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და განათლების სფეროებზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2010 წელს შესრულდა ბიუჯეტში გაწერილი ყველა ვალდებულება. ბიუჯეტიდან დახარჯული დაახლოებით 7 მილიარდი ლარიდან სოციალურ ღონისძიებებს მოხმარდა 19. 7 %, თავდაცვის სფეროს _ 10%, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას _ 7,8 % და ა. შ. საანგარიშო წელს მიღწეულ იქნა მთავრობის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური მიზანი ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივად შემცირების მიმართულებით. კერძოდ, თუ 2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 9,2 %-ს შეადგენდა, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 6,1%-მდე შემცირდა. ეს პოზიტიური ტენდენცია დღესაც გრძელდება. კერძოდ, მიმდინარე წლის საბიუჯეტო დეფიციტი 3,9%-ს შეადგენს. მთავრობა ცდილობს, ეს Nმაჩვენებელი 3%-ს არ აღემატებოდეს. პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარების გამო 2010 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ 11,2% შეადგინა, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 7,1 %-ით განისაზღვრა. 2010 წელს დოლართან მიმართებით ლარი 1,77-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც წინა წელთან შედარებით 5,2%-ით მაღალი იყო. მომხსენებელი შეეხო აგრეთვე სახელმწიფო ვალის საკითხს და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით განსაზღვრული იყო 46%-ის ფარგლებში, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის გამო 42%-მდე შემცირდა. აზრი გამოთქვეს: კობა ხაბაზმა იკითხა, ბიუჯეტის რამდენი პროცენტი დაიხარჯა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. პაპუნა პეტრიაშვილმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაახლოებით 22% დაიხარჯა, საიდანაც ამ თანხის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტუქტურას მოხმარდა. დავით დარჩიაშვილი დაინტერესდა საკითხით, თუ როგორ განხორციელდა 2010 წელს სოფლის დახმარების პროგრამა, რამდენად მოხერხდა ამ მიმართულებით თანხების სრულად მოძიება და როგორ მოხდა მათი გადანაწილება. პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, 2010 წელს ადგილობრივ თვითმართველობებს მილიარდ 86 მლნ. ლარი გადაეცა, რომელიც გამოთანაბრებითი, მიზნობრივი ტრანსფერებისა და რეგიონული ფონდებიდან გამოყოფილი თანხებისაგან შედგება; წინა წლებთან შედარებით ეს ამ მიმართულებით გამოყოფილი რეკორდული თანხაა, რომელიც სრულად იქნა ათვისებული მუნიციპალიტეტების მიერ. დავით დარჩიაშვილი დაინტერესდა აგრეთვე საკითხით, თუ როგორი მდგომარეობაა ევროკავშირიდან მოსალოდნელი თანხების მიღება-ათვისების საქმეში. პეტრიაშვილის განმარტებით, 2011 წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია ევროკავშირისაგან მისაღები ტრანში _ 46 მლნ. ევრო, რომელსაც საქართველო უახლოეს ხანებში მიიღებს. დავით დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დასძინა, რომ კომიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული ანგარიშის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია. თამარ ბერუჩაშვილმა წარმოადგინა საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დეკლარაციის _ ”მობილურობა პარტნიორობისათვის” ფარგლებში და აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ 2007 წლის 16 მაისს გამოქვეყნებული კომუნიკე მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერებას, ლეგალური მიმოსვლისა და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კანონიერად დასაქმების ხელშეწყობას. ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 5-6 ივნისის სხდომაზე გადაწყდა საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყება პარტნიორობის ახალი ინიციატივის ფარგლებში. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კომისიამ შეიმუშავა დიკუმენტის პროექტი _ ევროკავშირის ინიციატივა ”პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტების შესახებ. თანამშრომლობა ”პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივის ფარგლებში ხელს შეუწყობს როგორც მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ რეგულირებას, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, მათ შორის _ ე. წ. ცირკულარული მიგრაციის საშუალებით. 2010 წლის 16 თებერვალს ”პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო ლიბერალიზაციის ერთ-ერთ მნიიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2010 წლის 5 მარტს გამართული კონსულტაციები საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებაზე კვალიფიკაციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ და 19 მარტს გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. შეთანხმების მთავარი კომპონენტია საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვოტების (კვოტის რაოდენობა შეადგენს ხუთასს) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის შექმნა. აზრი გამოთქვეს: ნუგზარ ერგემლიძემ გამოთქვა შეშფოთება _ მიღწეული შეთანხმებით ხომ არ ელოდებათ დეპორტაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და გამოთქვა კვოტის რაოდენობის გაზრდის სურვილი. თამარ ბერუჩაშვილმა განმარტა: ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არალეგალური მიგრანტები ლეგალურ სტატუსს მოიპოვებენ, მაგრამ ვინც იქ ათეული წლების განმავლობაში ასეთი სტატუსის გარეშე მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე მათზე მოთხოვნა არის და მათი მექანიკური დეპორტაცია არ მოხდება, ხოლო კვოტების გადასინჯვა მოხდება იმის შესაბამისად, თუ როგორი იქნება მოთხოვნა საფრანგეთის შრომის ბაზარზე. კობა ხაბაზი დაინტერესდა იმით, თუ რა კეთდება ლეგალური მიგრაციისათვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით და არალეგალური მიგრაციის პრევენციისათვის. თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაციის აღსაკვეცად და ამ კუთხით მოსახლეობისათვის სათანადო ინფორმაციის მისაწოდებლად მიგრაციის საერთაშორისო ოფისი სპეციალურ უწყებებს აყალიბებს საქართველოში. დავით დარჩიაშვილმა შეაჯამა თამარ ბერუჩაშვილის მოხსენება და დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმება ლეგალური მიგრაციის სფეროში ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და ადგილზე დასაქმების მასშტაბური პროგრამების განხორციელება, მაგრამ უდავოა ისიც, რომ აღნიშნული შეთანხმებები ახალი სტიმული და პერსპექტივაა მათთვის, ვინც ცდილობს, სრულყოს და ევროპული სტანდარტების დონეზე აიყვანოს თავისი პროფესიული ცოდნა. დავით დარჩიაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტრის თავმჯდომარე |






