Protocol N 25

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების    სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომის ოქმი N25

 

4 ნოემბერი 2010 წ.

სხდომას უძღვებოდა: საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე
სხდომას ესწრებოდნენ:
საბჭოს წევრები: გიორგი გალდავა, თენგიზ გაჩეჩილაძე, როლანდ აბულაძე, თამაზ თევზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი, ირაკლი დოლაბერიძე, კახი კახიაშვილი, ნინო ქურდაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლონდონის ორგანიზაცია "Youth  Sport Trust”-ის ექსპერტი, აგრეთვე საქართველოს სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ექსპერტები, საჯარო სკოლების დირექტორები, სპორტის მუშაკები და სხვა მოწვეული სტუმრები (დაახლოებით 100 კაცი).

სხდომის დღის წესრიგი:
"საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის" პრეზენტაცია.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:

სხდომის თავმჯდომარე: მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (Unicef, USAID-World Learning) ერთად, ხუთი თვეა მუშაობს პროექტზე, რომელსაც ჰქვია: "საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა" და რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პატრონაჟით.

პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარებულია სამი საერთაშორისო კონფერენცია, რომელთაგან პირველი ეძღვნებოდა: "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის არსებული მდგომარეობის ანალიზს. მისი სუსტი და ძლიერი მხარეების განხილვას".

მეორე კონფერენციაზე, ლონდონიდან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განხილულ იქნა: "ბავშვთა სპორტისა და ფიზიკური განათლების ევროპული მოდელი.”
ხოლო მესამე კონფერენცია მიეძღვნა: "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ქართული მოდელის (ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების) განხილვას”.
ხოლო მიმდინარე დასკვნითი კონფერენცია ეძღვნება: "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციას.
ვაჟა შუბლაძემ გააკეთა დოკუმენტის პრეზენტაცია და განაცხადა, რომ ეს არის პროექტის ფარგლებში ბოლო კონფერენცია, ხოლო შემდგომ ეტაპზე იგეგმება სამუშაოები სამთავრობო დონეზე, რადგან მოხდეს ამ სტრატეგიის შეთანხმება თითოეულ უწყებასთან. ხოლო მას შემდეგ რაც ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცება მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ, იგეგმება მისი წიგნად გამოცემა, ვინაიდან პროექტი გრძელვადიანია და ის წლების მანძილზე უნდა დამკვიდრდეს ჩვენი სკოლების ცხოვრებაში.
გიორგი ასანიძემ (საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე) განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე წარმატებული განათლების რეფორმის ფარგლებში მოხდა "საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის" შექმნა, ის ითვალისწინებს მოსწავლეთა სპორტში მასობრივად ჩაბმას და მეტად მნიშვნელოვანია. წარმოდგენილია ქართული მოდელი, ქართული სისტემა, რომლსაც ელოდება საზოგადოება და ის წლების მანძილზე უნდა დამკვიდრდეს ჩვენი სკოლების ცხოვრებაში.
გიორგი ასანიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის შემუშავებაში ჩართულ თითოეულ უწყებას, დონორ ორგანიზაციებს, ქართველ და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფს და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო დოკუმენტის შექმნაში.

ოთარ თოიძემ (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე)
განაცხადა, რომ მიესალმება აღნიშნული დოკუმენტის შექმნას, ვინაიდან სკოლის ასაკის ბავშვებში, ფიზიკური აღზრდის მოწესრიგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურად ჯანმრთელი და სულიერად ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებისათვის. საყურადღებოა, რომ სტრატეგიაში ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო დახმარების პრობლემის მოსაწესრიგებლად, ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია რამოდენიმე ვარიანტი რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ბენჟამინ
პერკსმა (Unicef-ის წარმომადგენელი) განაცხადა, რომ "Unicef”-ი მხარს უჭერს და მიესალმება აღნიშნულ პროექტს. ვინაიდან კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სტრატეგიაზე მუშაობა წარიმართა ყოველგვარი გეგმის და ვადების დაცვით და წინასწარ არის განსაზღვრული სამომავლოდ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი. ბენჟამინ პერკსმა მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სტრატეგია დამკვიდრდება საქართველოს ყველა სკოლაში და სასიკეთოდ წაადგება თითოეულ ბავშვს და მოზარდს.
ნათია ჯოხაძემ (საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი) განაცხადა, რომ გაკეთდა მართლაც მნიშვნელოვანი საქმე. პროექტის ფარგლებში, მოხდა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებული მატერიალური ბაზის მდგომარეობის სრული შესწავლა. აგრეთვე უცხოელი ექსპერტების დახმარებით, შეიქმნა სრულიად ახალი, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეროვნული სასწავლო გეგმა.
აგრეთვე ნათია ჯოხაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანია როგორც ზოგადად სპორტის პოპულარიზაცია სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება სკოლებში სპორტის შეტანასა და მის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, რასაც ხელს შეუწყობს ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სპორტისა და ფიზიკური განვითარების საგანში. ყველა ბავშვი და მოზარდი, განურჩევლად სქესისა, სპეციალური საჭიროებისა თუ სპორტული შესაძლებლობებისა, აქტიურად შეძლებს ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში.
გიორგი გალდავამ (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე) განაცხადა, რომ გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. საყურადღებოა, რომ "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში"  ძალიან კარგად არის გაწერილი სასკოლო ეროვნული თამაშების საშეჯიბრო სისტემის პროექტი, რომელიც შედგება 4 დეკადისგან და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობას მიიღებს 100 000-ზე მეტი მოსწავლე და 2000-ზე მეტი სკოლა, რაც ნამდვილად სასიკეთოდ წაადგება თითოეულ ბავშვს და მოზარდს.
თრევორ სმიტმა (ლონდონის ორგანიზაცია "Youth Sport Trust” -ის ექსპერტი) პირველ რიგში, გულითადი მადლობა გადაუხადა ყველას პროექტში დახმარების გასაწევად ორგანიზაცია "Youth Sport Trust”-ის მოწვევისთვის. განაცხადა, რომ ანალოგიური რეფორმის განხორციელებისას ინგლისს ათი წელი დასჭირდა. 
"საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა" შემუშავდა მრავალთვიანი ამომწურავი განხილვების და დიალოგის შედეგად. პროექტი ამბიციურია, თუმცა უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი წინადადებები კონკრეტულია, და იმავდროულად მიზანმიმართული. დასახული მიზნები მიღწევადია. მაგალითად:

