ოქმი #24

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და მასთან არსებული სპორტის განვითარების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი გასვლითი სხდომის ოქმი N 24

 

20  ოქტომბერი 2010 წ.                             

 სასტუმრო "სიმპათიის" საკონფერენციო დარბაზი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე.

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, ემზარ გელაშვილი, მამუკა გოგატიშვილი.

საბჭოს თავმჯდომარე: ვაჟა შუბლაძე.

საბჭოს წევრები: გიორგი გალდავა, თამაზ თევზაძე, ნინო ქურდაძე, ირაკლი დოლაბერიძე, თენგიზ გაჩეჩილაძე, მაია აზარაშვილი, ემზარ ზენაიშვილი, კახი კახიაშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები, გაეროს ბავშვთა ფონდ "Unicef"-ის წარმომადგენლები, აგრეთვე საქართველოს სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ექსპერტები, საჯარო სკოლების დირექტორები, სპორტის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ქართული მოდელის (ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების) განხილვა

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო მათ დღის წესრიგის პროექტი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:

გიორგი ასანიძის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წარმატებული განათლების რეფორმის ფარგლებში, სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ფიზიკური განათლების რეფორმის ქართული მოდელი, რომელიც ნაწილია ერთიანი რეფორმისა, ის ითვალისწინებს მოსწავლეთა სპორტში მასობრივად ჩაბმას, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

თავმჯდომარის ინფორმაციით ამ სისტემის შექმნაში მონაწილეობას იღებს ექსპერტთა ჯგუფი, სადაც მნიშვნელოვნად წარმოდგენილნი არიან განათლების სამინისტროს, სპორტის სამინისტროს და სპორტის სამყაროს წარმომადგენლები ყველა დონეზე, აგრეთვე ჯანდაცვის ექსპერტები და ამ სამი უწყების – განათლება, სპორტი, ჯანდაცვა ერთად მუშაობა, შედეგისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ხოლო ყოველივე ამის წინაპირობა იყო პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რომელმაც დასაბამი მისცა ამ პრობლემის წინ წამიწევას, რომელიც გამყარებულ იქნა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და სწორედ ბატონ დავით ბაქრაძის პატრონაჟით ხორციელდება ეს პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მისი დაინტერესება არის დიდი და იგი ელოდება საბოლოო დოკუმენტს.

გიორგი ასანიძემ გააკეთა მცირე განმარტება, რომ მიმდინარე სხდომა არის მცდელობა, რომ წარმოდგენილ იქნას სამოქმედო გეგმის მუშა ვარიანტი, რომელიც პირველად გამოდის სამსჯელოდ, ხოლო ამ პროექტის საბოლოო პრეზენტაცია იგეგმება 4 ნოემბერს სასტუმრო "რედისონის” საკონფერენციო დარბაზში. ამიტომ ეს პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ გათვალისწინებულ იქნას შენიშვნები და მოსაზრებები.

სხდომის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე განხილვას ცალკეულ სამინისტროებში და უწყებებში მოჰყვება დაინტერესებული მსჯელობები და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს მონაწილეიობა, რათა გაურკვეველი და სადაო საკითხი არ დარჩეს.

გიორგი ასანიძემ, მოხსენებისთვის სიტყვა გადასცა პროექტის ხელმძღვანელს, პარლამენტის მთავარ ექსპერტს სპორტის საკითხებში ბატონ ვაჟა შუბლაძეს:

მოისმინეს ვაჟა შუბლაძის მოხსენება, რომელმაც განაცხადა , რომ ამ ეტაპზე უკვე მზადაა საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ქართული მოდელი (ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები) რომელშიც გაწერილია სამი ვადა, ესენია:

A- საკითხის გადაწყვეტა პირველივე წელს; B - საკითხის გადაწყვეტა 2-3 წელიწადში;  C - გრძელვადიანი ამოცანა.

აღნიშნული სამოქმედო გეგმა მოიცავს რეკომენდაციებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

1.  ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (კურიკულუმი);

2. ბავშვთა და მოზარდთა სპორტის ეროვნული საშეჯიბრო სისტემა;

3.მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სპორტული დარბაზებითა და მოედნებით უზრუნველყოფა, სპორტული ნაგებობების ბავშვებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა;

4. ბავშვთა სპორტის ფიზიკური აღზრდის სპეციალისტებითა და მწვრთნელთა კადრებით უზრუნველყოფა, მათი გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება;

5. ჯანდაცვა;

6. ორგანიზაციულ სტრუქტურული ცვლილებები (განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროების სისტემაში);

7. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აუცილებელია წინამდებარე ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ცხოვრებაში პრაქტიკული რეალიზაციისთვის.

მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თითოეული რეკომენდაციის შინაარსი და დასძინა, რომ საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა სპორტში მასობრივად ჩაბმის ახალი "ქართული მოდელის” სტრუქტურული გამოსახულება, სადაც მოცემულია განათლების სამინისტროს სრული სისტემა, სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, გრაფიკულად წარმოდგენილია სამოქმედო  გეგმის ბოლოს.

ვაჟა შუბლაძის ინფორმაციით, მთლიანობაში დოკუმენტს მიეცა საკმაოდ მაღალი შეფასება ლონდონის ორგანიზაცია "Youth Sport Trust”-ის უცხოელი ექსპერტების მხრიდან და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო აღნიშნული წერილობითი გამოხმაურების შინაარსი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს:

ლევან ახვლედიანმა (ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისთვის და დაინტერესდა:

1. როდესაც საუბარია საშეჯიბრო სისტემის დეკადებზე, უმჯობესი ხომ არ იქნება, თუ ოთხი თვის ნაცვლად, როგორც მოცემულია დოკუმენტში, აღნიშნულ დეკადებს გავშლით მთელი წლის განმავლობაში.

2. რაც შეეხება აღნიშნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულ სკოლის გუნდს, უმჯობესი ხომ არ იქნება, თუ მათ წავახალისებთ და საჩუქრის  სახით საზღვარგარეთ გავუშვებთ.

3. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ინვენტარის შერჩევის დროს, თუ სკოლებს სპორტულ ფედერაციებთან ექნებათ კავშირი და ისინი ერთობლივად გადაწყვეტენ ამ საკითხს.

4. ძალიან კარგი იქნება, თუ ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხის გარდა, ბავშვთა და მოზარდთა სპორტის ეროვნულ საშეჯიბრო სისტემას ეყოლება დამატებით სპონსორიც. 

5. რაც შეეხება კადრებს, ნამდვილად საჭიროა იმ პედაგოგთა გადამზადება, რომლებიც სპორტის ამა თუ იმ სახეობაში ჩაუტარებენ გაკვეთილებს ბავშვებს და დასძინა, რომ ფრენბურთის ფედერაცია მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში საერთაშორისო ფედერაციებიდან ჩამოიყვანოს მწვრთნელება, რათა მათ ტრეინინგები ჩაუტარონ  ქართულ მხარეს.

6. აგრეთვე  ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვების ჯანმრთელობისთვის სკოლებში ექიმის არსებობა.

გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ საკმაოდ საინტერესო ინიციატივები იქნა გამოთქმული ბატონი ლევანის მხრიდან და ეს ყველაფერი დამატებით მსჯელობას და მუშაობას საჭიროებს.

გიორგი ჩახუნაშვილმა  დიდი მადლობა გადაუხადა ექსპერტთა ჯგუფს ასეთი საინტერესო და საჭირო დოკუმენტისთვის, მან განაცხადა, რომ ესწრებოდა ეროვნული სტრატეგიის  ყველა  თავის განხილვას და მართლაც დიდი სამუშაოა გაწეული ამ პერიოდის მანძილზე.  დიდი მიღწევაა ის, რომ ამ დოკუმეტში მოხდა სამი სამინისტროს თანხვედრა, აგრეთვე საპარლამენტო კომიტების და ეხლა საჭიროა ამ პროცესების მეცნიერული მართვა.

გიორგი ჩახუნაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას, რომ არსებობს ექიმებისა და ექთნების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, რომ საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმუშაონ  სკოლებში თბილისის  მასშტაბით.

ზურაბ კაკაბაძემ (ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი) განაცხადა, რომ მართლაც საჭიროა სკოლებში შესვლა ფედერაციების მხრიდან და ტრეინინგების ჩატარება, რათა სწორედ მოხდეს ბავშვებისთვის სპორტის ამა თუ იმ სახეობის სწავლება.

აგრეთვე მათი ფედერაცია, ევროპის ფედერაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს ხელბურთის შესახებ ლიტერატურის გამოცემაზე.

მაია აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მოხსენება იყო მართლაც ძალიან საინტერესო. ეს არის ზუსტად ჩვენ ქვეყანაზე მორგებული მოდელი.

აგრეთვე თხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა მათ მიაწოდონ ინფორმაცია ფედერაციებს, თუ რომელმა სკოლამ რა სპორტის სახეობა აირჩია, რომ შემდგომში ფედერაციების მხრიდან მოხდეს კურირების გაწევა.

თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომის შედეგები, დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის და თხოვნით მიმართა მათ, რომ ერთი კვირის ვადაში წერილობით წარმოადგინონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები დოკუმენტთან დაკავშირებით.

კომიტეტის თავმჯდომარე                                                                     გიორგი ასანიძე

სპორტის   ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე                                       ვაჟა შუბლაძე

სხდომის აღმასრულებელი მდივანი                                                      ნინო ქურდაძე