ოქმი #119

 

                                საქართველოს პარლამენტის 

                                       ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

                  კომიტეტის სხდომის 

            ოქმი #119

 

19 მარტი 2012 წელი

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

  

 

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. გოდაბრელიძე

                 მ. ანიკაშვილი

                 გ. ენუქიძე

                 ზ. გამცემლიძე

                 ა. ლეკაშვილი

                 კ. ოქრიაშვილი

                 მ. სანებლიძე

                                    

 

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს სამთავრობო პროგრამის ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა.

 

მომხსენებელიხათუნა კაპანაძე

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსის მოადგილე

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი ”ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ” კონვენციის 2005 წლის 8 ივლისის შესწორება.

მომხსენებელი ნინო ენუქიძე

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის მოადგილე

 

 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსის მოადგილეს ხათუნა კაპანაძეს.

ხათუნა კაპანაძე – საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისათვის წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამთავრობო პროგრამა – ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის თანდართული შემადგენლობა. აღნიშნა, რომ დარგობრივი სფეროდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილურ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩემთვის დიდი პატივია შევხვდე პარლამენტის იმ კომიტეტს, რომელიც კურირებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროს და კომიტეტთან ერთად განვიხილო ის საკითხები და ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. კომიტეტისთვის კარგადაა ცნობილი ის პოლიტიკა და მიდგომები, რასაც მთავრობა წარმატებულად ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ჯანდაცვის სფეროში ყალიბდება საკმაოდ ჯანსაღი და მდგრადი სისტემა, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს თავის ვალდებულებას – არეგულიროს სფერო და კონტროლი გაუწიოს მას, ხელი შეუწყოს მის განვითარებას, მაგრამ იმავდროულად აქცენტი კეთდება საიმისოდ, რომ მოქალაქეების ჯანდაცვის უზრუნველყოფაში სახელმწიფომ შეასრულოს თავისი წილი ტვირთისა. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად, კერძო ბიზნესი ამას წარმატებით ახორციელებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ იხსნება ახალი საავადმყოფოები და ჩვენი მოქალაქეებისათვის შესაძლებელი ხდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამის შემდეგ დღის წესრიგში დგება შემდეგი საკითხები: 1) რამდენად შეუძლია საკუთარი ფინანსებით მოქალაქეს ახალ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს შესაბამი სამედიცინო მომსახურება; 2) რამდენად შეესაბამება იქ მომუშავე პერსონალის კვლიფიკაცია იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ამავე დროს სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს კვალიფიცირებულ ექიმს და სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რადგან სამედიცინო რეფორმა პოზიტიურად უნდა აისახოს პაციენტზე, სამედიცინო პერსონალზე და საავადმყოფოს მფლობელებზე. ჩვენ განწყობილი ვართ თანამშრომლობით კერძო ბიზნესთან, რადაგანაც ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია ბიზნესის განვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროშიც. სახელმწიფოს ამოცანაა – ის რაც იქმნება, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სფერო გახდა მრავალპროფილიანი, გვყავს სადაზღვეო კომპანიები და მზარდი ჰოსპიტალური სექტორი, კიდევ უფრო იზრდება სამინისტროს როლი, როგორც რეგულატორისა და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის კონტროლს.   ხარისხისა და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ამოცანაა გადაიდგას ნაბიჯები ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სადაზღვეო კომპანიებისა და სამედიცინო უნივერსიტეტების თანამშრომლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ამაში იგულისხმება ის, რომ სამედიცინო ხარისხის კონტროლისას სახელმწიფო არ უნდა იყოს მხოლოდ მაკონტროლებელი, არამედ სახელმწიფომ თავად უნდა შესთავაზოს კვალიფიკაციის ამაღლების გარკვეული სტანდარტი ამ სფეროს და თავადაც უნდა დაეხმაროს ბიზნესს. იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ადექვატურად უპასუხებს კერძო ბიზნესიც და მისი წარმომადგენლები ჩადებენ სერიოზულ ინვესტიციებს ექიმების გადამზადებაში.