1)უკვე შემუშავებულია ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეროვნული სასწავლო პროგრამა (კურიკულუმი).
2)თქვენი წინადადებები სასკოლო სპორტული კლუბების შექმნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და სათანადო დაფინანსების, და სკოლების მიერ სათანადო მართვის შემთხვევაში, შეიძლება საქართველოში წარმატებით მოგვარდეს პრობლემა, რომელიც ინგლისში წლების განმავლობაში არსებობდა (და დღესაც არსებობს): სკოლაში მოსწავლეებისთვის საყოველთაო კლასგარეშე სპორტული ღონისძიებების პროგრამის უზრუნველყოფა სკოლის ბაზაზე, ადგილობრივ სპორტულ კლუბებთან კავშირის უზრუნველყოფით.
3)თქვენი სასკოლო სპორტული შეჯიბრებების გეგმა საინტერესო და მნიშვნელოვანია -- ეს შესანიშნავი მეთოდია ფიზიკური აღზრდის შედეგების შესაფასებლად და სასკოლო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის.
4)მოწონებას იმსახურებს აგრეთვე დოკუმენტში წარმოდგენილი წინადადებები სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით; სამედიცინო მომსახურება, რომელიც უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, დაეხმარება ახალგაზრდებს გაერკვნენ ფიზიკური მომზადების საკითხებში, გაიაზრონ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები.
რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება ყველა მხარის მიერ უპირობო მხარდაჭერა (სამთავრობო უწყებების და არა მხოლოდ მათი), აგრეთვე აუცილებელია სპეციალისტების _ მასწავლებლების, მწვრთნელების, აგრეთვე ახალგაზრდების ჩართვა.
თრევორ სმიტმა განაცხადა:  "მე მაღალ შეფასებას ვაძლევ ამ დოკუმენტს. ჩემი ორგანიზაციის "Youth Sport Trust” -ის სახელით მზადყოფნას გამოვხატავ ამ სტრატეგიის განხორციელების პროცესში დასახმარებლად და გისურვებთ წარმატებებს ფიზაღზრდის და სპორტის სფეროს განვითარების გზით საქართველოს ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში”.

დაზმირ ჯოჯუამ (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი) განაცხადა, რომ ჯანსაღი მომავალი თაობის ყოლა მთელი ერის საქმეს უნდა წარმოადგენდეს. "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა" ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვა და მათი სამედიცინო უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

ელგუჯა ბერიშვილმა (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი) მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სტრატეგია დამკვიდრდება საქართველოს ყველა სკოლაში და სასიკეთოდ წაადგება თითოეულ ბავშვს და მოზარდს.

სხდომის თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომის შედეგები, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს არის პროექტის ფარგლებში ბოლო კონფერენცია, ხოლო შემდგომ ეტაპზე იგეგმება სამუშაოები სამთავრობო დონეზე, რადგან მოხდეს ამ სტრატეგიის შეთანხმება თითოეულ უწყებასთან. რის შემდგომაც ,საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა" გამოიცემა წიგნად, რისთვისაც . ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო "USAID"-ის ორგანიზაცია " World Learning "-მა გამოყო 10 000 დოლარი.

თავმჯდომარემ დიდი მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტთა ჯგუფს და დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

საბჭოს თავმჯდომარე                         ვაჟა შუბლაძე

საბჭოს აღმასრულებელი მდივანი      ნინო ქურდაძე

 
modules