Protocol N21

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების   სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი სხდომის ოქმი N21

 

5 აგვისტო 2010 წ. 

სხდომას უძღვებოდა: საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს წევრები: მაია აზარაშვილი, ლელა აფციაური, თენგიზ გაჩეჩილაძე, ემზარ ზენაიშვილი, ზურაბ კახაბრიშვილი, თამაზ თევზაძე, ირაკლი დოლაბერიძე, ნინო ქურდაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

გიორგი ასანიძე – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;

გიორგი მახათაძე – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი;

ალან ბელლი – “Youth Sport Trust”-ის ბავშვთა სპორტის ექსპერტი;

კლერ სთრეთჩი – “Youth Sport Trust”-ის კურიკულუმის ექსპერტი;

აგრეთვე საქართველოს განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები; დონორი ორგანიზაციების (UNICEF, USAID) წარმომადგენლები; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები; საქართველოს სპორტული ფედერაციაების ხელმძღვანელები; ექსპერტები; საჯარო სკოლების დირექტორები; სპორტის და ჯანდაცვის მუშაკები და სხვა მოწვეული სტუმრები (სულ 48 კაცი, იხ. დანართი ¹1).

სხდომის დღის წესრიგი:

ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის მდგომარეობა და არსებული სისტემები ევროპაში (ევროპული მოდელის განხილვა).

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:

სხდომის თავმჯდომარე: მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტთა მიერ უკვე მომზადებულია საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეორე თავი, რომელსაც ჰქვია ,,ბავშთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის მდგომარეობა და არსებული სისტემები ევროპაში (ევროპული გამოცდილება).

თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა ლონდონის ორგანიზაცია “Youth Sport Trust”-ის ექსპერტს ბავშვთა სპორტის საკითხებში ალან ბელლს, გაეკეთებინა მოხსენება აღნიშნულ თავთან დაკავშირებით.

ალან ბელლმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ დოკუმენტზე, რომელიც აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას.

აგრეთვე, მისასალმებელია საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შექმნა.

მომხსენებლის ინფორმაციით, მთელს ევროპასა და დემოკრატიულ ქვეყნებში სპორტისა და ფიზიკური განათლების მართვისა და განვითარების მრავალი მოდელი არსებობს. ყოველი მოდელის მახასიათებლები კონკრეტული ქვეყნისთვის უნიკალურია, ყველა სახელმწიფო მოდელი მთელი რიგი ძირითადი,  ურთიერთშეთანხმებული ელემენტებისგან შედგება. მათი განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა გზებით.

ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფიზიკური განათლება წარმოადგენს ეროვნული სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილს. ძირითადი უნარ-ჩვევების საფუძვლები დაწყებითი სასკოლო ფიზიკური განათლების უმთავრეს ნაწილს შეადგენს, ასაკობრივი ჯგუფების შემდგომ ეტაპზე კი ინერგება კონკრეტული სპორტული აქტივობები.  

უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ ახალგაზრდებში პასიური ცხოვრების წესი აუცილებელს ხდის ფიზიკური განათლების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის მნიშვნელობის გაზრდას განათლებაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

ალან ბელლმა წარმოადგინა მთელი რიგი რეკომენდაციებისა, განათლების, ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროებისათვის.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ერთობლივად შეძლებენ ისეთი დოკუმენტის შექმნას, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას.

(მოხსენების სრული ვერსიის გასაცნობად იხილეთ დანართი ¹2).

თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ალან ბელლს და სიტყვა გადასცა “Youth Sport Trust”-ის კურიკულუმის ექსპერტს კლერ სთრეთჩს თანამოხსენებისთვის.

კლერ სთრეთჩმა აღნიშნა, რომ საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა მისი მუშაობა განათლების ექსპეტთა ჯგუფთან. მან ფიზიკური აღზრდის ახალი ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) პროექტის ძირითადი პრინციპები გააცნო დამსწრე საზოგადოებას და დასძინა, რომ დოკუმენტი საბოლოო სახით სავარაუდოდ მზად იქნება თვის ბოლოს.

