|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #108
26 დეკემბერი 2011 წ. 1600 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
კ. კოპალიანი, ბ. ხურციძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ჭელიძე.
მოწვეული სტუმრები:
არჩილ ზანგურაშვილი- საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
აპარატის თანამშრომლები:
აპარატის უფროსი ვ. ჯიშიაშვილი; წამყვანი სპეციალისტები: ნ. ჭელიძე, რ. გელანტია; კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მეგრელიშვილი, მოწვეული ექსპერტი ს. სვანიშვილი;
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთსაკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» (07-3/546, 26.12.2011.). (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: ვ. ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ». ინიციატორმა აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება განაპირობა «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში რწმუნებულის სტატუსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ცვლილების შეტანამ. ვინაიდან «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ტერმინი «გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანო» იცვლება ტერმინით «თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო», ხოლო გამგეობის (მერიის) რწმუნებული –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულით, ეს ცვლილება შესაბამისად ითხოვს საქართველოს სხვა ხუთ კანონში ანალოგიური ცვლილების შეტანას კანონმდებლობაში ტერმინოლოგიურად წინააღმდეგობის თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად აუცილებელი გახდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» კანონპროექტის სახით, რითაც ტერმინოლოგიურად გასწორდება ის საკანონმდებლო აქტები, რომლებშიც მოცემულია თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოვალეობები. ეს კანონებია: «ნოტარიატის შესახებ», «საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ», «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ», «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» და «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი». წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ჩამოთვლილ ხუთ კანონში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის დასახელებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ხარვეზის აღმოფხვრას.
აზრი გამოთქვეს: ე. კვერნაძემ, ო. ხინიკაძემ.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოთქვა ტექნიკური ხასიათის შენიშვნა: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» კანონპროექტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცვლილება საქართველოს კანონში «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» მიზანშეუწონელია, რადგან აღნიშნული კანონი სხვა საკანონმდებლო ცვლილებით მიმდინარე კვირაში ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, პროექტის მესამე მუხლი ამოღებულ უნდა იქნეს.
ვ. ბალავაძემ განმარტა, რომ ვინაიდან ორივე საკანონმდებლო ცვლილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად პარალელურ რეჟიმში მზადდებოდა, აღნიშნული შენიშვნა "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ» პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული ვერ იქნებოდა. მაგრამ დღეისთვის აუცილებელია, იგი გათვალისწინებულ იყოს კომიტეტის მიერ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი: ნ. ჭელიძე
|