ოქმი #87

                     საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

                                                                             
                ოქმი #87 

                                                                                                                                                                 4 თებერვალი   2011წ.

სხდომის თავმჯდომარე:

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                              ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        ს. ქიტიაშვილი;

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  მ. სანებლიძე;

                                                  ჯ. ბაღათურია,

                                                  გ. მისაბიშვილი,

                                                  გ. გოგუაძე.

                                დღის წესრიგი

 

 

  1. საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ.კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”(¹07-3/394;25.01.11)

მომხსენებელი: კ.ანჯაფარიძე

2. საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპიული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”(¹07-3/397;28.01.11)

მომხსენებელი: ა. ალავიძე.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი(¹19; 21.01.2011): " საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”(¹07-1/262; 21.01.11)

მომხსენებელი: ნათია მიქელაძე _საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება(¹1/18; 21.01.2011): "საქართველოს მთავრობასა და კატარის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”(¹07.1/261;21.011).

    მომხსენებელი: ნათია მიქელაძე_ ფინანსთა მინისტრის მოადგილე

5.  საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/399;20.12.2010) "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”( ¹07-1/258;20.12.10)

                                                          მომხსენებელი: ირაკლი გორდულაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.

6.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (¹1/15,28.01.110 "ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (07-2/276.28.01.11)

მომხსენებელი: ირინა ქურდაძე_განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

    კომიტეტის სხდომა გახსნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. მან დამსწრეთ წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სთხოვა დამსწრე პირებს გამოეთქვათ აზრი დღის წესრიგთან დაკავშირებით. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ სთხოვა სხდომის თავმჯდომარეს დღის წესრიგში შეეტანათ საქართველოს კანონპროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

   სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ირინა ქურდაძეს, რომელმაც კომიტეტს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ზოგადი განათლების შესახებ"საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეატანის თაობაზე.

    ირინა ქურდაძე: კანონპროექტის მიღების მიზანია მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულის პრევენცია და აღმოფხვრა. მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის ურთიერთდაპირისპირების პრევენცია, ცივი იარაღის ტარების, ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია და აღმოფხვრა. მეორე ცვლილება ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის ერთიანი წესის შემოღებას. ეს წესი დადგენილი არ იყო და მოსწავლეებს თავისუფლად შეეძლოთ სკოლიდან სკოლაში გადასვლა, რაც პრობლემებს უქმნიდა  როგორც სკოლებს, ასევე სამინისტროს _ ვაუჩერული დაფინანსების გამო.

   კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: ო. თოიძემ, გ.ლეჟავამ და ჯ. ბაღათურიამ.

   ოთარ თოიძემ აღნიშნა, რომ კომიტეტს პრინციპებთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია,მაგრამ საყურადღებოა,რომ მანდატურები განსხვავებულ განათლებას თუ არა, ბავშვებისადმი  განსხვავებულ მიდგომას მაინც უნდა ფლობდნენ. მანდატურები ბავშვებისათვის ავტორიტეტები არიან და მათ აუცილებლად სჭირდებათ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება.

  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირინა ქურდაძემ აღნიშნა, რომ მანდატურები შესარჩევი ტურის გავლის შემდეგ გადიან გადამზადების სპეციალურ კურსს.

  ჯონდი ბაღათურია: ზოგადი განათლების მთავარი ამოცანა ხარისხიანი განათლების მიღება უნდა იყოს. ძალიან დიდი დრო და ენერგია იხარჯება ახლი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ ასევე აუცილებელია ვიფიქროთ მოსწავლეებისათვის საჭირო სახელმძვანელოების უზრუნველყოფაზე. კარგია, რომ სკოლები ერთ პროგრამაზე გადადიან, მაგრამ ისიც უნდა შევძლოთ, რომ ერთი კლასიდან მეორე კლასში გადასვლისას გამოყენებულ იქნას ერთი სახელმძღვანელო. ეს არ იქნება ყოველწლიური ხარჯი.

  გელა ლეჟავა: ყველა დანაშაულს ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ადამიანი სჩადის. კარგია მანდატურის ინსტიტუტის შემოღება, მაგრამ სასურველია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც. ცნობილია, რომ ყველა მე-8 ბავშვს სჭირდება პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური სპეციფიკური დახმარება. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ყველა მე-12 ბავშვი საჭიროებს უფრო სპეციალიზებულ კონსულტაციას. ყველა სკოლაში უნდა იყოს გამოცდილი ფსიქოლოგების, პედაგოგების ჯგუფი, სადაც შეიძლება პირველადი პრობლემის მოგვარება. ეს თუ არ ჩამოყალიბდა, მხოლოდ ძალადობრივი ვარიანტი არ იმუშავებს. სკოლაში უნდა იყოს პირველადი უჯრედი ფსიქოლოგის, პედაგოგის და მანდატურის მონაწილეობით.

   ირინა ქურდაძე: მანდატურის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი და არა ერთად-ერტი ინსტიტუტი. ადრე იყო ეს გამოცდილება, სკოლაში იყო ფსიქოლოგი, თუმცა არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი და დახმარებაც არ იყო ქმედითი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად

მუშაობს ფსიქოლოგის სტანდარტზე, მუშაობაში  ჩართულნი არიან ექსპერტები და სპეციალისტები.

