საქართველოს პარლამენიტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
1. დავით დარჩიაშვილი
2. ირაკლი კენჭოშვილი
3. კობა ხაბაზი
4. გიორგი როინიშვილი
5. თეიმურაზ ჩარკვიანი
6. ირაკლი ქავთარაძე
7. სერგო ქიტიაშვილი
8. რამინ ბაირამოვი
9. დავით მახნიაშვილი
10. პეტრე მამრაძეE
სხდომის მდივანი: ქეთი ჩემია
სხდომის დღის წესრიგი:
1. საკომიტეტო მოსმენა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის თაობაზე.
მომხსენებელი:
ბათუ ქუთელია – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
სხდომის მსვლელობა:
დავით დარჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და მიმართა მომხსენებელს დეპუტატებისთვის გაეცნო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ მომზადებული ინფორმაცია.
ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია წარმოადგენს ფუნდამენტურ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მისი თქმით, შემუშავებული დოკუმენტის პროექტში მოცემულია იმ ფუნდამენტური, ეროვნული ღირებულებების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ქართული სახელმწიფო. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და მშვიდობა წარმოადგენს კონცეფციით გათვალისწინებულ ღირებულებებს. ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დაასახელა დოკუმენტით გათვალისწინებული შემდეგი ეროვნული ინტერესები: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეროვნული ერთიანობა, სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რეგიონალური სტაბილურობა, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა, საქართველოს ინფორმაციულ სივრცისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში წარმოდგენილ ღირებულებებსა და ინტერესებს თან ერთვის კომპლექსური და ხშირ შემთხვევაში ერთიერთ-დამოკიდებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ჩამონათვალი. მან განმარტა, რომ კონცეფციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ისეთი პრიორიტეტების დასახვა, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ყველა ზემოთ აღნიშნული საფრთხის სხვადასხვა ფორმით განეიტრალება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა დოკუმენტის შემუშავების პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, საკანონმდებლო და ფართო სპექტრის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა, ჩართულობის პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ამაღლება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში, საერთაშორისო კავშირების განმტკიცება, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა, განათლების, ინფორმაციული და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, აგრეთვე, დემოგრაფიული და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა, წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
სხდომაზე დეპუტატთა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა რიგი შეკითხვები და გამოითქვა შენიშვნები. დავით დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა დოკუმენტის ავტორებს და აღნისნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტი აღქმადი იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისათვის, რისთვისაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის სტრუქტურულ და შინაარსობრივ თანხვედრას იმ დოკუმენტებთან, რომლებიც მირებულია NAთO-ს წევრი ქვეყნების მიერ. მან გამოთქვა რამოდენიმე შენიშვნაც და აღნიშნა, რომ სასურველია მოხდეს კორექტირების შეტანა საქართველოსთან დაკავშირებული რუსეთის მიზნების განსაზღვებაში; დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ტერმინი «მრავალ-ეთნიკური ერი” ლეგიტიმური თვალსაზრისით მისაღებია და არ ემუქრება საქართველოს მოქალაქეთა ეთნიკურ წარმომავლობასა და/ან მათ აფილიაციას კონკრეტული ეთნოსის დომინირებით შექმნილ სახელმწიფოებთან. დარჩიაშვილის აზრით, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემატიკის გრადაციისას სასურველია უკეთ მოხდეს საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შინაარსობრივი გამიჯვნა. მან გამოთქვა სურვილი, დემოგრაფიული უსაფრთხოების შესახებ მსჯელობისას აღინიშნოს დემოგრაფიული ზრდის მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. დარჩიაშვილმა, აგრეთვე, გამოთქვა სურვილი დეოკუპაციის შესახებ საუბრისას, ხაზი გაესვას ტერმინის სამართლებრივ დამკვიდრებაში საქართველოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და უკვე არსებულ მიღწევებს, რათა მოხდეს აღნიშნული ტერმინისათვის დიპლომატიური ბრძოლის მნიშვნელობის გამოკვეთა.