| ოქმი #96 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #96
17 ივნისი 2011 წელი სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე
ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი მ. ანიკაშვილი გ. გოდაბრელიძე ზ. გამცემლიძე ჯ. ბაღათურია გ. გოგუაძე ა. ლეკაშვილი მ. სანებლიძე
დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” (პირველი მოსმენა) მომხსენებელი: დავით ლომიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს დავით ლომიძეს. დავით ლომიძე – კანონპროექტი მიზანად ისახავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ”ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის” გადატანას სხვა კომპეტენტური სამინისტროს მმართველობის სფეროში, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, ცვლილებები შედის ”არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ”, ”სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ”, ”ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” და ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებში. ”არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, ქვეყანაში არასამხედრო, შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების მაკოორდინირებულ და შესაბამის კომპეტენტურ სამსახურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ”ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონში 24-ე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ”ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო თუ ადგილობრივი სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები”. აღნიშნული გაამარტივებს ვეტერანებისათვის განკუთვნილი სოციალური გასაცემლების დანიშვნა-გაცემას ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით. კანონპროექტის გარდამავალი დებულებების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, რომლებითაც რეგულირდება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების საკითხები, გარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მისი სამსახურების ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი დებულებებისა, ძალაში რჩება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტების გამოცემამდე. ასევე განსაზღვრულია ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისატვის 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი ასიგნებების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადასაცემად.
გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” ძირითად პრინციპებს და მომზადებულად მიიჩნევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე
მანანა კრავეიშვილი სხდომის მდივანი |






