დებულება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/10 გადაწყვეტილებით

 

 

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

 

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის აგრარულ საკითხთა კომიტეტს.

2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი) თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.


II. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები


1. სახელმწიფოს აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
2. აგრარული რეფორმების, სასურსათო უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული განათლებისა და მეცნიერების, აგრომომსახურებისა და ფერმერთა საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავება.
3. აგრარულ სექტორში მყარი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
4. აგრარულ სექტორში რეფორმების გატარების, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის პოტენციალის სრულად გამოყენების, მისი დარგების აღორძინებისა და დინამიური განვითარების ხელშეწყობა.


III. კომიტეტის უფლებამოსილებანი


1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: 
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

გ)კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

დ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, აგრეთვე განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსათვის წარსადგენად;

ე) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

ვ) აკონტროლებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ზ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

თ) კომიტეტი წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს;

ი) მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფების საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი;
კ) თანამშრომლობს აგრარულ და მომიჯნავე სფეროებში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან, საქმიან წრეებთან და მეცნიერებთან;
ლ) განიხილავს და შეისწავლის კომიტეტში შემოსულ წერილებსა და განცხადებებს, აგრეთვე პეტიციებს და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის მათ შესაბამის სტრუქტურებს;
მ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს და რეაგირებს ფიზიკური და იურიდიული პირების წერილებსა და განცხადებებზე იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც შედიან კომიტეტის კომპეტენციაში;
ნ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; 
ო) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
პ) ახორციელებს ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

IV. კომიტეტის თანამდებობის პირები, წევრები, მათი უფლებამოსილება და კომიტეტის მუშაობის წესი


1. კომიტეტი შედგება კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოდგილისა (მათ შორის ერთი პირველი მოადგილე) და კომიტეტის წევრებისაგან.
2. კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩევიან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.
4. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; 
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; 
გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;
დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას; 
ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; 
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს; 
ზ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
თ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
5. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: 
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
6. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: 
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში რეგლამენტით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
7. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
8. კომიტეტის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე;
დ) მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოებში;
ე) ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
9. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას ,მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.
10. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი. კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
11. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. 
12. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
13. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ატარებს დახურულ სხდომას.
14. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
15. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.
16. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.

 

V. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა


1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომიტეტის აპარატი: 
ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; 
ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას; 
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 
დ) კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.