   2010 წელს  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან  ერთად შემუშავდა რეფერალური პროგრამა. ერთობლივად შემუშავდა სტრატეგიული გეგმა. გეგმის შესაბამისად დაგეგმილია მთელი რიგი კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება იწყება 2011 წელს.

    რაც შეეხება განათლების ხარიხს, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი. განათლების ხარისხის ამაღლება შედგება სხვადასხვა კომპონენტისაგან. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა, ეს არის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება.  ეს ეხება სახელმძვანელოებსაც. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე იცვლება გრიფირების წესიც. ეს შეეხება როგორც ტექნიკურ პარამეტრებს, ასევე შინაარსობრივ მხარეს. რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, სახელმწიფო მასწავლებელს ურიგებს უფასო ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც ის გადის ტრენინგებს.

  ჯონდი ბაღათურია: 2004 წელს გატარებული რეფორმის გამო ბევრმა მოსწავლემ ვერ ისწავლა ისტორია, ფიზიკა, ქიმია. იყო აქცეტი, რომ ჩასაბარებლად არ იყო საჭირო.  ახლა მათ ვეუბნებით, რომ პასუხი უნდა აგონ. გამოცდა სწორია, ყოველ წელს უნდა აბარებდეს მოსწავლე, მაგრამ ვინც ვერ ისწავლა არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკის გამო მათ ნუ ვაგებინებთ პასუხს.

  ირინა ქურდაძე: სახელმწიფოს შეეძლო ეთქვა, რომ დღეს ვინც, მე-7, მე-8 კლასშია ის ჩააბარებს გამოცდებს, მაგრამ ამ თაობას ვუთხრათ, რომ დაკარგული თაობაა? არა, მათ უნდა ისწავლონ. სკოლაში შემოვიდა აბიტურის საათები. წელიწადნახევარი საკმარისია იმისათვის, რომ რამე ისწავლონ. წელს საატესტატო გამოცდებზე მოთხოვნა იქნება მინიმალური. ახალგაზრდების მოტივაცია არის გაზრდილი, ისინი ამბობენ, რომ მათ შესძლეს ცოდნის გაღრმავება.

    კომიტეტმა ამოწურა რა წარმოდგენილი საკითხის განხილვა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაეჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს პრინციპების დონეზე და შენიშვნები სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებით გაეგზავნება წამყვან კომიტეტს მეორე მოსმენისათვის.

   შემდეგი საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და 

და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"კომიტეტს წარუდგინა დეპუტატმა კახა ანჯაფარიძემ.

   კახა ანჯაფარიძე: ძალიან პატარა ცვლილება შედის კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პირს რომელმაც ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული ჩამოერთმევა გარკვეული უფლებები კანონით განსაზღვრული ვადით. კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას მოხდეს ჩამორთმეული ვადის კორექტირება, ან საერთოდ გათავისუფლება. შესაბამის ორგანოებს პიროვნებიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

   ჯონდი ბაღათურია: განზრახვა კეთიშობილურია, თუმცა უნდა ვთქვა, რომ უფრო მოზომილები და ჰუმანურები უნდა ვიყოთ ნარკომანებისა ან ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ. სახელმწიფო მათ მიმართ არ უნდა ატარებდეს მარტო რეპრესიულ ღონისძიებებს. ნარკომომხმარებელმა თუ დანაშაული არ ჩაიდინა, მხოლოდ თავის თავს აყენებს ზიანს. ნარკომანების მიმართ უფრო ლმობიერები უნდა ვიყოთ. ის დანაშაულს ავადმყოფობის გამო სჩადის. ჩვენ მხოლოდ რეპრესიულ მეთოდებზე არ უნდა ვიფიქროთ.   საზოგადოებამ გაგვასწრო კანონმდებლებს და ისინი მიაჩნიათ ავადმყოფებად. 

   კახა ანჯაფარიძესახელწიფო მუშაობს ერთიანი ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე. რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულს, ის წამლის საყიდლად მიდის შავ ბაზარზე და ეს უკვე დანაშაულია. რაც შეეხება უფლების ჩამორთმევას,

ეს არის მძლავრი მექანიზმი და ეს არ არის ნარკომანის დასჯა, ამით სახელმწიფო საზოგადოებას იცავს. ამ კანონის საშუალებით თუ ადამიანი გამოსწორდება, იმკურნალებს, არის შესაძლებლობა, რომ ყველა სანქცია შემცირდეს.

   ჯონდი ბაღათურიათუ ეს არ იქნება ავტომატური და ინდივიდუალურად გადაწყდება, მაშინ ვეთანხმებით. მაგრამ რატომ საპროცესო შეთანხმებით, ფულს რატომ ვახდევინებთ? მაშინ ბოლომდე ვიყოთ სოლიდარულები.

