ოქმი N40

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  სხდომის

ოქმი N40

28 ივნისი 2010წ.

12:00 საათი

რესპუბლიკის   დარბაზი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, მამუკა გოგატიშვილი, ბადრი ბასიშვილი, ემზარ გელაშვილი

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის 6  წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის " საქართველოს საგადასახადო კოდექსი" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვა

                                                 /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე/

 2საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის  "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

                                                 /მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი /

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის  "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

                                                 /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი /

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  პირველ  საკითხთან  დაკავშირებით

სხდომის თავმჯდომარემ შეიტანა ცვლილებები  სხდომის დღის წესრიგში და პირველი საკითხი გადაიდო  განსახილველად შემდეგი დღისთვის.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით:

საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ხასიათის რამდენიმე ცვლილების შესახებ, რომელიც შედის "საქართველო მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ" საქართველოს კანონში. ცვლილებების თანახმად, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროდ ყალიბდება. მის დაქვემდებარებაში გადადის ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც  რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენდა. ცვლილებები ეხება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციებს და სახელწოდებას. კანონპროექტის თანახმად, მთავრობის სტრუქტურაში იქმნება ახალი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდება. სახელწოდება შეეცვალა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ეწოდა.

აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძემ  აღნიშნა, რომ ცვლილებები მთავრობის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქართული სპორტის განვითარებას და ახალგაზრდობის შესაბამის მომზადებას ქვეყნის განვითარების პროცესში მონაწილეობისათვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს"  შექმნა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული სპორტის განვითარებას და ახალგაზრდობის ჩაბმას ქვეყნის განვითარების პროცესში.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით:

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა  კომიტეტის წევრებს  მთავრობის  სტრუქტურული  ცვლილებების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია,  რამაც  2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების გატარება გამოიწვია. მომხსენებლის განცხადებით,  ბიუჯეტში  ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და ახალი სამინისტროსთვის თანხების გადანაწილება ხორციელდება. საუბარია, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებაზე,

რომელიც 29 მლნ. ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა კულტურის ძეგლთა დაცვის  სამინისტროს ჩამოეჭრება და იგი ახალი სამინისტროს დაფინანსებას მოხმარდება.

პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, ცვლილებების შემდეგ ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა უცვლელად დაჩება.

აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძე  მიესალმა  და დადებითად შეაფასა აღნიშნული  ცვლილებები.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარე                                               გიორგი ასანიძე

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                       გიორგი მახათაძე

 
modules