ოქმი #122

                                                                                                         საქართველოს პარლამენტის

                                        ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, 
                                                  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა
                                                   და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის
 

                                                       ოქმი #122

                                                                                                                                                                                             6 აპრილი 2012. 1600

                                                                                         ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

სხდო   სხდომას უძღვებოდნენ:

საქარ   საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 
             კომიტეტის თაცმჯდომარე – ლაშა თორდია,    
              ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კო         კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ თოიძე,
ი            იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯთავმჯდომარე – პავლე კუბლაშვილი 
და          დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნუგზარ წიკლაური.

 

          ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

 

კ        კომიტეტის წევრები:       გიორგი გოდაბრელიძე                                           

                                              გოჩა ენუქიძე

                                             მაგდალინა ანიკაშვილი

                                                   ჯონდო ბაღათურია

                                             ზაალ გამცემლიძე

                                             მამუკა სანებლიძე

 

სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ"

 

             მომხსენებელი:

გიორგი ტუღუში – საქართველოს სახალხო დამცველი

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახალხო დამცველის მიერ  წარმოდგენილი "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" ანგარიში მოისმინეს.

ომბუდსმენის ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ის ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა უფლებების ჯეროვანი დაცვა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობას, ასევე პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დარღვევის ფაქტებს. გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ საანგარიშო წელს კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი და ამის  ერთ–ერთ ძირითად მიზეზად  კვლავ ტუბერკულოზი რჩება.

სახალხო დამცველის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გიორგი ტურუშის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას კვლავ არაერთი პრობლემა გვხვდება. ყველაზე პრობლემურ სფეროდ კი, კვლავ სისხლის სამართალწარმოება რჩება. მისი თქმით,   კვლავ პრობლემად რჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვის საკითხი, რისი ერთ–ერთი მთავარი მიზეზიც სისტემურად მოძველებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსია.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარი იყო  სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის ფაქტებზე. "2011 წლის საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც უკავშირდებოდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას", – აღნიშნა  გიორგი ტუღუშმა. მანვე განმარტა, რომ უფლებადარღვევათა ფაქტების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტებასთან.

ომბუდსმენის ანგარიშში გარკვეული ადგილი ჰქონდა დათმობილი შეკრებებისა და მანიფესტაციების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას.  გიორგი ტუღუშის განცხადებით, წლის განმავლობაში გაიმართა ათეულობით აქცია და მათი ნაწილი საკმაოდ მასშტაბური და ხანგრძლივი იყო. "მიუხედავად იმისა, რომ აქციების დიდმა ნაწილმა ყოველგვარი უფლებადარღვევების გარეშე ჩაიარა, რამდენიმე შეკრება-მანიფესტაციის დროს დავაფიქსირეთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტი", – აღნიშნა სახალხო დამცველმა. მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში იყო პოზიტიური წინსვლაც, რაც ბოლო დროს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება.

გიორგი ტუღუშმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2011 წელს რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა. "აღსანიშნავია, რომ  ბოლო დროს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც რელიგიურ გაერთიანებებს უფლება მიანიჭა დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით 2011 წელს მკვეთრად შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა", – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ანგარიშში დეტალურად იყო განხილული სოციალურ–ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება და სხვა. "საანგარიშო წელს  არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა მისი საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევისა და შეზღუდვის მიზეზით. შესწავლილი საქმეების შედეგად გამოიკვეთა არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი, რომლებზეც დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით რეკომენდაციით მივმართეთ შესაბამის უწყებებს", – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა ომბუდსმენის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში იძულებით გადაადგილებულ პირთა მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში მაღალი იყო და ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი იქნა  უფლებადარღვევის ფაქტები.  

სხდომაზე წარმოდგენილ ანგარიშში  დიდი ადგილი დაეთმო ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ ასპექტებს. "შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ამ სისტემის ერთ–ერთ სერიოზულად პრობლემად რჩება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც არ ან ვერ სარგებლობს დაზღვევით", – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ბავშვის და ქალის უფლებებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და სხვა.  

მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველს კითხვებით დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს.

ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის"  წევრის, ჯონდო ბაღათურიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში სასამართლო სისტემას მთელი თავი დაეთმო, სადაც მისი თქმით სასამართლოს საქმიანობა მკაცრადაა გაკრიტიკებული. მან გიორგი ტუღუშს ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით შეკითხვვები დაუსვა.

ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ  სახალხო დამცველს განუცხადა, რომ სამოქალაქო–პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური უფლებების შელახვის გაშუქების მონიტორინგის კუთხით მის ანგარიშთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჩნდება და არის საკითხები, რომლებიც საერთოდ არ არის ანგარიშში მოხვედრილი.

ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა,  მაგდალინა ანიკაშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ჯანდაცვის საკითხებს. დეპუტატმა გაიზიარა გიორგი ტუღუშის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის სერვისების დაბალი ხელმისაწვდომობა არის  სამოქალაქო უფლებების დარღვევა. მან სახალხო დამცველს  თხოვნით მიმართა, რომ იგი დაინტერესდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის განხორციელებაც საპენსიო პაკეტში იგეგმება. მაგდალინა ანიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები მოქალაქეთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიში ცხადყოფს, რომ არის არა სისტემური პრობლემები, არამედ – დარღვევების ცალკეული ფაქტები. მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომლის  ერთ–ერთი წევრიც თვითონ არის, მოხდება სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების განხილვა, რათა მოხდეს დარღვევებზე დროული რეაგირება.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, 2011 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ ყურადღება გაიზარდა და  დამოკიდებულება შეიცვალა. მისივე თქმით,  წინა წლებთან  შედარებით რეკომენდაციების გაზიარების დინამიკა მზარდია. კერძოდ, 2011 წელს მისი რეკომენდაციების 40%–მდე იქნა გაზიარებული, მათგან  ზოგი სრულად და ზოგიც – ნაწილობრივ.

 მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველს კითხვებით დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს, რაზეც სახალხო დამცველმა ამომწურავად გასცა პასუხები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა  თორდიას განცხადებით, სახალხო დამცველის დოკუმენტში მოყვანილ ყველა რეკომენდაციაზე   ადეკვატური რეაგირება მოხდება. "სახალხო დამცველის ანგარიში სახელმძღვანელო დოკუმენტია ყველა იმ უწყებისთვის,  რომელმაც უნდა მოახდინოს შესაბამისი  ქმედება ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე. რეკომენდაციები გადაეგზავნება უწყებებს და მათ შესრულებაზე მონიტორინგი განხორციელდება", – აღნიშნა ლაშა თორდიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ  სახალხო დამცველის "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" ანგარიშის პლენარულ სხდომაზე მოსმენა მომავალ კვირაში მოხდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ოთარ თოიძემ აღნიშნა სახალხო დამცველის ანგარიშის მნიშვნელობა და რომ მასში ასახული რეკომენდაციები მომავალშიც იქნება გათვალისწინებული.

ოთარ თოიძე

სხდომის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ვარნაზიშვილი

სხდომის მდივანი