ვაჟა შუბლაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც იგი გაეცნო უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დოკუმენტის მეორე თავს, მან ამოკრიბა ის 8 ევროპული პრინციპი, რომელიც გასათვალისწინებელია მაშინ, როდესაც ექსპერტები დაიწყებენ მუშაობას უშუალოდ ახალი ქართული მოდელის შექმნაზე. ეს პრინციპებია:

1. ევროპული მიდგომა

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ფიზიკური განათლება ფართოდ არის მიღებული და სკოლის მუშაობის ღირებულ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ქვეყანაში მას არ გააჩნია სხვა აკადემიური დისციპლინების- ლიტერატურის, ზეპირმეტყველებისა თუ მათემატიკური სწავლების მსგავსი სტატუსი, მისი სტატუსი უფრო მაღალია.

2. კურიკულუმი

ეროვნული სასწავლო პროგრამის კონცეფცია სავსებით მართებულად განისაზღვრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფიზიკური განათლება წარმოადგენს ეროვნული სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილს ყველა ან გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

3. ევროპული პრინციპები

ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ძირითადი უნარ-ჩვევების საფუძვლები დაწყებითი სასკოლო ფიზიკური განათლების უმთავრეს ნაწილს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების შემდგომ ეტაპზე კი ინერგება კონკრეტული სპორტული აქტივობები.  

4. საშეჯიბრო სისტემა

ქმნის სპორტული პირამიდის  ფუნდამენტს, რომელშიც ახალგაზრდობას შეუძლია თანდათან გადაინაცვლოს მაღალი მიღწევების სპორტში.

სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივა ითვალისწინებს სკოლის ეროვნულ სპორტულ კვირეულებს

ამ უნიკალურ ღონისძიებას 100%-იანი ფინანსური მხარდაჭერა გააჩნია.

ძირითადი დაფინანსება მოდის განათლების სამინისტროდან.

5. კადრები

გაერთიანებულ სამეფოში პედაგოგთა ტრენინგის სტანდარტები ცენტრალური მართვის საგანია და მთლიან პედაგოგთა პერსონალს შესაბამისი უნივერსიტეტი უნდა ჰქონდეს დამთავრებული მათი სათანადო თანამდებობაზე დანიშვნამდე. 

6. მოსწავლეთა ჯანდაცვა

სამედიცინო მომსახურების საკითხი სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში შესაძლებელია სხვადასხვა ასპექტში იქნას განხილული.

გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებს სრულყოფილი სასკოლო სამედიცინო მომსახურება, რომელსაც აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ანალოგიური პროცესები ხორციელდება სხვა ქვეყნებშიც, მაგ. ჩეხეთში და საფრანგეთში. ყველა შემთხვევაში, ასეთი მომსახურება უფასოა.  

7. მონიტორინგი

განათლების ადგილობრივი ინსპექტორების გამოყენება ხორციელდება იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფიზიკური განათლების ეროვნული მოთხოვნილებების შესრულება ხარისხობრივ დონეზე. 

8. დაფინანსება

ყველა შემთხვევაში ეროვნული ხელისუფლება წარმოადგენს ფიზიკური განათლების საკითხში სახელმწიფო განათლების სისტემის ძირითად დამფინანსებელ ორგანოს.

მთელი ამ პროცესის დაფინანსება ხდება განათლების სამინისტროს მიერ.

ეს არის ის 8 პრინციპი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ახალ ქართულ ეროვნულ სტრატეგიას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს:

გიორგი ასანიძემ მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს, განაცხადა, რომ უცხოელმა ექსპერტებმა სწორად დაინახეს და შეაფასეს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტის კუთხით და ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არის ევროპის ნაწილი, ამ პრობლემების მოგვარების დროს აუცილებელია ევროპული სპეციფიკა იქნას გათვალისწინებული.

