| ოქმი N49 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N49 24 ნოემბერი 2010წ. 13:00 საათი სათათბირო ოთახი სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, მამუკა გოგატიშვილი, ემზარ გელაშვილი,დილარ ხაბულიანი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარმოდგენილი "სპორტის სფეროში გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების (EPAS) სტატუტი"
/მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი/ სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორი ავალიანმა ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების "სპორტის სფეროში გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების (EPAS) სტატუტის შესახებ. მისი განცხადებით, სტატუტთან შეერთება ხელს შეუწყობს საქრთველოში სპორტის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას და სპორტული ღონისძიებების უსაფრთხო ჩატარების უზრუნველყოფას. ხელშეკრულების რატიფიცირება ითვალისწინებს ურთიერთობების გაფართოებას ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ’’ სპორტულ ღონისძიებებზე და კერძოდ საფეხბურთო მატჩებზე (T-RV) მაყურებელთა ძალადობრივ და უწესო ქმედებათა შესახებ" ევროპის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტი. ანტიდოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფი (T-DO) და მსოფლიოს ანტი–დოპინგური სააგენტოს ევროპის საკოორდინაციო ფორუმის საგანგებო კომიტეტი (CAHAMA). აღნიშნული შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ძირითადი პრინციპების მიხედვით მოხდება სპორტის საკითხების დარეგულირება და სტანდარტების ჰარმონიზაცია. აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძემ პოზიტიურად შეაფასა წარმოდგენილი კანონპროექტი და ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა, საფინანსო–საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმაც. ეს მხარდაჭერა გამოადგება ქვეყნის სამომავლო გეგმებს, ქართული სპორტის წინსვლას და განვითარებას. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ამ უშუალო დოკუმენტზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერა. ’’ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეს კონვენცია, რაც შედეგზე ორიენტირებული იქნება ახალი სპორტული კულტურის შემოღების თვალსაზრისით’’ განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარემ დასვა შეკითხვა, თუ ვის მიერ და რა რაოდენობის თანხის გადახდა მოხდება სახელმწიფოს მიერ გადასახდელ საწევრო გადასახადზე. გიორგი ავალიანმა განმარტა: "ჩვენ გამოვარკვიეთ საკითხი და იგი არის დაფუძნებული 2011 წლის ბიუჯეტზე და საქართველოს თანამონაწილეობა EPAS–თან მიმართებაში იქნება მთლიანი თანხის 0,8%= 6824,8 ევროს. ეს 0,8% მართლაც, რომ მინიმალური თანამონაწილეობაა, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. თანამონაწილეობა გამოითვლება ხანგრძლივობის პროპორციულად. მაგალითად, თუ საქართველო გაწევრიანდება 1 ივლისს, ის გადაიხდის 6 თვისას ანუ მთლიანი თანხის ნახევარს და თუ გაწევრიანდება წლის დასაწყისში– მთელი წლისას. თანხის გადახდა მოხდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან." სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






