ოქმი #89

საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

                      კომიტეტის სხდომის

 

                 ოქმი #89

 

                    "10" მარტი 2011 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე  

 

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 ზ. გამცემლიძე

                 ა. ლეკაშვილი

                 მ. სანებლიძე

                 ჯ. ბაღათურია             

                         

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”

მომხსენებელიდიმიტრი ძაგნიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” – მესამე მოსმენით განხილვა

მომხსენებელირუსუდან კემულარია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განსახილველად სიტყვა გადასცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ძაგნიძეს.

დიმიტრი ძაგნიძე - ”ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურების და ინფორმაციული სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას; საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღებას, გადაცემას და თავსებადობას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით; განსაზღვროს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების სფეროში. კანონპროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში (ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო და ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება) იქმნება  არსებული და შექმნილი მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების ერთიანი კატალოგი – ”ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი”, რომლის მიზანია აღწეროს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო რესურსები, დაადგინოს ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტები და ამ სფეროში გაატაროს საჯარო რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე მიმართული ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა. გათვალისწინებულია საჯარო სექტორში არსებული მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების მნიშვნელოვანი ცვლილების, განვრცობის, კომბინირების გაუქმების, არქივირებისა და გადაცემის შეტყობინების ვალდებულება რეესტრის მართვის პასუხისმგებელი დაწესებულებისათვის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის. აღსანიშნავია, რომ მონაცემები კერძო სამართლის სუბიექტების მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების შესახებ არ შედის და არ მუშავდება ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულება გაკონტროლდება წერილობითი შეტყობინებებით და გარკვეულ ქმედებათა განხორციელების რეკომენდაციებით.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ”ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და მხარს უჭერს მისი მესამე მოსმენით განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი

 
modules