   შენიშვნას დაეთანხმა მომხსენებელი და აღნიშნა, რომ ცვლილება შეეხებათ იმ პირებს რომლებიც არიან მსჯავრდებულნი და შეეხოთ ამნისტია, ან შეწყალება.

   კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით.

   დღის წესრიგით  გათვალისწინებული შემდეგი საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპიული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომიტეტს განსახილველად წარუდგინა პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ.

   ანდრო ალავიძე"უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპიული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის შენიშვნის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ "ამ ცხრილით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციების) და არა მათი წამლის ფორმები", რაც იმას ნიშნავს რომ ოდენობები განსაზღვრულია და, შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ ცხრილში შეტანილი ნივთიერებების (სუბსტანციების) და არა მათი წამლის ფორმების  (ტაბლეტი, ამპულა, კაფსულა და სხვა) უკანონო ბრუნვაზე. ამრიგად, აღნიშნული პუნქტის არსებული რედაქციით მოქმედების შემთვევაში იკარგება ფსიქოტროპული ნივთიერება "თიანეფტინ"-ის ცხრილში არსებობისა და მისი ოდენობის განსაზღვრის აზრი, ვინაიდან ამ უკანასკნელის შემთხვევაში უკანონო ბრუნვისა და მოხმარების თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს სწორედ "თიანეფტინის" სხვადასხვა სავაჭრო დასახელების ("კოაქსილი", "სტაბლონი",  "ტატინოლი" და სხვა) წამლის ფორმის უკანონ ბრუნვა და არა ნივთიერება  სუბსტანცია), რომლის საქართველოში მიმოქცევას პრაქტიკულად არ აქვს ადგილი.

   პროექტი ითვალისწინებს დადგენილების თანდართული ნუსხის "შენიშვნების"შესაბამისი პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას: "ამ ცხრილით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოს სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების _ თიანეპტინის შემცველი პრეპარატებისა."

   საკითხის განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა და კომიტეტმა მიიღო გადაწვეტილება მხარი დაეჭიროს ინიცირებული დადგენილების განხილვას პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე.

   დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”კომიტეტს წარუდგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გორდულაძემ.

   ირაკლი გოდულაძეკანონპროექტის მიღება განაპირობა მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესში არსებული ხარვეზის არსებობამ. მოქმედი კანონით (მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტები და მე-15 მუხლი), მოქალაქის სამხედრო აღრიცხვზე ასაყვანად საჭიროა მოქალაქის სამედიცინო შემოწმება და მისი სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენა. ვინაიდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ისედაც ხორციელდება წვევამდელის ვარგისიანობის ხარისხისა და კატეგორიის დადგენა, აღრიცხვის დროს სამედიცინო შემოწმება პრაქტიკულად წარმოადგენს დამატებით ღონისძიებას, რადგან შესაძლებელია მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლა. აღნიშნული ცვლილების მიზანია სააღრიცხვო პროცესი გახდეს მარტივი და დიმნამიური და მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა.

   პროექტი შეიმუშავა "საქართველოს სამხედრო სამსახურში გაწვვევის, სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და მობილიზაციის მართვის სისტემების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის წინადადებათა მომზადების მიზნით, სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის ¹427 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ.

    კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა და კომიტეტმა შენიშვნების გარეშე პროექტი მომზადებულად ჩათვალა პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

    საკითხის ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნათია მიქელაძეს.

     ნათია მიქელაძემ კომიტეტს წარუდგინა  საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი  "საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”და ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და კატარის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”.

     კომიტეტს შეთანხმებების მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს და მხარი დაუჭირა მათ პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.

     ასევე ნათია მიქელაძემ I მოსმენით წარადგინა კანონპროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

     ნათია მიქელაძე: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ იმ პირთა წრის განსაზღვრის აუცილებლობით, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დაექვემდებარებიან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, აღნიშნულ პირთა წრე უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საკითხის უფრო ეფექტურად და მოქნილად დარეგულირების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული პირები განისაზღვროს თვით "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით. იგივე შეიძლება ითქვას იმ პირთა განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებითაც, რომელთა გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაცია უნდა დაენიშნოს გარდაცვლილის არასრულწლოვან შვილებს და შრომისუუნარო მეუღლეს. ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საკითხი დარეგულირდეს თვით "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’ საქართველოს კანონით და არა საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტი ეხება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ 20 წლის საქმიანობის სტაჟი და დაითხოვეს სამსახურიდან. საუბარია სულ 8-10 კაცზე.

    კანონპროექტთან დაკავშირებით  აზრი გამოთქვა გიორგი გოდაბრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ბუნდოვანი ჩანაწერის გამო პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში. ეს უწვება არსებობდა სხვადასხვა სახელით და 10 კაცს შეუქნმნა პრობლემა კომპენსაციის დანიშვნისას.

    საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტმა მიიღო გადწყვეტილება პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს კანონპროექტის I მოსმენით განხილვას და შენიშვნები წარადგინოს II მოსმენისათვის.

კომიტეტის თავმჯდომარე

ოთარ თოიძე

სხდომის მდივანი: ინგა ბიწაძე.