ნოდარ გრიგალაშვილმა მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და განაცხადა, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სოლიდური შეფასება. მისი თქმით, სპორტი არის ძალიან სპეციფიური სფერო და მისი ხელმძღვანელობა, მოფიქრება და რეალურ ცხოვრებაში გატარება მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. საქართველოში სპორტის კონცეფცია ამ კუთხით არასოდეს ყოფილა დასმული და სპორტის მიმართ მიდგომები იყო არასწორი. ხოლო ამ სტრატეგიაში იგი ნამდვილად ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ ნამდვილად სასიკეთო შედეგები ჩვენი ქვეყვისათვის. სახელმწიფო დაინტერესებულია ამ სფეროთი და საკმაოდ დიდ თანხებსაც ხარჯავს სპორტის განვითარებაზე, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი ჩახუნაშვილმა მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს გლობალური ანალიზისთვის და განაცხადა, რომ აუცილებელია ფიზაღზრდას გვერდზე სამედიცინო კონტროლი მიყვებოდეს. არ უნდა მოხდეს სპორტის ექიმის და უშუალოდ ექიმის გამიჯვნა. სპორტის ექიმმა უნდა იცოდეს სპეციფიკა და ის საქმე, რომელსაც ის ემსახურება. სპორტის, მედიცინის და განათლების სისტემაში ერთიანი ხედვა და მართვა უნდა იყოს.

გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ მართლაც უნდა არსებობდეს უწყებათაშორისი თანხმობა. აუცილებლად უნდა გამოინახოს იმის საშუალება, რომ მოზარდ-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდებოდეს, რათა სავალალო შედეგები არ მივიღოთ.

მაია აზარაშვილმა განაცხადა, რომ ყველასავის ცნობილია ის პრობლემები, რომლებიც ფიზიკური განათლების და სპორტის სფეროში აქვს ქვეყანას, თუნდაც ინფრასტრუქტურის კუთხით და ა.შ. ეხლა აუცილებელია მათი მოგვარების გზები გამოინახოს.

ელგუჯა ბერიშვილი დაინტერესდა თუ როგორ წარმოუდგენია ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულ ექსპერტებს შემდგომი ეტაპი და როდის იქნება შესაძლებელი რომ მოხდეს დოკუმენტის განხილვა მთავრობის მიერ?

ვაჟა შუბლაძემ განმარტა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის დალაგებული და გაწერილი, დღევანდელი სემინარის შემდგომ იწყება მუშაობა უკვე მესამე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს უკვე ქართული მოდელის დაწერას, სექტემბერში ჩატარდება კიდევ ერთი შუალედური სემინარი, რომელზეც მოხდება ამ მოდელის პირველადი ვარიანტის წარდგენა. რის შემდგომაც მოხდება სემინარზე გამოთქმული მოსაზრებების და წინადადებების გათვალისწინება დოკუმენტში და ნოემბრის თვეში დასკვნითი სემინარი მიეძღვნება ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საბოლოო სახის პრეზენტაცია, რის შემდგომაც დოკუმენტი დაედება მთავრობას სამსჯელოდ. ჩვენი ვარაუდით, წელს ქვეყანას მივცემთ მოდელს, რომელიც ათწლეულები იმუშავებს. აგრეთვე დაგეგმილია ამ ნაშრომის წიგნად გამოცემა.

აგრეთვე აზრი გამოთქვეს:

რომანოზ სვანიშვილმა

ლევან კიკალიშვილმა

ლელა აფციაურმა

დარეჯან ქობელაშვილმა

ირაკლი დოლაბერიძემ

თამაზ თევზაძემ

გიორგი მახათაძემ

დაზმირ ჯოჯუამ

ლევან ახვლედიანმა

სხდომის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ,,საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის" შემუშავების პროცესი და მზაობა გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ მასში.

თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომის შედეგები და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ჩვენ შესწავლილი გვაქვს საქართველოში არსებული მდგომარეობა, მისი შემაფერხებელი ფაქტორები და ევროპაში არსებული მდგომარეობა და ქართველი და უცხოელი ექსპერტები იწყებენ მუშაობას უკვე ახალი ქართული მოდელის შექმნაზე.

საბჭოს თავმჯდომარე                           ვაჟა შუბლაძე

საბჭოს აღმასრულებელი მდივანი         ნინო ქურდაძე