პრიორიტეტულია სოციალური სფერო. ამ სფეროში ჩვენ შევედით დაზღვევით და აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ სახელმწიფო დახმარების ფარგლებში სადაზღვეო კომპანიები ანაზღაურებენ იმ სამედიცინო მომსახურებას, რასაც სადაზღვეო პოლისის მფლობელები მიიღებენ სამედიცინო დაწესებულებებში. პარლამენტში უკვე იყო საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის სადაზღვეო პოლისებს მიიღებენ პენსიონერები და 0-6 წლამდე ბავშვები. ჩვენი ამოცანაა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანებისადმი სახელმწიფომ მაქსიმალურად გამოხატოს თანადგომა და სოლიდარობა. იმის გამო, რომ იქმნება ახალი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, საზოგადოებაში უფრო გამყარდება რწმენა იმისა, რომ აზრი აქვს სადაზღვეო პოლისის შეძენას. საბედნიეროდ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად ფართოვდება ადამიანთა ის წრე, რომელთაც შეუძლიათ თავისი ხარჯით შეიძინონ სადაზღვეო პაკეტი. ეს კი გამოიწვევს სადაზღვეო სექტორის განვითარებას. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო არასოდეს არ დატოვებს უყურადღებოდ იმ ადამიანებს, რომელთაც თავისი ხარჯით არ შეუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ჩვენი მოქმედების პრინციპია ამ ადამიანების მიმართ თანადგომა და სოლიდარობა. მინდა აღვნიშნო, რომ მარტოხელა ხანდაზმულებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

აზრი გამოთქვეს:

მაგდა ანიკაშვილი – დღესდღეობით დღის წესრიგში მწვავედ დგას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხი და რადგანაც სახელმწიფო აქცენტს აკეთებს სადაზღვეო პროგრამების გაფართოებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია დაზღვევა რეალურად იძლეოდეს სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას. სადაზღვეო პოლისები არაა დაკომპლექტებული ისე, რომ ადამიანს აძლევდეს მკურნალობის საშუალებას. ამავე დროს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის უნდა არსებობდეს მათ საჭიროებებზე მორგებული პოლისები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის საჭიროებას, რადგანაც სადაზღვეო კომპანია დაზღვეულს ხშირად ეუბნება უარს ამათუიმ სერვისის დაფინანსებაზე. ქალბატონმა მაგდა ანიკაშვილმა ისაუბრა ონკოლოგიისა და კარდიოქირურგიის სახელმწიფო პროგრამების ხარვეზებზე.

გიორგი წერეთელი – გაგრძელდება თუ არა თანამშრომლობა კერძო სადაზღვეო კომპანიებთან და ზოგადად კერძო სექტორთან იმისათვის, რომ სწორი არტიკულირებითა და რეკლამირებით მათთან ერთად მოინახოს გზები, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვისა ამ სქემებში. ამავე დროს სოციალური დაცვის პროგრამებში მოსახლეობის ჩართვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ საკითხებში?

ოთარ თოიძე – მოხსენებაში თქვენ ხაზი გაუსვით კერძო სექტორის მნიშვნელოვან როლზე ჯანდაცვის ახალი სისტემისა და სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად უბიძგებს ხელისუფლებას, რომ სამინისტროს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდოს იმისათვის, რომ ბალანსი მოსახლეობის მოთხოვნილებასა და ქვეყნის ინტერესებს შორის იყოს მნიშვნელოვნად დაცული. ამ ბალანსის დარღვევაზე მიგვითითებენ, როცა ლაპარაკია მოთხოვნილებაზე, რა არის სადაზღვეო პოლისში ჩადებული, რა არის მოსახლეობის მოთხოვნილება და რამდენად შევძლებთ ამის დაკმაყოფილებას. აქ ერთ-ერთი გასასვლელი ვიწრო გზა მდებარეობს ექიმების ფართო ჩართვით კერძო ბიზნესთან ერთად. კერძოდ, მხედველობაში მაქვს გაიდლაინებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს. ფიქრობს თუ არა სამინისტრო უახლოეს მომავალში აუცილებელია რომ შეიქმნას საბაზისო გაიდლაინების სისტემა, რომელიც ასახვას ჰპოვებენ სწორედ ამ სადაზღვეო პაკეტებში, როგორც სამედიცინო შემადგენელი კომპონენტი და მეორე, მართვის კომპონენტი, ჩვენ გვჭირდება მაღალი რანგის სპეციალისტები – სადაზღვეო სისტემის მცოდნე და ასევე სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის კუთხით.

