| ოქმი #36 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი #36 27 აპრილი 2010 წ. 14: 00 საათი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: მამუკა გოგატიშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, ბადრი ბასიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობა, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 5 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):
1. ინფორმაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ;
2. ჭიათურის ნაგუთის დასახლებაში მშენებარე სპორტის სასახლის მონახულება;
3. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ბაზის დათვალიერება;
4. შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგის პროექტი კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ სხდომის მიზანია რეგიონში არსებული მდგომარეობის გაცნობა და მომავალი წლის პროექტების დაგეგმვა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მომდევნო სასწავლო წელი არის ძალიან პრიორიტეტული, ვინაიდან სპორტი შედის სასკოლო განათლების სისტემაში სასკოლო ფიზიკური აღზრდის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე შესწავლა, რომელ რეგიონში რა კუთხით განვითარდება სპორტის ესა თუ ის სახეობა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მამუკა გოგატიშვილმა განაცხადა, რომ ჭიათურაში ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მიჰყონ ხელი. საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა სპორტული ბაზების მოწესრიგებაში, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი და რაიონისთვის მნიშვნელოვანია გააგრძელონ ის ტრადიცია, რაც გააჩნია ჭიათურას სპორტული ცხოვრების კუთხით.
მოისმინეს თორნიკე სილაქაძის მოხსენება: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების მიზანია, ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში. ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატების და სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება. მუნიციპალიტეტის 3 სპორტული სკოლის 13 სპორტული სახეობის 45 ჯგუფში გაერთიანებულია 736 ბავშვი, რომელთა სპორტულ აღზრდას ემსახურება 35 ლიცენზირებული და კვალიფიციური მწვრთნელი _ 18 სპორტული ბაზა, აქედან 9 მინი ფეხბურთის სტადიონია, მათ შორის _ 5 ხელოვნურსაფარიანი. სპორტული სკოლების დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც 2010 წელს 2007 წელთან შედარებით გაიზარდა 73%-ით, ხოლო დაფინანსების ასეთმა სტაბილურმა ზრდამ სპორტულ სკოლებს საშუალება მისცა სისტემატურად მონაწილეობა მიიღონ რესპუბლიკის მასშტაბით სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. შესაბამისად ჭიათურას სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყავს ტურნირში გამარჯვებულები და პრიზიორები, საქართველოს ნაკრების წევრები და კანდიდატები. სპორტსმენთა მეტი სტიმულირების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ აიღი ინიციატივა იმისა, რომ ქალაქის წარგზავნილებიდან ყველა საქართველოს ჩემპიონს და პრიზიორს აჯილდოვებს ფულადი თანხით. შემდგომში სპორტის სხვადასხვა სახეობის კიდევ მეტად განვითარების მიზნით დაიწყო და კეთდება ნაგუთის სპორტკომპლექსის შენობაში ძალოსნობის და ჭიდაობის დარბაზი, ტოლსტოის ქუჩაზე რეკონსტრუქცია უკეთდება კრივის ახალ დარბაზს. იაშვილის ქუჩაზე კეთდება დახურული მინი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი. რომელთა ხარჯთაღრიცხვა წინასწარი საპროექტო მონაცემებით შეადგენს 360 ათას ლარს. მუნიციპალიტეტში პრობლემატური რჩება ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქცია, რომელიც აშენებულია გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში და ნაგუთის დასახლებაში ხელოვნურ საფარიანი საფეხბურთო სტადიონის მოწყობა, რომელთა მშენებლობა და რეკონსტრუქცია ადგილობრივი ბიუჯეტის ძალებს აღემატება. გამგეობის წევრებმა, თხოვნით მიმართეს გიორგი ასანიძეს, რომ მას გაეწია Mშუამდგომლობა შესაბამის სამინისტროსთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა 2011 წელს წილობრივად ცენტრალური ბიუჯეტიდან და უეფას პროგრამიდან (რომელიც ითვალისწინებს უეფას სტანდარტებით სტადიონების მშენებლობას) გამოყოფილი იქნას თანხა აღნიშნული სტადიონების რეკონსტრუქციისათვის. მოისმინეს ტატო ყვავაძის ( გამგეობის ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების უფროსი) ინფორმაცია: მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურაში, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების ფონდში 2010 წელს გათვალისწინებულია 52 000 ლარი, რომელიც განაწილებულია შემდეგი სახით და ითვალისწინებს: 1. ახალგაზრდულ ბანაკ "პატრიოტის" დაფინანსებას; 2. ინტელექტუალურ - შემოქმედებითი ღონისძიებების დაფინანსებას; 3. დასვენებას და მკურნალობას გამაჯანსაღებელ ბანაკებში; 4. სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას; 5. სოციალურ - კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას; 6. საერთაშორისო - ტურისტული გამოფენის დაფინანსებას. მოისმინეს გიორგი მახათაძის ინფორმაცია: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, შექმნისთანავე დაიწყო ბავშვთა სპორტში არსებული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნულმა საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შემდეგ, რომელიც ეხებოდა სკოლებში ცალკეული სპორტის სახეობის შესვლას. რის შემდგომაც კიდევ ერთხელ დაისვა საქართველოში ბავშვთა ფიზიკური განვითარების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შექმნის აუცილებლობის საკითხი. პროექტისთვის საჭირო თანხა გამოყო Uნიცეფ-მა, ამ ეტაპზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საპროექტო დავალების გამოსაკვეთად, რის შემდგომაც შედგება განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი და დაიწყება უშუალოდ კონცეფციის შექმნაზე მუშაობა. კომიტეტი აქტიურად მუშაობს სპორტისა და ახალგაზრდობის შესახებ კანონებზე, ვინაიდან მოქმედი სპორტის კანონი მოძველებულია და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ხოლო კანონი რომელიც ახალგაზრდულ სფეროს დაარეგულირებს საერთოდ არ არსებობს. სავარაუდოდ ახალი კანონები წლის ბოლოსთვის მზად იქნება. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით: გიორგი ასანიძე დაინტერესდა, თუ რა დაფინანსება აქვს ჭიათურის ფეხბურთის გუნდს? მამუკა გოგატიშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული გუნდი ფინანსდება ბიუჯეტიდან და შემოწირულობებიდან და ეს თანხა შეადგენს დაახლოებით 70 000 - 80 000 ლარს. გიორგი ასანიძე დაინტერესდა, არის თუ არა ჭიათურაში უმაღლესი სასწავლებელი? მამუკა გოგატიშვილმა განმარტა, რომ ჭიათურაში არის პროფესიული სწავლების სკოლა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხებთან დაკავშირებით: კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ჭიათურის ნაგუთის დასახლებაში სპორტკომპლექსის შენობაში მშენებარე ძალოსნობის და ჭიდაობის დარბაზი, აგრეთვე მშენებარე კრივის და მინი ფეხბურთის სტადიონები. დაათვალიერეს ჭიათურის ცენტრალური სპორტული ბაზა. ბოლოს კომიტეტის წევრები შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნენ მათ პრობლემებს. გიორგი ასანიძემ შეაფასა სხდომის შედეგები და განაცხადა, რომMრაიონს აქვს ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც დადებითად წაადგება ჭიათურის ახალგაზრდობას.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






