ოქმი #106

                                                                                   საქართველოს პარლამენტის

                                                                                         ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ აკითხთა

                                                                             კომიტეტის სხდომის

                                                                         ოქმი #106 

                                                                                                                                 2 დეკემბერი

 

                                               

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: მ. ანიკაშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 გ. ენუქიძე

                 ზ. გამცემლიძე                 

                 ჯ. ბაღათურია

                 ა. ლეკაშვილი                                         

 

დღის წესრიგი

1.    საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი; "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ”; "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებელიზვიად კუკავა

საქართველოს პარლამენტის წევრი

2.    საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება: "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ"

მომხსენებელირუსუდან კემულარია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

3.    საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარმოდგენილი გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენცია ”მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ”

მომხსენებელიდიმიტრი ძაგნიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

4.    აივ ინფექცია შიდსი მსოფლიოში და საქართველოში. მიღწევები და პერსპექტივები.

მომხსენებელითენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისშიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

   სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და პირველი საკითხის მოსახსენებლად სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ზვიად კუკავას.

   ზვიად კუკავა – წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს თითოეული სამოქალაქო აქტის არსს, რეგისტრაციის წესსა და პირობებს. მთელი რიგი საკითხების დარეგულირებისათვის საჭირო გახდებოდა მოქმედი კანონის უმეტესი ნორმის შეცვლა, აღნიშნული კი კანონს ძნელად აღსაქმელს გახდიდა. ამის გამო მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შემუშავებულიყო ახალი კანონპროექტი, რომლის ძირითადი სიახლეებია: ზოგადი ნორმების ამსახველი დებულებების გაერთიანება კანონპროექტის ერთ თავში და საკვანძო ცნებების განმარტება; სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების რეკვიზიტების, ბლანკების ნიმუშების და გაცემის წესის განსაზღვრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით; სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებების დადგენა, რითაც ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება – სააგენტოს მოთხოვნით წარუდგინოს მას კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია. სასამართლოს ვალდებულება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარუდგინოს თავიანთი გადაწყვეტილებები; დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვაზე ვალდებულ პირთა წრის გაფართოება; ნაპოვნი ბავშვის რეგისტრაციის წესის ცვლილება, რომელიც ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძვლად ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვას დაბადების რეგისტრაციის შესახებ; ახლებურადაა ჩამოყალიბებული მკვდრადშობილი ან დაბადებისთანავე გარდაცვლილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია; შვილად აყვანის დროს მონაცემების შეცვლის შესაძლებლობა და სხვა.

   ”სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტები ითვალისწინებენ ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონით ძალადაკარგულად გამოცხადებული ”სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე ჩანაწერების შეცვლას ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმით.

   აზრი გამოთქვეს

   თოიძე – აღნიშნა, რომ   ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა სერვისებზე (შესაბამისად ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფილებაზე) მსჯელობისას მთავარ პარამეტრად საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს რამოდენიმე მაჩვენებელს, მათ შორის "მკვდარშობადობას”. ამ პარამეტრის მნიშვნელობა ძალზე დიდია, ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა წევრ ქვეყნებს და ასახა "დაავადებათა და სიკვდილის მიზეზთა კლასიფიკაციაში” ამ პარამეტრის განმარტება. მისი სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან რაიმე ცვლილება გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს ჯანდაცვის ორგანიზაციის მართვის, დაგეგმვის და ბიუჯეტირების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ უკვე წავაწყდით 2005 წელს ”სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების გამო.

   გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი და მასთან არსებული დემოგრაფიული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო მიიჩნევს, რომ მკვდრადშობილი ნაყოფის დეფინიციად გამოყენებულ უნდა იქნას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული განსაზღვრება. მოქმედ კანონში და კანონპროექტში მოყვანილი განმარტება დაბადებიდან 3 წუთიანი ლიმიტი ნაყოფის მკვდრადშობადობის განსაზღვრისათვის გაუგებარი, დამაბნეველი და დაუსაბუთებელია და არ გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში. ამის ნაცვლად სადისკუსიოდ მიგვაჩნია მინიშნება, რომ თუ ნაყოფი სრული გამოძევებიდან ავლენს სიცოცხლის რომელიმე ნიშანს (გულისცემა, სუნთქვა, ჭიპლარის პულსაცია) და მისი რეანიმაცია უშედეგოა, სწორედ ასეთი ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს მკვდარშობილად. აქედან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ "სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მე-3 მუხლს "ტერმინთა განმარტება” უნდა დაემატოს ტერმინი "მკვდრადშობილი ნაყოფის” დეფინიცია. კერძოდ, პროექტის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ) პუნქტი:

   "მ) მკვდრადშობილი ნაყოფი - ნაყოფი, რომლის სიკვდილიც, მიუხედავად იმისა, რა ხანგრძლივობის არის ორსულობა, წინ უსწრებს მის სრულ გამოძევებას ან გამოყვანას დედის ორგანიზმიდან, არ სუნთქავს ან არ ავლენს სიცოცხლის რაიმე სხვა ნიშანს, როგორიცაა გულისცემა, ჭიპლარის პულსაცია ან ჩონჩხის კუნთების ცალკეული ჯგუფების შეკუმშვა.”

   კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის ძირითად პრინციპებს. რაც შეეხება მუხლობრივ შენიშვნებს, რომელიც გააჩნია "სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის 29-ე მუხლთან დაკავშირებით, კომიტეტი წარმოადგენს მისი მეორე მოსმენით განხილვისას.

   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება: "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ".

   რუსუდან კემულარია – ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ყვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს პრიორიტეტს წარმოადგენს ნორვეგიის სამეფო.

   წარმოდგენილი შეთანხმების პროექტის ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  მოდელს. მოდელის შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებულია შემოსავლების დაბეგვრა შემოსავლის წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით, შეზღუდვების გარეშე ან მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი.

   შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმების დაწესებას. საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ კანონის თანახმად (მუხლი 6), შეთანხმებას მიენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში. საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატეს იურიდიულ ძალას აღიარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსიც (მუხლი 2, პუნქტი 7). შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას.

   გადაწყვიტეს (ერთხმად): ქვეყნის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნული შეთანხმების პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებას.

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარმოდგენილი გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენცია ”მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ”, კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ. აღინიშნა, რომ კონვენცია ”მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ” მიღებულია 1954 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოთა სრულუბლებიან წარმომადგენელთა კონფერენციაზე, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1954 წლის 26 აპრილის ¹526 (XVII) რეზოლუციით. იგი ძალაში შევიდა 1960 წლის 6 ივნისს, კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად.

   გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს პრინციპული ხასიათის შენიშვნები არ გააჩნია აღნიშნული კონვენციის თაობაზე და მხარს უჭერს მის რატიფიცირებას.

თენგიზ ცერცვაძე – ისაუბრა აივ\ინფექცია შიდსის გავრცელებაზე მსოფლიოში. აღნიშნა, რომ შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. დღეს მსოფლიოში აივ ინფიცირებულია 34 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად აღინიშნება აივ ინფექციის 2,7 მილიონი შემთხვევა. ეპიდემიის დაწყებიდან შიდსით გარდაიცვალა 25 მილიონი ადამიანი. საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 2004 წლიდან უზრუნველყო შიდსით ავადმყოფების მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. საქართველოში 2011 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3080 შემთხვევა (2268 – მამაკაცი და 812 – ქალი), პაციენტთა უმრავლესობა 20-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 1891 პაციენტს, 680 გარდაიცვალა. 2011 წელს გამოვლინდა 389 ახალი შემთხვევა. ამჟამად არვ მკურნალობაზე იმყოფება 1075 პაციენტი (1036 მოზრდილი და 39 ბავშვი). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში რეგისტრირებულია 627 შემთხვევა. 118 პირს უტარდება არვ მკურნალობა. აფხაზეთიდან 182 პაციენტმა სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის მიმართა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს. დღევანდელ ეტაპზე ძირითად მიზანს წარმოადგენს 2015 წლისთვის მიღწეულ იქნას აივ ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევების კლება და ეპიდემიის უკუგანვითარება.


 ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი

 
modules