ზურაბ ჭიაბერაშვილი – კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა შეკითხვებისათვის და კომენტარებისათვის და პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.

აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფო სადაზღვეო სექტორს უხდის თანხას მოქალაქეთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის, ბუნებრივია სახელმწიფო მუდმივად, ძალიან ფრთხილად და ყურადრებით ადევნებს თვალყურს, თუ რამდენადაა ეს მოთხოვნილება უზრუნველყოფილი და იმავდროულად აწარმოებს დიალოგს სადაზღვეო სექტორთან, რათა უფრო მეტი ხარისხიანი მომსახურება იყოს გაწეული არსებული თანხის ფარგლებში. მე როგორც მინისტრი ვაპირებ ამ დიალოგის გაგრძელებას სადაზღვეო სექტორთან.

გადაიხედება სოციალურ პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობაც. კერძო დაზღვევის გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანაში უფრო გააფართოებს სექტორს და უფრო მეტი ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები გაჩნდება. ძველი სამედიცინო დაწესებულებები არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. როცა საავადმყოფოები განკერძოებულია სახელმწიფოს ჭირდება ძალიან კარგად გააზრებული სისტემა. აქ აქცენტი გადატანილი უნდა იქნას მედიაციის სამსახურზე, რომლის მთავარი ამოცანა იქნება, რომ მოქალაქეს რა ეტაპზეც არ უდა შეექმნას პრობლემა – სამედიცინო დაწესებულებასა, თუ სადაზღვეო სექტორში - მედიაციის სამსახურის მეშვეობით უნდა იქნას დაცული მოქალაქის უფლებები და ინახოს რამ წარმოშვა ეს პრობლემები. თუ ადგილი ექნა სისტემურ პრობლემას, სახელმწიფოს დღეს შესწევს ძალა ჩამოაყალიბოს შესაბამისი მიდგომა და პოლიტიკა. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის პირობებში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადამწყვეტია ექიმებისა და ზოგადად სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია. სამედიცინო სფეროში სწორი მენეჯმენტის დანერგვის შემთხვევაში ჰოსპიტალური სექტორის მენეჯერებსა და ექიმებს მოტივაცია ექნებათ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე.

ჯანდაცვის სისტემაში აუცილებელია ელექტრონული ანკეტების, ე.წ. ავადმყოფობის ისტორიის შექმნა, რაც სერიოზულ ფინანსურ სახსრებსა და მუშაობას მოითხოვს. პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის, ელექტრონული ანკეტების არსებობა ეფექტურს გახდის სამედიცინო კონტროლს. უნდა იყოს ერთიანი მონაცემები ამა თუ იმ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ექიმის სრულყოფილ ინფორმირებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებასაც არ უნდა მიმართოს პაციენტმა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი ნდობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას – ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”

 

ნინო ენუქიძე -  წარმოადგინა საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი ”ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ” კონვენციის 2005 წლის 8 ივლისის შესწორებასთან შეერთების შესახებ. აღნიშნა, რომ საქართველო 2006 წლის 7 სექტემბერს მიუერთდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) კონვენციას ”ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის შესახებ”, რომელიც აწესებს ბირთვულ მასალებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ზომებს. 2005 წელს საერთაშორისო დიპლომატიურმა კონფერენციამ შეიმუშავა კონვენციის ტექსტის შესწორება, რომელიც მხარეებისათვის სავალდებულოს ხდის ბირთვული ობიექტებისა და მასალის დაცვას მისი მშვიდობიანი შიდა გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს. შესწორება აუმჯობესებს მხარეებს შორის თანამშრომლობას მოპარული ან/და კონტრაბანდული ბირთვული მასალის ამოღების, საბოტაჟის რადიოლოგიური შედეგების ლიკვიდაციის, შესაბამისი დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით. კონვენციის მხარის 145 ქვეყნიდან აღნიშნული შესწორება რატიფიცირებულია 52 ქვეყნის მიერ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და პარტნიორი მთავრობები რეკომენდაციას გვიწევენ განვიხილოთ შესწორებასთან მიერთების საკითხი. ზემოააღნიშნული შესწორება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ევროკავშირის დირექტივებს, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი ”ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ” 2005 წლის 8 ივლისის კონვენციის შესწორებასთან მიერთებას.

კო კო 

 

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი