- საქართველოს პარლამენიტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
- ოქმი #82
- 16.12.2010
- სხდომას ესწრებოდნენ:
- 1. ირაკლი კენჭოშვილი
- 2. გიორგი გოდაბრელიძე
- 3. კობა ხაბაზი
- 4. თეიმურაზ ჩარკვიანი
- 5. ირაკლი ქავთარაძე
- 6. დავით მახნიაშვილი
- 7. ნუგზარ ერგემლიძე
- 8. პეტრე მამრაძე
-
- სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი
-
- სხდომის მდივანი: ქეთი ჩემია
-
- სხდომის დღის წესრიგი:
- 1. მთავრობის ინფორმაციის მოსმენა საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებაზე შეთანხმების და რეადმისიის ხელშეკრულების ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ.
- მომხსენებელი:
- გიორგი ტაბატაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი.
- სხდომის მსვლელობა:
- ირაკლი კენჭოშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა გიორგი ტაბატაძეს დეპუტატებისთვის გაეცნო საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებაზე შეთანხმების და რეადმისიის ხელშეკრულების ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებული ინფორმაცია.
- გიორგი ტაბატაძემ აღნიშნა, რომ 2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ყოფნას 180 დღიანი მთლიანი პერიოდიდან არა უმეტეს 90 დღისა თითოეულ ჯერზე. შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და ევროპის კავშირის სახელმწიფოები შემდეგი ქვეყნების გარდა: დანიის სამეფო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია. ხელსეკრულების შესაბამისად, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე, ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შემოწმება, ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება შემცირდეს ორ სამუშაო დღემდე, ან უფრო ხანმოკლე პერიოდამდე გადაუდებელ შემთხვევებში. შეთანხმება აწესებს სხვადასხვა სახის შეღავათებს საქართველოს მოქალაქეთა 22 კატეგორიისათვის, კერძოდ: სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან 12 კატეგორიის საქართველოს მოქალაქეები: პენსიონერები; ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 12 წელი; უნარშეზღუდული პირები და საჭიროების შემთხვევაში მათი თანმხლები პირები; ახლო ნათესავები; მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით; ჟურნალისტები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირები: საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები; პირები, რომლებმაც წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათი გამგზავრების აუცილებლობას ჰუმანიტარული მიზნებით, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის კურსის გავლის მიზნით, და ასეთი პირის თანმხლები პირი, ან ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასწრების ან მძიმედ ავადმყოფი ახლო ნათესავის მონახულების მიზნით. მგზავრობის მიზანთან დაკავშირებით მინიმალური დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენა საკმარისი იქნება საქართველოს მოქალაქეთა ზემოთ ხსენებული 12 კატეგორიისათვის და დამატებით მეწარმეებისთვის და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ერთ წლამდე ვადით მრავალჯერად ვიზების მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეთა 11 კატეგორიას, იმ პირობით თუ წინა წელს მათ აიღეს ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. ხუთ წლამდე ვადით მრავალჯერადი ვიზების მიღება შეეძლება საქართველოს მოქალაქეთა ისეთ კატეგორიას, როგორიცაა: მეუღლეები, შვილები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 21 წელი ან არიან კმაყოფაზე მყოფი პირები, მშობლები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან იმ ვადით, რომელიც განისაზღვრება მათი კანონიერად ცხოვრების ნებართვის მოქმედების ვადით; ეროვნული და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა, საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს წევრები, თუ ისინი არ არიან განთავისუფლებულნი სავიზო ვალდებულებისაგან ამ შეთანხმების საფუძველზე, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, იმ ვადით, რომელიც განისაზღვრება მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადით, თუ იგი ხუთ წელზე ნაკლებია; ოფიციალური დელეგაციების პერმანენტული წევრები, რომლებიც, საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მთავრობათშორისი ორგანიზაციების მიერ. შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელ პირებს ეძლევათ უვიზო მიმოსვლის საშუალება. საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება ძალაში შევა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის უნებართვოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებასთან ერთად. ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა 2010 წლის 22 ნოემბერს, განსაზღვრავს მონაწილე მხარეთა ვალდებულებებს და ადგენს შესაბამისს პროცედურებს, თუ როგორ და როდის უნდა მოახდინონ მათ ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი პირების უკან დაბრუნება. გიორგი ტაბატაძემ დასძინა, რომ ევროკავშირს უკვე გაეგზავნა შეტყობინება საქართველოს მიერ შიდასახელწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ და 14 დეკებმერს მოხდა აღნიშნული ხელშეკრულებების დამტკიცება ევრო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ამჟამად, საქართველოს მთავრობა ელოდება ევრო საბჭოს მიერ მომზადებული შეტყობინების მიღებას, რომლის საფუძველზეც მოხდება ხელშეკრულებების ძალაში შესვლის თარიღის განსაზღვრა.
- ირაკლი კენჭოშვილი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
|